ამ გვერდის ამობედვა

,,ჟურნალისტის მხრიდან წესების დარღვევის პირველ ჯერზე აკრედიტაცია ერთი თვით, მეორე ჯერზე კი ერთ წლამდე ვადით შეჩერდება" – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, პარლამენტში აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. პაპუაშვილის განმარტებით, ცვლილებები ეხება როგორც ცალკეულ ჟურნალისტებს, ასევე მთლიანად მედიასაშუალებებს.

ცვლილების თანახმად, პარლამენტის აკრედიტაციის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ცალკეულ ჟურნალისტებს აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით შეუჩერდებათ, ასევე დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება, რომ აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით გაუუქმდეს მთლიანად მედიასაშუალებას.

„როგორც იცით, თავის დროზე, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებების დროს, მე ვთქვი კიდევაც, რომ ჩვენ შევისწავლიდით ევროპარლამენტში არსებულ აკრედიტაციის სისტემას და იყო რაღაც გარკვეული საკითხები, რომლებიც საინტერესო იყო, რომ გადმოგვეღო საქართველოს პარლამენტში და ამ მხრივ დაგვეახლოებინა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან, ასე რომ, დღეს აკრედიტაციის სისტემაში შევა გარკვეული ცვლილებები ჩემს ბრძანებაში. იცით, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის არის პირველ ჯერზე ერთი თვე აკრედიტაციის შეჩერება, განმეორების შემთხვევაში არის 6 თვე აკრედიტაციის შეჩერება, ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში ერთწლიანი შეჩერებაც არსებობს, ამიტომ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპარლამენტის სისტემასთან და პირველ ჯერზე იქნება ერთი თვე და მეორე ჯერზე იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა.

მეორე, იცით, რომ საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის მხოლოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია 1 თვე ან 6 თვე. ვნახეთ ჩვენ, რომ ევროპარლამენტში არა მხოლოდ ჟურნალისტის, არამედ მედიის მიმართაც შესაძლებელია სანქციის გამოყენება, ამიტომ ჩვენ დავაახლოებთ საქართველოს აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და აქაც დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება, რომ გაუუქმდეს მთლიანად მედიას აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით. არსებითად ეს ორი საკითხია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის გამოცდილებით და რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, რომ გადმოვიღოთ ეს გამოცდილება და პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა, ერთი მხრივ, დაახლოვდება, მაგრამ მაინც უფრო დახვეწილი იქნება, ვიდრე ეს ევროპარლამენტის აკრედიტაციის სისტემაა.

მესამე საკითხი, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის ბოლო ინციდენტის დროს, იყო მითითება, რომ წინასწარი თანხმობა არ ჰქონდა აღებული ჟურნალისტს ინტერვიუსთვის, ჩვენ წინასწარი თანხმობის საჭიროება არ გვაქვს დღემდე და ამ მხრივ ამას არ გადმოვიღებთ ევროპარლამენტისგან, რომ იყოს წინასწარი თანხმობა საჭირო პარლამენტის წევრისგან, რომ მასთან დაიწყოს ინტერვიუ, ამიტომ ევროპარლამენტის ამ მკაცრ მიდგომას ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში არ გადმოვიღებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 131 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 08 2026