რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
“ოპოზიციაში კვლავ მიზნის მიღწევის გზებზე მსჯელობენ - პატიმრობეში მყოფი ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, , რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხოლოდ “ლოდინისა” და პასიური პროცესების იმედი არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს.
მისი თქმით, დასამარცხებლად აუცილებელია აქტიური მოქმედება, ოპოზიციის ნაწილს კი კვლავ მიაჩნია, რომ არჩევნებში შესვლაა ერთადერთი სწორი გზა და ბოიკოტმა მათი კოლეგები უფრო დააზიანა. “ოცნებაშიც” ამბობენ, რომ ბოიკოტი “კატასტროფა იყო”. “ის, რომ ბოიკოტი შეცდომა კი არა, კატასტროფა იყო, ფაქტია. აქ მხოლოდ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ამ ბოიკოტის გამო ოპოზიცია მანდატების გარეშე დარჩა და პარლამენტში არ შემოვიდა, არამედ მთავარი ისაა, რომ მათ ამ “შეტევით” დემოკრატიის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, შეტევა განახორციელეს საქართველოს წინააღმდეგ... არავის არ უნდა თავისი კატასტროფული შეცდომის აღიარება”,- ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი. ლევან ხაბეიშვილი კი წერილში წერს, რომ “თავგანწირვა და რისკია” საჭირო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი.
“უბრალოდ უნდა გავიხსენოთ, რომ ასე მდორე, “დაველოდოთ” , “თავისით მოხდება”, პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას, მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, თავგანწირვა და რისკი საჭირო აქტიურობაა... მომეცა უფლება ფოსტით მივიღო წერილები, გთხოვთ, არ დაიზაროთ და მომწეროთ თქვენი ანალიზი და პოზიციები, ასევე, წერილთნ ერთად გამომიგავნეთ რაიმე ბეჭდური მასალა (გაზეთები)”, - წერს ხაბეიშვილი. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა თავადვე უნდა ახსნას თავის სიტყვებში რას გულისხმობს. მისი თქმით, ამას უნდა მოაყოლოს მან და ბოიკოტის მომხრეებმაც, თუ რა მოუტანა ბოიკოტმა და შეასრულეს თუ არა ის მიზანი, რაც ჰქონდათ. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი აცხადებს, რომ ის, რაზეც ხაბეიშვილი ლაპარაკობს, რევოლუციური სცენარია, თუმცა, მისი თქმით, დღეს არ არის ის პირობები, რაც საქართველოში 2003 წელს იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ხაბეიშვილი თქვას რა შეცდომები დაუშვეს - პარლამენტში რომ არ შევიდნენ სწორი იყო თუ არა, რა მიზნები ჰქონდათ და მიიღეს თუ არა ეს მიზნები. მერე, ამას რომ პირდაპირ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი მოჰყვა, ამას რა მიზანიც ჰქონდათ მიაღწიეს? შედეგები და ანგარიში დადეს? მაინცდამაინც 4 ოქტომბერს რატომ დანიშნეს ის უდღეური ვითომ რევოლუცია? თუ ეს “ქართული ოცნების”" ინტერესებში არ იყო და ადგილობრივ არჩევნებზე მკაფიოდ ოპოზიციის მომხრეების არმისვლაში. მან უნდა თქვას, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ, ეს ყველაფერი შეაფასოს როგორც პოლიტიკოსმა, რადგან ეს წარსული კი არაა. უნდა თქვას 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში შედის თუ არა, ანდა 2029 წლის ადგილობრივ არჩევნებს უცხადებს თუ არა ბოიკოტს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“თან აცხადებ, რომ ავტორიტარული რეჟიმიაო და თან გაიძახი სამართლიანი არჩევნებიო და რომელი ავტორიტარული რეჟიმი ატარებს სამართლიან არჩევნებს? ბრძოლაში უნდა შეხვიდე. 26 მაისს ტრიბუნა არ მოგვცესო, ვაი თქვენს პატრონს უბედურს, თქვენ ტრიბუნაზე უარი თქვით მთელი 4 წლის განმავლობაში, არა პარლამენტის წინ, არამედ პარლამენტის შიგნით და ახლა ცხვირ-პირი ჩამოგტირით ტრიბუნა არ მოგვცესო... ვინმემ შეაფასა ეს ყველაფერი რა იყო? ხაბეიშვილმა, ან სხვა ვინმემ კეთილი ინებოს და გააანალიზოს ეს ყველაფერი. არაფერი არ დასრულებულა და ეს ყველაფერი წარსული არაა, განგრძობითი დროა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება და კითხვები იქნება... აზრზე არ ვარ რისკსა და თავგანწირვაში რას გულისხმობს. თუ რისკი არ იყო პარლამენტში შესვლა, აბა რა იყო? გახარიას დღემდე ლანძღავენ, ეს იყო რისკი და შევიდა. ანდა, რამდენს ლანძღავდნენ “ლელოს”, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ესეც რისკი იყო. ამიტომ ხაბეიშვილმა თვითონ განსაზღვროს რას გულისხმობს",- დაასკვნის ზაქარეიშვილი.
“არაფერი სათქმელი არ აქვთ, ვერანაირად ვერ მოძებნეს რაიმე ისეთი ნარატივი, აგიტაცია, პროპაგანდა, პროგრამა, მოწოდება ისეთი, რომ შექმნან ის მუხტი, რომელიც სჭირდებათ. ჩაფიქრებულია არა პოლიტიკური მუხლჩაუხრელი მუშაობა, არამედ მიზნის სწრაფად მიღწევა, ანუ არსებული ხელისუფლების დამხობა, რასაც მათი გაგებით ასობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოყვანა სჭირდება. განცხადების შინაარსი რა თქმა უნდა რევოლუციური სცენარია, ეს ვერ მოიძებნა. ხაბეიშვილის ლოზუნგები გვახსოვს, რომ მე თვითონ შევვარდები “ვივა-მედში” პირადად, გამოვიყვან და ა.შ. თუმცა, საქმე-საქმეზე რომ მიდგებოდა არაფერს კეთებდა, მაგრამ თავის მოწოდებებში, ლოზუნგებში ნათქვამია, რომ ძალიან გამოყენებაა საჭირო. მათ ამ სცენარისთვის არანაირი რესურსი არ აქვთ. ამ აქციამ ეს უფრო ცხადყო. უცხოელმა პროფესიონალმა კოლეგებმა მითხრეს, დრონებიდან რომ ანგარიშობენ ხოლმე, რომ 4 ათას ადამიანამდე შეიკრიბა, მეტი არაო. საქართველოსთვის ეს რაოდენობა, თან უმუხტოდ, რომელიც არც ერთი შტურმზე არ წავა, სტატისტიკური ნულია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“პოლიტიკოსები ასეთ ვითარებას ვერ ქმნიან, ვითარებას ყოფა-ცხოვრება ქმნის, როდესაც მაცივარი თანდათან ტელევიზორს ერევა, მაშინ ხალხი ქუჩაში გამოდის და სჯერა, რომ დაამხობენ რა ამა თუ იმ გზით ხელისუფლებას, უკეთესიც იქნება. ასე იყო 2003 წელს, როცა ტოტალურმა კორუფციამ საქართველო წალეკა. ამან ხალხი იქამდე მიიყვანა, რომ ოღონდ ვინმე გამოჩნდეს, რომელიც გაგვიძღვება. გვახსოვს 14 ლარიანი არ გაცემული პენსიები, ყველა ნაბიჯზე და უწყებაში ქრთამის მიცემა, საერთოდ პოლიციასთან ურთიერთობა მხოლოდ ქრთამით იყო. ეს ხალხმა ვეღარ აიტანა და შევარდნაძე სამართლიანად ამბობდა, რომ ან ჩვენ დავამარცხებთ კორუფციას, ან კორუფცია დაგვამარცხებსო, ახლა მსგავსი არაფერია, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით საქართველო ერთ-ერთი წამყვანია, ვხედავთ რა შედეგებია. “ოცნების” დროს სიღატაკე არნახული ტემპებით შემცირდა. ისტორიაში პირველად საქართველო გახდა საშუალო-მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა საერთაშორისო ინდექსით, სომხეთსა და აზერბაიჯანს გაუსწრო და ა.შ. თითქმის 2 მილიონი მსუბუქი ავტომობილი დადის, ოჯახების რაოდენობა კი ერთი მილიონია, ეს ერთ-ერთი მაღალი მონაცემია. რა უნდა ქნან როგორ უნდა ააგორონ რაღაცა?” - დასძენს მამრაძე.
სიახლეები
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა