"ეპიდემია არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების მიზეზი"
“დღეს ჩვენ ყველანი ერთ უბედურებაში ვართ, რასაც ეპიდემია ჰქვია. ამიტომ ეს თემა არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირების მიზეზი. ეს იწილო-ბიწილო რომ არ მომხდარიყო, თავიდანვე უნდა ყოფილიყო შეთანხმება, რა და როგორ გაკეთდებოდა. ახლა ორივე ვალდებულია, შემხვედრი ნაბიჯები გადადგან” - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებულ შეზღუდვას ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ეპიდემია არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების მიზეზი - ძაბირაძე.
“ხელისუფლების მეხოტბე ნამდვილად არ ვარ და არასდროს მოვრიდებივარ კრიტიკას მათ მიმართ, მაგრამ ხელისუფლება დიდებულად მუშაობს, რაც ამ 8 წლის განმავლობაში არ გვინახავს. ამ კრიზისმა დაგვანახა, რომ “ქართულ ოცნებას” შეუძლია პროცესების მართვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, ვფიქრობ, რომ ეს იწილო-ბიწილო რომ არ მომხდარიყო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე უნდა დაწყებულიყო დიალოგი ეკლესიასთან და დეტალურად ყოფილიყო გაწერილი, რა და როგორ გაკეთდებოდა. მარტივი გასათვლელი იყო, რომ დიდმარხვის პერიოდია, მოდის აღდგომა... ბიზნესისა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს, ექიმებს ხომ შეხვდნენ. პოლიტიკურ პარტიებთანაც ხომ გაიმართა შეხვედრები და მიღწეულ იქნა შეთანხმება, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებას ზიანი არ მიადგებაო. იგივე უნდა გაევლოთ ეკლესიასთანაც და შეთანხმებულიყვნენ, რა ფართობის, მოცულობის, ან რა სივრცეში შეიძლება ადამიანების შეკრება და რამდენის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ახლა ორივე ვალდებულია, შემხვედრი ნაბიჯები გადადგან, იქნება ეს სინოდის სხდომის კიდევ ერთხელ გამართვა თუ ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა. ეს არ შეიძლება გახდეს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირების თემა, ან საკითხი ასე დადგეს - ვინ ვის უგებს, ეკლესია თუ „ქართული ოცნება“. არც ის მგონია, რომ სამღვდელოება წინააღმდეგი იქნება იმ მოთხოვნებისა, რომელთა რეკომენდაციასაც იძლევიან ჯანდაცვის სფერო და სპეციალისტები, ეკლესია თავის თავზე ვერ აიღებს ამ პასუხისმგებლობას. დღეს ყველანი ერთ უბედურებაში ვართ და ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ჯერჯერობით ხელისუფლება ახერხებს სიტუაციის მართვას. თუ ამის დანახვა ვინმეს არ უნდა, ეს მისი პრობლემაა”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი