"ერთობის ნაცვლად, ჭარბობს აგრესია, სიძულვილი, შური, შეურაცხყოფა - ყველაფერი, რაც საზოგადოებას ნაწილებად შლის"
აგრესიამ, სიძულვილმა და შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთობის ნაცვლად, ჭარბობს აგრესია და სიძულვილი.
„გლობალური და საკუთარი გამოწვევების ფონზე ისმის კითხვა: სად ვართ ამ დროს ჩვენ? იმის მაგივრად, რომ ერთად, ყველა ჩვენი ძალითა და რესურსით ვფიქრობდეთ ქვეყნის მომავალსა და ამოცანების დაძლევაზე, გაბედულად ვეძებდეთ გამოსავალს, ახალ ინიციატივასა თუ იდეას, გაჩერებული ვართ და წრეზე ვტრიალებთ.
ერთობის ნაცვლად, ჭარბობს აგრესია, სიძულვილი, შური, შეურაცხყოფა - ყველაფერი, რაც საზოგადოებას ნაწილებად შლის; ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის გამოსავლის პოვნასა და წინსვლაში.
აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა. მივიღეთ: აგრესია - შემწყნარებლობის ნაცვლად; სიძულვილი - სიყვარულის ნაცვლად; შეურაცხყოფა - ზრდილობის ნაცვლად; ეგოიზმი და კარჩაკეტილობა - სოლიდარობის ნაცვლად; შიში - ტრადიციული სიმამაცის ნაცვლად. ღირებულებები, რომლებიც ქართული კულტურის წიაღიდან, ქრისტიანობიდან, რუსთაველიდანაა ამოზრდილი, დღეს მთლიანად, ან თითქმის მთლიანად უარყოფილია. საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია. ჩვენ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობთ.
ეს, ძირითადად, იმიტომ გვემართება, რომ ჩაძირული ვართ საკუთარ თავში, პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში. სიძულვილს, შეურაცხყოფასა და აგრესიას მიაქვს ჩვენი ენერგია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პარლამენტში პლენარული სესია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარდგეს, ცოტა ხნის წინ დაიწყო.
სხდომას 89 დეპუტატი ესწრება. პრეზიდენტის გამოსვლას ესწრება ასევე მინისტრთა კაბინეტი და თბილისის მერი კახა კალაძე.
ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომა კითხვა- პასუხის რეჟიმში არ წარიმართება. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარეებს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემათ.
დღევანდელ სესიას არ ესწრება "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია. ცნობილია ასევე, რომ პრეზიდენტის მოხსენებას ბოიკოტს უცხადებენ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები". რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“ და „სოციალ- დემოკრატებს“, როგორც დღეს ფრაქციის ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობს, თუმცა, ის დაკავშირებულია არა პრეზიდენტის გამოსვლასთან, არამედ საარჩევნო სისტემასთან. ამდენად, შესაძლოა, ფრაქციის ცალკეული წევრები სხდომას დაესწრონ.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს