"შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
“რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში პროცესები ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. საბოლოოდ ირანის რეჟიმი რომ დამარცხდება, თითქმის დარწმუნებული ვარ. თუმცა მთავარი კითხვაა, რის ფასად დაუჯდება ეს სამყაროს.
თუ ყველაფერი შედარებით მოკლე ან საშუალო პერიოდში დასრულდა, ვფიქრობ, მსოფლიო დალაგდება ისე, როგორც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, იდეალური არ იქნება, მაგრამ ცივილიზებული სამყარო დაიბრუნებს დომინაციას საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, თანასწორობისა და თავისუფლების პრინციპებზე დაფუძნებით. შესაბამისად, ახალი გლობალური წესრიგი უფრო უკეთესი იქნება. თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა და ამოსუნთქვის საშუალება მიეცა ირანსა და მის ავტორიტარული რეჟიმის მქონე პარტნიორებს, მაშინ შესაძლოა გაჩნდეს დამატებითი სირთულეები. იმედია, საქმე აქამდე არ მივა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!
“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად პოზიტიური ამ დრამატულ ისტორიულ მომენტში არის ის, რომ რუსეთი ამ დიდ გლობალურ პროცესებში საკუთარ პოლიტიკურ იმპოტენციას აჩვენებს. მას მოუწია თავისი პარტნიორი ვენესუელა ისე დაეთმო, რომ ვერაფერი გააკეთა. ახლაც პრაქტიკულად პარალიზებულია ირანთან დაკავშირებულ პროცესებში. შესაძლოა კულუარებში რაღაცას ცდილობს, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის ირანს, თუმცა რეალურად მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამით მსოფლიო კარგად ხედავს, რომ რუსეთის პრეტენზია ზესახელმწიფოს სტატუსზე და მისი იმპერიული ამბიციები რეალურ საფუძველს მოკლებულია... ომში ირანი ერთგვარ ტერორისტულ ტაქტიკას მიმართავს. მათ, ფაქტობრივად, 12 ქვეყანა გახადეს ამ ომის მონაწილე. თითქოს ომის მხარეები ცნობილია, მაგრამ ირანი ცდილობს გააფართოოს კონფლიქტის მასშტაბი და მძევლად აიყვანოს მთელი რეგიონი. ამას სრულიად უსაფუძვლო არგუმენტებით ამართლებენ, თუმცა ეს კლასიკური ტერორისტული ქცევაა - როდესაც მძევლებს აიყვან იმისთვის, რომ შედეგს მიაღწიო. სამწუხაროდ, ჩვენ ამ რეგიონში ვართ. მართალია, ირანთან პირდაპირი საზღვარი არა გვაქვს, მაგრამ არსებობს ლოჯისტიკური ხაზები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“თქვენ ახსენეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლითაც ნავთობი ისრაელსაც მიეწოდება და სავსებით ბუნებრივია, რომ ეს ინფრასტრუქტურა ირანის სამიზნედ იქცეს. აზერბაიჯანის განცხადებით, ეს მათ ტერიტორიაზე იგეგმებოდა, თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავთ საქართველოშიც. ეს რისკები ნამდვილად არსებობს. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ირანის რეჟიმისგან - და არა ირანელი ხალხისგან _- მომდინარე პოტენციური საფრთხეები სათანადოდ არც გაანალიზებულა და არც გაუთვალისწინებიათ, მით უფრო, რომ ირანი რუსეთის პარტნიორიც არის და თავადაც რეგიონული იმპერიული ამბიციების მქონე სახელმწიფოა. ბოლო წლებში ჩვენ უფრო იმას ვხედავთ, როგორ არის უსაფრთხოების სამსახური საკუთარი მოქალაქეების თვალთვალით, დევნითა და შიდაპოლიტიკური პროცესებით დაკავებული. ვფიქრობ, საქართველოში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. მაგალითად, რა ხდებოდა ამ წლების განმავლობაში ქვემო ქართლში, სადაც ირანული გავლენა ძალზე გაიზარდა. როგორც ამბობენ, ბევრი ჩვენი ახალგაზრდა მუსლიმანი მოქალაქე მიჰყავდათ ირანში და ამზადებდნენ თითქოს სასულიერო მოღვაწეებად. რეალურად რა ხდებოდა იქ, ზუსტად არ ვიცით და ეჭვი მაქვს, ეს არც ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ სრულად შესწავლილი”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, გარდაბანსა და მარნეულში ფუნქციონირებდა სანქცირებული და ჯაშუშურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ირანული უნივერსიტეტის ფილიალები. ამ დაწესებულებებში რა ხდებოდა, არ ვიცით. იგივე ითქმის ირანელების დაფინანსებულ მეჩეთებზე, მედრესეებსა და საკვირაო სკოლებზე - თუ ეს ყველაფერი არ კონტროლდებოდა, ბუნებრივია, ეს რისკებს უფრო ზრდის და შესაძლოა საქართველოში გაჩნდნენ ფანატიკური ჯგუფები, რომლებიც ერთ დღეს გააქტიურდებიან. შესაძლებელია თუ არა ასეთი სცენარები? - ჩვენ ეს კითხვები უნდა დავუსვათ სპეცსამსახურებს, რომლებიც ვალდებული არიან იმოქმედონ და უპასუხონ საზოგადოების კითხვებს, რამდენად დაცულია ქვეყანა ირანის იდეოლოგიური გავლენებისგან, რაც მომავალში შეიძლება ძალიან სერიოზულ საფრთხედ იქცეს. ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში, როდესაც მე ხელისუფლებაში ვიყავი, აზერბაიჯანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ჩვენ მარტივად გავუხსენით საზღვრები ირანს. ისინი შეშფოთებული იყვნენ, რომ საქართველოში შეიძლებოდა ირანული გავლენის პლაცდარმი შექმნილიყო და გვთხოვდნენ, ეს პროცესი უფრო მკაცრად ყოფილიყო გაკონტროლებული. აზერბაიჯანი მაშინვე ხედავდა იმ საფრთხეებს, რომელთა რეალიზაციასაც ახლა ვხედავთ”, - განმარტავს ექსპერტი.
“დღევანდელი მდგომარეობით არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს იმისა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება უკან დაიხევს და შეცვლის არჩეულ პარადოქსულ პოლიტიკას. ერთი მხრივ, აცხადებენ, თითქოს მზად არიან ევროპასთან ინტეგრაციისთვის და ცდილობენ ამერიკელებთან მოლაპარაკების გზების გამონახვას, თუმცა რეალურად სრულიად საპირისპირო მიმართულებით მოქმედებენ. ფაქტობრივად, ისინი დასავლეთს ეუბნებიან: ვაღიარებთ, რომ პრობლემური პარტნიორები ვართ და ამ გზის გაგრძელებასაც ვაპირებთ, მაგრამ მიგვიღეთ ისეთი, როგორი მამაძაღლებიც ვართო. იმასაც კი არ ეუბნებიან, თქვენი მამაძაღლები ვიქნებითო, რადგან აქ რუსეთის ფაქტორი ძალიან ძლიერია. მოკლედ, ეს პოზიცია სრული აბსურდია და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან დრამატულ ვითარებას ქმნის. აშკარაა, რომ ხელისუფლების ორიენტაციაა ააშენოს რუსული ტიპის ე.წ. სუვერენული დემოკრატიის სისტემა და მათი ყველა ნაბიჯიც სწორედ ამ მიმართულებით არის გადადგმული. მეტსაც გეტყვით - ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლების აღიარება-არაღიარებას ეხება, რუსეთშიც კი არ მიუღიათ. იქაც კი არ მოქმედებს ამგვარი აბსურდული კანონი. ხელისუფლება აგრძელებს იმ კურსს, რომ მართლაც მთელ ქვეყანას გაუუქმდება უვიზო მიმოსვლის უფლება. ყოველდღიურად ევროკავშირს ლანძღავენ, ელჩებს პირდაპირ ესხმიან თავს და რატომ უნდა უნდოდეს ევროკავშირს საკუთარ სივრცეში ქვეყანა, რომელიც იმ ღირებულებებს უარყოფს, რაზეც ევროპა დგას?” - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“ შეუძლებელია რამე შეცვალოს. მოლაპარაკებები კი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაიმართება, იმიტომ რომ საქართველოს მმართველობის მოდელი და ურთიერთობების სტანდარტი ამერიკულთან შეუთავსებელია. აგიხსნით, რას ვგულისხმობ - ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მარკო რუბიო ირანზე საუბრისას ამბობდა, რომ ამ ქვეყანასთან ურთიერთობა რთულია, რადგან მას მართავს არაინსტიტუციური სულიერი ლიდერი, ხოლო ინსტიტუციურ ხელმძღვანელობასთან საუბარს აზრი არა აქვს, რადგან ის გადაწყვეტილებებს არ იღებსო. როგორც იტყვიან, “მულო, შენ გითხარი და, რძალო, შენ გაიგონეო”. დიქტატორებსაც კი ელაპარაკებიან, მაგალითად, პუტინს, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო მტრად მიიჩნევს, მაგრამ საქმე ის არის, რომ პუტინი ინსტიტუციონალიზებული დიქტატორია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და სწორედ ამიტომ ელაპარაკებიან. ამავე პრინციპით ელაპარაკებიან ლუკაშენკოსაც... აქ კი ვის უნდა დაელაპარაკონ? - ივანიშვილი თავად არ ჯდება მოლაპარაკებებზე, თუმცა რომც დაჯდეს, ოფიციალური შეხვედრების გამართვა მასთან შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით ჩიხში ვართ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“სიტუაციიდან გამოსავალი არის ივანიშვილის ინსტიტუციონალიზაცია - ის უნდა გამოვიდეს “ბუჩქებიდან” და ფორმალურად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება მოლაპარაკებების დაწყების შანსი. ეს მხოლოდ პროცესის დაწყების საფუძველი იქნება. ამ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს შანსებიც, მათ შორის მისი პირადი უსაფრთხოების, რომელიც დღეს უკვე სერიოზული რისკების ქვეშ დგას. მეეჭვება, ივანიშვილს კიდევ ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთის იმპერიას შეაფარებს თავს. რუსეთმა საკუთარი პარტნიორების მიმართ სრული იმპოტენცია აჩვენა. ივანიშვილმა უნდა იფიქროს ალტერნატიულ გზებზე - თუნდაც საკუთარი უსაფრთხოებისთვის, და თუ გულის სიღრმეში სადღაც ქვეყანაზეც ფიქრობს, მაშინ ქვეყნისთვისაც. ვიმეორებ: იმისათვის, რომ ცივილიზებულ სამყაროსთან საუბარი შესაძლებელი გახდეს, საჭიროა მისი დაბრუნება პრემიერ-მინისტრის რანგში. უნდა მოხდეს მისი როლის ფორმალიზება. მას შეუძლია მთელი ეს მდგომარეობა კობახიძეს გადააბრალოს, “ჩარეცხოს” და გარკვეული შემობრუნება დაიწყოს”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ოპოზიციური პარტიების ალიანსში გაერთიანებაზე უარი თქვა ორმა ოპოზიციურმა ძალამ: “ლელო” - ძლიერი საქართველო~ და “გახარია - საქართველოსთვის” - პასუხობს:
“ის გაერთიანება, რაც შეიქმნა, და მის მიღმა დარჩენილი “ლელო” და გახარიას პარტია ერთად, დაახლოებით ერთნაირი მხარდაჭერით სარგებლობენ. ამ პოლიტიკურ პროცესში მთავარი ის კი არ არის, ეს ძალები გამსხვილდებიან თუ არა, არამედ ის, რომ ძალა პარტიებში კი არა, ხალხშია, მასთან კომუნიკაცია კი ფაქტობრივად არ არის. ქვეყანაში მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ ვერ ხედავს სრულფასოვან ალტერნატივას - ძალას, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის არა მხოლოდ სურვილი აქვს, არამედ რეალური შესაძლებლობაც და რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანა უკეთესი იქნება. ნდობის დასაბრუნებლად აუცილებელია ხალხთან მუშაობა. არ ვიტყვი, რომ არაფერი კეთდება, მაგრამ ეს აშკარად არ კმარა. დღეს მხოლოდ ხალხია ის ძალა, რომლისაც ხელისუფლებას რეალურად ეშინია. თუ ახალი ალიანსი შეძლებს საზოგადოებრივი პროტესტის მობილიზებას, მაშინ ის შეიძლება იქცეს სერიოზულ ძალად, რომელიც მომავალში რეალურად მოახერხებს ცვლილებებს. თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ ისევ იმ მოცემულობას მივიღებთ, როცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება”.
სიახლეები
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "ამით მიანიშნა, რომ დერეფნის ძირითადი ხაზი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაივლის. საქარზთველო მას არ უხსენებია" - კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე
- ილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება, მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ქართველი ჯასტინ გეიჯის შეხვდება
- ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა
- ირანის მთავარი სამხედრო მეთაური შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ