საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევს. ჯგუფი ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკვირდება ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას და ახდენს დაგეგმარებას, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსის შემოღწევის თავიდან აცილებისა და მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვის მიმართულებით. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობამ ოპერატიულად გადადგა ნაბიჯები და ვირუსის აფეთქების საწყის ეტაპზევე შეაჩერა ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა.
საქართველოს მთავრობამ სათანადო ზომები მიიღო ასევე ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობა მუდმივ კავშირზეა, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებთან ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით.
როგორც ცნობილია, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. საქართველოს მთავრობა მუდმივად კავშირზეა ირანის ხელისუფლებასთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია შექმნილი მდგომარეობის და მიმდინარე საპრევენციო ღონისძიებების შესახებ. არსებული ინფორმაციით, ირანის მთავრობა მიმართავს ყველა ზომას კორონავირუსის შემთხვევების შემდგომი ზრდის პრევენციისთვის, ასევე აწარმოებს ირანიდან გამავალი მგზავრების სქრინინგს. აღნიშნულის მიუხედავად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.
ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და აღნიშნული მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ მეზობელ ქვეყნებთან. საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც. საქართველოს მთავრობამ უკვე გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო ირანში მყოფ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს თეირანში (+989122997726 ცხელი ხაზის ნომერი)“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"