April 27, 2024

რა შეიძლება დაემუქროს საქართველოში არჩევნებს?!

“რა სცენარები შეიძლება განვითარდეს საპარლამენტო არჩევნებისას?! _ ამ საკითხებზე ექსპერტებს გიორგი რუხაძესა და ვახტანგ ხმალაძეს ვესაუბრებით.

“რუსეთი უკვე ერევა საქართველოს არჩევნებში სხვადასხვა ფორმით და ამის მაგალითია კრემლიდან პირდაპირი დავალება სოხუმისა და ცხინვალისთვის, რომ საქართველოს დამატებითი პრობლემები არ შეუქმნან, რათა “ქართულ ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენას ხელი არ შეუშალონ. ის, რომ კრემლი `ქართულ ოცნებას~ მიიჩნევს სასურველ ხელისუფლებად საქართველოში, იმის ნათელი მაგალითია, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ფორმითაც ეხმარება ჩვენს მმართველ პარტიას”, - თვლის “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი გიორგი რუხაძე. მისივე აზრით, “თუკი სხვა ფორმითაც დასჭირდება - მაგალითად, პირდაპირი მხარდამჭერი განცხადებები, ფული, ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების ციხიდან გამოშვება და არჩევნებში მიხმარება, ამაზეც არ დაიხევს უკან”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რა შეიძლება დაემუქროს საქართველოში არჩევნებს?!

”ოცნება" მოსახლეობას თავს მუდმივად აჩვენებს როგორც მშვიდობის გარანტს. ამბობს, დღეს სხვა ხელისუფლება რომ იყოს, საქართველო ომში იქნებოდა ჩართულიო. აბსოლუტურად მოსალოდნელია მოსკოვიდანაც მსგავსი, უფრო მკაფიო განცხადებები და მიანიშნონ ჩვენს ამომრჩეველს, ეს ხელისუფლება თუ არ იქნება, მაშინ პრობლემებს ელოდეთო. რუსეთს ტექნიკურ დონეზეც შეუძლია საქართველოს არჩევნებში ჩარევა. ამის კარგი მაგალითია რუსეთის ჩარევა ამერიკის არჩევნებში, არაერთ ევროპულ არჩევნებში და ა.შ. რუსეთი ამა თუ იმ ფორმით, ჰიბრიდულად, ელექტრონულად, სოციალური რყევების საშუალებით ერეოდა არჩევნებში და ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას უწყობდა ამით ხელს. არ არის გამორიცხული და, უფრო მარტივი იქნება იმავე ოპერაციის საქართველოში ჩატარება. რაც შეეხება კიბერშეტევებს, მე კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი არა ვარ მაგრამ, წესით, ეს ნაკლებად მოსალოდნელი უნდა იყოს იქიდან გამომდინარე, რომ ელექტრონული არჩევნები არ არის ინტერნეტთან დაკავშირებული. ტექნიკურად ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ, მოსკოვს ამის აუცილებლობა არ ექნება. თუ ამას ვინმე გააკეთებს, ისევ “ქართული ოცნება”. თუ მმართველი პარტიისთვის არასასურველი შედეგი დადგება, მისი სასურველად გადაკეთება ამ სისტემაში ჩარევით უნდა მოხდეს და ამას რუსეთი არ დასჭირდება - ამის მცდელობა თავად “ოცნებას” ექნება. რამდენად გაუვა, სხვა საკითხია - ამას არც საერთაშორისო საზოგადოება და დამკვირვებლები აპატიებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი რუხაძე.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, დიდწილად არის დამოკიდებული, საქართველო შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს თუ არა ევროინტეგრაციის გზაზე. თუ `ოცნება~ შეეცდება შედეგი გააყალბოს, ამას ვერც დასავლეთი წაუყრუებს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და სხვა სტანდარტებით იზომება კანდიდატ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის “ოცნების” ხელისუფლებაში მეოთხედ მოსვლის ცდა. აგერ პუტინი მეხუთედ მოდის ხელისუფლებაში. მეოთხესა და მეხუთეს შორის დიდი განსხვავება აღარ არის და, თუკი ასე მოხდება, ქართული დემოკრატიის დასასრულის დასაწყისი იქნება”, - დაასკვნის რუხაძე.

“როდესაც არჩევნების შედეგების სანდოობის საკითხი დგება, მმართველი პარტია ხელს მაშინვე ოპოზიციისკენ იშვერს, მაგრამ თავად “ოცნების” მიღებულმა საკანონმდებლო ჩანაწერებმა შეიძლება ნებისმიერ პირს მისცეს ამის გამოყენების საშუალება. საქმე ის არის, რომ საარჩევნო უბანზე შედეგების შეჯამება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ იწყება. იქ, სადაც ელექტრონულად წარიმართება არჩევნები, კომპიუტერი მიაწვდის ინფორმაციას, რამდენმა ბიულეტენმა გაიარა სისტემაში, რამდენი ცნო კომპიუტერმა ნამდვილად, რამდენი ბათილად და რომელმა პარტიამ რამდენი ხმა მიიღო. ამის შემდეგ საუბნო კომისიამ უნდა შეამოწმოს კომპიუტერის მიერ ბათილად ცნობილი ბიულეტენები. კომპიუტერი ბათილად ცნობს ბიულეტენს, თუკი ვერ მოახერხა გარკვევა, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა - ანუ ხმის ჩასათვლელად საჭიროა სათანადო უჯრა სათანადო მარკერით გაფერადდეს. თუკი მხოლოდ შემოიხაზება, ან ნაწილობრივ გაფერადდება, ან სულაც წერტილი დაისმება თუ სხვა ნიშნით აღინიშნება, ან რამდენიმე გაფერადდება, ან არც ერთი, მაშინ ასეთ ბიულეტენებს მანქანა ბათილად მიიჩნევს. კომისიამ უნდა ნახოს ასეთი ბიულეტენები და, თუკი მიიჩნია, რომ რომელიმეზე არჩევანის დადგენა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მანქანამ თქვა, მე ვერ ვადგენო, კომისიას შეუძლია კენჭისყრით გადაწყვიტოს, დაამატებს თუ არა იმ კონკრეტულ ბიულეტენს დანარჩენს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს პროცედურა კანონით არის განსაზღვრული, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე დაინტერესებულმა მხარემ, თუნდაც რუსეთის ფარული ჩარევით, მოახერხოს და ყველა უბანზე თუნდაც რამდენიმე ამომრჩეველს მისცეს მითითება (ან მოისყიდოს), ბიულეტენზე არჩევანი ისე გააკეთონ, მანქანამ ვერ დათვალოს, რასაც მერე კომისიაც დაადასტურებს და აღმოჩნდება, რომ ყველა უბანზე სხვადასხვა მონაცემი დაიდო. ცხადია, ეს კითხვის ნიშანს დაუსვამს არჩევნების ლეგიტიმურობას და იბადება კითხვა, ხომ არ გამოიყენებენ ამას დაინტერესებული მხარეები. როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, ­ კომისიისთვის ყველა უბანზე ხმების გადათვლის ვალდებულება ამ კითხვას ნამდვილად აჩენს” - დასძენს გამოცემა.

“გარდა იმისა, რაც თქვენ ახსენეთ, კომისიამ შედეგების გადამოწმების მიზნით უნდა გადათვალოს კომპიუტერის მიერ დათვლილი ბიულეტენები. თუ კომისიამ დაადგინა განსხვავება, რომელიც კენჭისყრით დამტკიცდება, კანონის თანახმად, ხელით დათვლის შედეგი ითვლება იურიდიული ძალის მქონედ. ამით მე იმის თქმა მინდა, რომ, თუ კომისიის წევრებმა იკადრეს შედეგების გაყალბება, მაშინ შესაძლებელია, მაგალითად, “ქართული ოცნების” მანქანით დათვლილ ხმებს დაამატონ სხვა ხმები და ბუნებრივია, ეს ხმები სხვებს მოაკლდება. თუმცა არის ერთი დამზღვევი მექანიზმი, რომელმაც შეიძლება გაამართლოს და შეიძლება ვერა. თუ ასეთი რამ მოხდა, შესაძლებელია შედეგების გასაჩივრება საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელმაც შეიძლება მიიღოს ბიულეტენების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება უკვე საოლქო კომისიაში, თუ საოლქო კომისიაც არ წავიდა სიყალბეზე. საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გადათვლაზე, ან გადათვლაზე უარის თქმა შეიძლება შემდეგ სასამართლოში გასაჩივრდეს. ასეთი დამცავი მექანიზმები კანონში დევს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, გადაწყვეტილებების მიმღებები რამდენად იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, ან რამდენად იკადრებენ სიყალბის ჩადენას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

“კანონის მიხედვით, შედეგებს ადგენენ ყოველი საარჩევნო უბნის მიხედვით, ასეთი­ უბანი კი 4 ათასზე მეტია. თუ შემოწმება არ იძლევა შედეგის დადგენის შესაძლებლობას, _ ესეც შეიძლება მოხდეს, გვახსოვს, იყო შემთხვევები, როდესაც საარჩევნო ყუთს მოიტაცებდნენ ან ცეცხლს წაუკიდებდნენ, ან ისეთი დარღვევა იყო, რომ ამომრჩეველთა ნაწილს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ან უბანზე ისეთი არეულობა იყო, უბანმა ვერ გააგრძელა საარჩევნო პროცესი, - ასეთ შემთხვევებში უბნის შედეგებს ბათილად ცნობენ და ჯამური შედეგი ასეთი უბნების გარეშე გამოიანგარიშება. კანონი განსაზღვრავს, რომ კენჭისყრის შედეგები ბათილია საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა რაოდენობა ქვეყნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, მაშინ არჩევნები მთელ ქვეყანაში ხელახლა იმართება. თუკი ეს მაჩვენებელი 10%-ზე მეტია, მაშინ ამ უბნებში განმეორებითი არჩევნები გაიმართება. წინასწარ კი იმის თქმა, თუ სად რა მოხდება, ძალიან ძნელია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“განცხადებები, პოლიტიკური მოტივი ხშირად ყოფილა, მაგრამ მე ვსაუბრობ სამართლებრივ მხარეზე, თუ რა შეიძლება მოხდეს. შესაძლებელია სამართლებრივად, ფორმალური პროცედურების დაცვით დადგინდეს არჩევნების შედეგი, მაგრამ ეს შედეგი, მთელი პროცესიდან გამომდინარე და დარღვევების გათვალისწინებით, არალეგიტიმურად გამოაცხადონ პარტიებმა, დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა. ასევე შესაძლებელია არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნოს სხვადასხვა სახელმწიფომ. თუ რომელიმე სახელმწიფო იტყვის, რომ მას არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად მიაჩნია დადგენილი დარღვევების გამო, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს იმ სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებების ურთიერთობაზე. თუ არალეგიტიმურად სახელმწიფოთა დიდმა რაოდენობამ ცნო, ამას შეიძლება მოჰყვეს უკვე სანქციების დაწესება. ევროკავშირმა შეიძლება შეგვიჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი და ა.შ. ასეთი რამ ხდება მაშინ, როდესაც აშკარაა საარჩევნო პროცესის დროს არსებითი მნიშვნელობის დარღვევები, ისეთი, რომლებმაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე”, - მიიჩნევს ხმალაძე და შეკითხვაზე - “თუ ვამბობთ, რომ ვატარებთ ელექტრონულ არჩევნებს, მაშინ უპირატესობა ხელით გადათვლილს რატომღა უნდა მიენიჭოს?” - პასუხობს:

“ეს იმას ჰკითხეთ, ვინც ეს ჩაწერა კანონში. ამ ჩანაწერით ფაქტობრივად არაფრად იქცა ელექტრონული სისტემით კენჭისყრის ჩატარება. მაშინ რატომღა ვატარებთ ელექტრონულად, თუ მაინც ხელით უნდა გადავთვალოთ და უპირატესობაც მივანიჭოთ? გართობის მიზნით? მით უფრო, რომ რამდენიმე ტესტ-არჩევნები სხვადასხვა დროს გაიმართა სწორედ ამ მანქანების გამოყენებით. პირველად პატარ-პატარა ხარვეზები იყო, რაც გამოასწორეს და შემდეგ არჩევნებში პრობლემა აღარ შექმნილა. ამიტომ ხელით გადათვლა ნებადართული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ისეთი მოხდა, რამაც საფუძვლიანი ეჭვი შეიტანა სისტემის მოქმედებაში. დღევანდელი ჩანაწერი, რომ ყველა უბანზე ბიულეტენები ხელით უნდა იქნეს გადათვლილი, არასწორად მიმაჩნია”.

წაკითხვა 134 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.