April 27, 2024

ბრძოლა მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსისთვის - ვინ გაუწევს რეალურ კონკურენციას “ნაცმოძრაობას”

“ოპოზიციაში კონტურები თანდათან იკვეთება, თუ რა კონფიგურაციით წარსდგებიან არჩევნებზე, ამის პარალელურად კი, მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისთვის ბრძოლა მიდის.

აქამდე გამოქვეყნებულ ყველა კვლევაში „ქართული ოცნების" მერე, რეიტინგით მეორე ადგილზე “ნაცმოძრაობაა”, ანალიტიკოსების პროგნოზით კი მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მოპოვება გარკვეულ პარტიებს სურთ, მათ შორის ახლადშექმნილ ნიკა მელია-ნიკა გვარამიას “ახალს”, ამ იმიჯით არჩევნებამდე რვა თვით ადრეც კვლავ “ნაცმოძრაობაა”, რადგან გადამწყვეტი მაინც მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ელექტორატია. “ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიები იქმნება, რომლებიც “თავის თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს, არ არიან “ნაცმოძრაობის” შემადგენელი”. სინამდვილეში, კი “ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, თუ სხვები, ესენი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები” არიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბრძოლა მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსისთვის - ვინ გაუწევს რეალურ კონკურენციას “ნაცმოძრაობას”.

“როგორც “ახალში” ამბობენ, თანამშრომლობაზე კონსულტაციები გრძელდება, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მას ენმ-დან წასული პოლიტიკოსებიც შეუერთდებიან და ამ პარტიის გარკვეულ ელექტორატსაც წაიყვანს, თუმცა არა იმდენს, რომ “ნაცმოძრაობას”კონკურენცია გაუწიოს. “ლელოს” რაც შეეხება, ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აცხადებდა, რომ ჩამოყალიბებული ჰქონდა ხედვა, რომლის განხორციელებასაც არჩევნების ჩატარების მეორე დღიდანვე დაიწყებდა, რისი მეშვეობითაც “ლელო” იქნებოდა მთავარი ოპოზიციური ძალა. გასულ წელს კი ლელოს ერთ-ერთი წევრი ირაკლი კურტანიძე ამბობდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ ეტაპზე არის ყველაზე დიდი პარტია, მაგრამ, ის აღარ არის მთავარი ოპოზიციური ძალა”. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურა და პარტია არის დაშლის საბოლოო ფაზაში, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები, ცალ-ცალკე პატარ-პატარა 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ და ოპოზიციაში მცირე ჯგუფების შექმნა “ქართულ ოცნებას” დაეხმარება, პარლამენტში მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი პოლიტიკურ ხრიკს უწოდებს მელია-გვარამიას გაერთიანებას და მათ “ნაცმოძრაობისგან” დისტანცირებას. “სინამდვილეში, ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, თუ სხვები, ესენი არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. გვარამიასა და მელიას გაერთიანება ერთ მიზანს ემსახურება - იქნებ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, “ნაცმოძრაობისგან” დისტანცირდნენ და რამენაირად 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხონ, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის ერთის და მეორის წარსული. შესაბამისად, მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს. ასეთ გაერთიანებებს არც 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ და არც რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ”, - განაცხადა გიორგი კახიანმა. ენმ-ში კი სხვა ოპოზიციურ პარტიებს კონკურენტად არ აღიქვამენ, მათ შორის “ახალს”, პარტიის წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ არც ერთ პარტიას ენმ-ს “კლონობა არ გამოსვლია”. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ დღეს ოპოზიციურ ფლანგზე მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი გარკვეულ პარტიებს სურთ, მათ შორის ახლად შექმნილ მელია-გვარამიას ერთობას, თუმცა ამ იმიჯით კვლავ ენმ იქნება, რადგან გადამწყვეტი მაინც მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ელექტორატია”, - განაგრძობს გამოცემა.

“უნდა ითქვას, რომ მელიას თავისი მომხრეები ჰყავს, მაგალითად, როცა ენმ-ში შიდა არჩევნები მიდიოდა, მას გარკვეულმა ელექტორატმა მხარი დაუჭირა. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც “ნაცმოძრაობა” დატოვა, ისინი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები და წევრები იყვნენ, მომხრეები მათაც ჰყავთ, თუნდაც ახლობლების სახით. შესაბამისად, ამით ენმ-ს მომხრეები აკლდება. მელია-გვარამიას გუნდი 5%-იან ბარიერს გადალახავს, თუმცა, მთავარი ოპოზიციური სტატუსის იმიჯით მაინც “ნაცმოძრაობა” იქნება, რადგან გადამწყვეტი მაინც მიხეილ სააკაშვილის ფაქტორია, გარკვეული მომხრე მაინც ეყოლება. საერთო ჯამში, კარგი იქნება თუ რაც შეიძლება მეტი პროდასავლური პარტია გადალახავს 5%-იან ბარეირს, შევიდეს პარლამენტში და არსებობდეს იმის შესაძლებლობა, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას. თუმცა, გახარიას პარტია არ მგონია ვინმეს შეუერთდეს, მათ ისეთი ნიშა აქვთ აღებული, რომ მოუღებელია როგორც “ოცნება”, ისე ენმ. შესაძლოა მთავარი ოპოზიციური სტატუსის პრეტენზია გახარიას პარტიასაც და “ლელოსაც” ჰქონდეს, თუმცა, მთავარი ამომრჩევლის მობილიზებაა...”- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ სხვადასხვა კვლევებში ციფრები განსხვავებულია, თუმცა, ტენდენცია ერთია, რომ პირველ-მეორე ადგილზე “ოცნება”-“ნაცმოძრაობაა”, მისი თქმით, სახელისუფლებო პარტიასთან კონკურენციის მკვეთრად გამოხატული უნარი მხოლოდ ენმ-ს აქვს. “პარტიები ბევრი გვაქვს და მათი რეიტინგები გამოკვლევებით ცნობილია, ციფრები სხვადასხვა კვლევებში ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ, ტენდენციები დაახლოებით ერთნაირია. ამ პარტიებში საკითხავია 5%-იან ბარიერს გადალახავენ თუ არა. სახელისუფლებო პარტიასთან კონკურენციის მკვეთრად გამოხატული უნარი მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს. - ამბობს საყვარელიძე, რომლის აზრით, “არაერთხელ ითქვა ისიც, რომ ამის საფუძველი არის ამ პარტიის კავშირი მიხეილ სააკაშვილთან”, - დასძენს გამოცემა.

“ენმ-ს ოფიციალური თავმჯდომარე ვინც არ უნდა იყოს, ამ პარტიას მაინც სააკაშვილს აკუთვნებენ და სააკაშვილის მომხრეებიც ენმ-ს აძლევენ ხმას. ამიტომაა, რომ მას ჯერ კიდევ დიდი რეიტინგი აქვს, მიუხედავად დიდი ქარტეხილებისა. მეც შემიძლია ვთქვა, რომ “ნაცმოძრაობა” კი არა, “ქართული ოცნებაც” აღარაა ძალა და ვაპირებ, რომ ყველა დავამარცხო და არჩევნებში გავიმარჯვო-მეთქი, მაგრამ დამაჯერებელი იქნება?! მებრძოლ განცხადებებს კი აკეთებენ, მაგრამ მებრძოლი განცხადებები და ბრძოლა სხვადასხვა რამაა. ჩხუბის წინ მოკრივეები ძალიან შემტევ განცხადებებს აკეთებენ და ერთმანეთს განადგურებას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ მერე შედეგი სხვა დგება ხოლმე”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

წაკითხვა 155 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 14 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.