რისთვის გამოჰყავს ხალხი "ალიანსს" 26 მაისს
“ოპოზიციური ალიანსის” მიერ დაანონსებული აქციის თარიღი ახლოვდება, თუმცა, მხარდამჭერების ნაწილმა მაინც ბოლომდე არ იცის მიზეზი, რისთვის გამოჰყავს ხალხი 26 მაისს ოპოზიციას.
ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ მიზანის დაკონკრეტება აუცილებელია, რადგან “ადამიანები ცხვრები არ არიან”. ნაწილის აზრით კი, შესაძლოა ალიანსი მიზანმიმართულად არ ახმაურებს კონკრეტულ გეგმას. ოპოზიციურმა ალიანსმა 31 მარტს “ეროვნული მობილიზაცია” დაანონსა. 10 მაისიდან ისინი რეგიონებში გასვლას და მხარდამჭერების მობილიზაციას იწყებან. 26 მაისს კი თბილისში მასშტაბური აქცია აქვთ დაგეგმილი. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება აღმოჩნდეს მორიგი “აქცია აქციისათვის” და ალიანსს მოუწოდებს, აუხსნან ხალხს, თუ რატომ უნდა გამოვიდნენ 26 მაისს ქუჩაში. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ არჩილ გამზარდიას აზრით, შეიძლება ისედაც გასაგებია რა იქნება აქციაზე და აუცილებელი არაა ოპონენტმა სტრატეგია და გეგმა გაიგოს, თუმცა, მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებაა გაიგოს სად მიდის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რისთვის გამოჰყავს ხალხი ოპოზიციურ ალიანსს 26 მაისს / ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი აქციის მიზეზისა და მიზნების დაკონკრეტებას ითხოვს.
“ჩემი აზრით, ეს ერთის მხრივ რაღაც დეკლარაციულია - თუ მასობრივი აქცია იქნება, ეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობას აჩვენებს. მართალი გითხრათ, ისედაც იდეურად ვერ ვიგებ ხოლმე სტრატეგია და გეგმა რატომ უნდა გაჟღერდეს - როცა რაღაც ტიპის ბრძოლაზეა ლაპარაკი, იმისი გეგმის გაჟღერების აუცილებლობას ვერ ვიგებ, როცა ოპონენტ მხარესაც აგებინებ რის გაკეთებას აპირებ და როგორ. სავარაუდოდ უნდა დადგეს პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების გათავისუფლების საკითხი და პლუს შეიძლება ფორმალურად პოლიტიკური მოთხოვნაც იყოს... არ ვიცი გამოსვლის მიზეზს ვინც ითხოვს რა კატეგორიიაა, რადგან ასეთ ჯგუფებში, ბუნებრივია, არიან ადამიანები, რომლებიც ამ ჯგუფების პათოსს კი არ იზიარებენ, მათ მოწინააღმდეგედ მუშაობენ-ხოლმე. შეიძლება იყვნენ ხელისუფლების მხარდამჭერებიც და ამით პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ. მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებაა, როდესაც სადღაც ეძახიან, მისთვის უფრო კარგად გააზრებული იყოს რატომ უნდა გავიდეს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
“ვფიქრობ, ეს მაინც ხელოვნური და არასწორი შეკითხვაა, რადგან აქ რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი არ უნდა იყოს და თავისთავად ლოგიკურია რა შეიძლება იყოს ამ აქციაზე - ან გამოსვლა როგორი იქნება, ან რა შინაარსის ტექსტები შეიძლება გაჟღერდეს. ნაწილობრივ უნდა დაკონკრეტდეს, რადგან თანამედროვე ურთიერთობები მეტ ღიაობას მოითხოვს. შეიძლება რამდენადმე ეს გაკეთდეს. როდესაც მთავაზობ, რომ სადღაც მოვიდე, უნდა ვიცოდე რა გინდა ჩემგან და მე რას მივიღებ შენგან. მეორე მხრივ მეტი გამჭვირვალობა ყოველთვის უფრო სასურველია”, - დაასკვნის გამზარდია. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით, გამოსვლის მთავარი მიზანი სავარაუდოდ ისაა, რომ ოპოზიციამ თავი შეახსენოს როგორც ქვეყნის მოსახლეობას, ისე უცხოელ პარტნიორებს.
“მემგონი ძირითადი საბაბი ისაა და თვითონ გამოსვლის თარიღიც ამას მიუთითებს, რომ უმეტესად უცხოელებისთვის ცხადი გახადონ, რომ საქართველოში ხელისუფლების გარდა ოპოზიციაც არსებობს. თავიანთი არსებობა აგრძნობინონ როგორც საქართველოს მოსახლეობას, ისე მათ, ვინც გარედან საქართველოს უყურებს. თუმცა, როდესაც თავს უყრიან ხალხს, უმეტესწილად მათ რაღაცას სთავაზობენ. ადამიანები ცხვრები არ არიან, დაძახილზე და ხელის წაკვრაზე არ მოქმედებენ, მათ სურვილი აქვთ თავიანთი ნაბიჯების აზრი და მიზანი გაიგონ და რა თქმა უნდა, ეს გაცხადებული უნდა იყოს. მაგრამ ასეთი განაცხადი მათ დიდი ხნით ადრე უნდა გაეკეთებინათ. 12 წელი გადის ისე, რომ ხალხმა ვერ გაიგო ოპოზიციას რა უნდა და რა გეგმით მოქმედებს. შესაძლოა ამ გაურკვევლობამ აქციაზე ნაკლები ხალხი მიიყვანოს. გაჩნდება დიდი ჯგუფი და ისედაც არსებობს, რომელიც ხელისუფლებას მხარს არ უჭერს, მაგრამ არც უაზრო ოპოზიციას უჭერს მხარს და უაზრობაა როცა ოპოზიცია ვერ ამბობს რისთვის ეძახის ხალხს. ამ უაზრობის გამო უბრალოდ სახლში დარჩებიან”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
სიახლეები
- "ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი გეოგრაფიაში ვერ ერკვევა, ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ევროპა აზიას დააკავშირო"
- "გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის ლოცვით უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მაისიდან
- "სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, სირცხვილია, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ეს იყო სისტემური დანაშაული, ამაზრზენია ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე