ამ გვერდის ამობედვა

სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა, ზურაბ ადეიშვილი კი უდანაშაულოდ ცნო

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე 7 წელი მიუსაჯეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი წერს.

როგორც ია მეტრეველი აღნიშნავს, ზურაბ ადეიშვილი კი სასამართლომ გაამართლა, რაც მისთვის სამწუხაროა.

ია მეტრეველის განცხადებით, ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები და იმედი აქვს, ადეიშვილი შემდგომ ინსტანციაში გამტყუნდება.

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე 7 წელი მიუსაჯეს, თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს. ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები. მიშა რა ბრძანებასაც გასცემდა, ადეიშვილი ასრულებინებდა ყველას. იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს. ასევე, ვაჟბატონი დონაძე, ყველა უბედურების „რეჟისორიც“ იქნება მიხედული, კიდევ გაბედა და „აკაცუკების“ აქციებზე გამოჩნდა. ეგონა, იმარჯვებდნენ. მოვუწოდებ პროკურატურას, გაითვალისწინონ ჩემი სამართლიანი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი“, – წერს ია მეტრეველი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მუხლს ამნისტია შეეხო და საბოლოო სასჯელის ზომად მას 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა.

„ირაკლი ოქრიაშვილის ბრალდება დადასტურდა სრულად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2004 წლის 23 ნოემბერს სწორედ იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა დავალება, რომ შსს-ს მაღალჩინოსნებს გაეყალბებინათ სისხლის სამართლის საქმე, იარაღები ჩაედოთ უდანაშაულო ადამიანებისთვის და ბუტა რობაქიძე და მისი ხუთი მეგობარი გამოეცხადებინათ, როგორც შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც თავს დაესხა პოლიციას და, გაწეული წინააღმდეგობის შედეგად, მოხდა ბუტა რობაქიძის ლიკვიდაცია. ჩვენ უკვე საკმარისი მტკიცებულებებით დავადასტურეთ, რომ ფაქტები იყო სრულად გაყალბებული. ბრალდება ჰქონდა წარდგენილი იმჟამინდელ გენერალურ პროკურორს, რომელსაც ბრალდების მხარე ედავებოდა, რომ ფალსიფიცირებული გამოძიება არ წარმართა სამართლებრივად სწორად. მეორე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა სრულად. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი უკვე პატიმრობაში იმყოფება. საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას.

წაკითხვა 88 ჯერ