ამ გვერდის ამობედვა

სიკვდილიანობის შემცირება 12 სექტემბრიდან დაიწყება - ექსპერტის შეფასება

“საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსისგან, საშუალოდ, 80 ადამიანი იღუპება. სპეციალისტები ამას აგვისტოში ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებელს უკავშირებენ და სექტემბერში ახალი შემთხვევების კლების ფონზე მიახლოებით თარიღს ასახელებენ, თუ როდიდან უნდა ველოდოთ გარდაცვალების ყოველდღიური შემთხვევების კლებას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სექტემბრიდან ინფიცირების ახალი შემთხვევები თანდათანობით მცირდება. 31 აგვისტოს ინფიცირებულთა რაოდენობა 4 778 იყო, 5 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის ფონზე, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო ხუთი დღის მონაცემებით რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და სექტემბრის პირველი ხუთი დღეში კოვიდით 398 ადამიანი გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ასეთ მაღალ სიკვდილიანობას გასულ თვეში ინფიცირებულთა მაღალ მაჩვენებელს - დღეში 5-დან 6 ათასამდე ახალ შემთხვევას უკავშირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სიკვდილიანობის შემცირება 12 სექტემბრიდან დაიწყება - “მოსახლეობის უმეტესობა რომ აცრილი იყოს, დღეში 2-3 გარდაცვლილი გვეყოლებოდა”.

 

“სამწუხაროდ, ინფიცირებულთა მაღალი რაოდენობა სიკვდილის მაჩვენებელს მალე ზრდის, ხოლო ინფიცირებულთა დაბალ რიცხვს სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება რომ მოჰყვეს, ამისთვის ერთიდან სამ კვირამდეა საჭირო. საუკეთესო შემთხვევაში, ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების შემდეგ, მინიმუმ, ერთ კვირა გვჭირდება, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებამ გავლენა იქონიოს სიკვდილიანობის შემცირებაზე და სტატისტიკაში შესამჩნევი და შედარებით დაბალი იყოს გარდაცვლილთა რაოდენობა, ხოლო ცუდ შემთხვევაში, ამ ინფიცირებულთა რაოდებობას თუ შევინარჩუნებთ და ვეღარ შევამცირებთ, სამ კვირაში გვექნება შედეგი. ნაკლები ინფიცირებული გვაძლევს ნაკლებ გარდაცვლილ ადამიანს”, - თქვა ზოიძემ. მისი შეფასებით, ვაქცინაციის არასაკმარისი ტემპი დიდ გავლენას ახდენს როგორც ინფიცირებულთა რაოდენობაზე, ასევე გარდაცვლილთა ასეთ რეკორდულ მაჩვენებელზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა რომ აცრილი იყოს, არ გვეყოლებოდა ამდენი ინფიცირებული და არც გარდაცვლილებს დავითვლიდით. მსოფლიოში ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალება, საშუალოდ, 15-ჯერ უფრო ნაკლებია, ხოლო საქართველოში 45-ჯერ უფრო მცირეა გარდაცვალება აცრილ პაციენტებში. მოსახლეობის უმეტესობა რომ აცრილი იყოს, სამედიცინო პერსონალიც შედარებით მსუბუქად იმუშავებდა, გარდაცვლილთა რიცხვი 80-ჯერ მცირე იქნებოდა და გვეყოლებოდა 2-3 გარდაცვლილი დღეში და არა _ 60-დან 80-მდე ადამიანი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

წაკითხვა 362 ჯერ

სიახლეები