ამ გვერდის ამობედვა

პირბადეებით და ხელთათმანებით არჩევნებზე - რა რეგულაციები დაწესდება საარჩევნო დღეს

“დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, შესაძლოა ითქვას, რომ დიდი ალბათობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დათქმულ დროში ჩატარდება - ოქტომბერში კი თავისუფალი და უსაფრთხო არჩევნების ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება.

პანდემია და არჩევნები - ამ თემაზე ორშაბათს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა, რომელსაც დეპუტატები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჯგუფმა იმის შესახებ იმსჯელა, თუ თუ რა წესები და რეგულაციები უნდა შემუშავდეს იმისთვის, რომ არჩევნები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პირბადეებით და ხელთათმანებით არჩევნებზე - რა რეგულაციები დაწესდება საარჩევნო დღეს.

 

“თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, ამაზე ჯერ კონკრეტული რეგულაციები არ არსებობს, თუმცა, წინასწარი ცნობით, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველს ხელთათმანი და სამედიცინო პირბადე უნდა ეკეთოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს, თუმცა, დასძენს, რომ კოვიდ-19 ინფექცია რთულად პროგნოზირებადია. “დღეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა და მასში თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი. უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რაც საარჩევნო პროცესსა და თვითონ არჩევნების დღეს მინიმუმამდე დაიყვანს ეპიდემიის გავრცელების რისკს ქვეყანაში. საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჩვენ ზოგადად ვიძლევით. საუბარია პირბადეებზე, დისტანცირებაზე, თვითონ საარჩევნო კომისიის წევრების საჭიროებისამებრ წინასწარ გამოკვლევაზე, საუბარია ასევე იმაზე, როგორ უნდა მისცენ ხმა კარანტინში მყოფმა ადამიანებმა და არის მთელი რიგი საკითხები, რაზედაც მიმდინარეობს მსჯელობა. დღეს ყველა ამ საკითხის ჩამონათვალს მივიღებთ”, - აცხადებს ამირან გამყრელიძე, რომლის თქმით, “ცესკოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავის რეკომენდაციებს მისცემს”. - აღნიშნავს გამოცემა.

 

“დღეს არსებობს პანდემიის პირობებში მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეკომენდაციები: რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ერთ სივრცეში ერთდროულად, რომ დახურულ სივრცეებში უნდა ვატაროთ პირბადე, რომ აუცილებელია სანიტაიზერებით დავიმუშაოთ ხელები და ა.შ. ეს ზოგადი რეკომენდაციები უნდა მიესადაგოს საარჩევნო პროცესს, რათა ერთი მხრივ, არ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლება ხმის მიცემისა და მეორე მხრივ, ინფექციის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ. დღეს მრავალჯერ დაისვა კითხვა, დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა თუ არა არჩევნების ჩატარების საშუალებას. ამაზე ჩემი პასუხია, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ის იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს, მაგრამ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ პროგნოზირება, რა იქნება მომავალი ოთხი თვის განმავლობაში, ძნელია”, - დაასკვნის გამყრელიძე. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გადაიდება, ოქტომბერში ჩატარდება და მიუხედავად პანდემიური ფონისა, მისი თქმით, შესაძლოა ამომრჩეველთა 50%-იანი აქტივობაც დაფიქსირდეს”, - დასძენს გამოცემა.

 

“სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით არჩევნები არ გადაიდება, თავის დროზე ჩატარდება, თუმცა, რაც შეეხება უსაფრთხოების დაცვას, ალბათ მოქალაქეები საარჩევნო ყუთებთან პირბადით უნდა გამოცხადდნენ, ამაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა უწყებებმა უნდა იზრუნონ. არჩევნებში აქტივობა კი დამოკიდებულია იმაზე, რომ მაგალითად, პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთ ამომრჩეველს მოუწოდონ, რომ ისინი საარჩევნო უბნებთან დროულად გამოცხადდნენ, ასევე, მათი მხრიდან მომხრეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფაც შესაძლებელია. მიუხედავად კორონავირუსული ფონისა, არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ოპოზიციური პარტიების ბევრი მომხრე მაინც გამოცხადდეს, მეორეს მხრივ, ხელისუფლება შეეცდება, რომ თავიანთ მომხრეებს თავი მოუყაროს და მაგალითად საარჩევნო უბნებზე მომხრეები სამარშრუტო ტაქსებით მიიყვანონ და ასე შემდეგ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

“ბოლო პერიოდში კი ამომრჩეველთა აქტივობისა და რაოდენობის შემცირება შეინიშნება, მაგალითად 2018 წელს პირველ ტურში ამომრჩევლის 50%-ზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მეორე ტურში კი დაახლოებით 54%-მა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამჯერად როგორც მინიმუმ ალბათ ამომრჩეველთა ნახევარი მაინც გამოცხადდება. არჩევნების დისტანციურად ჩატარება ცოტა რთულია, აუცილებელია რომ ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა ყველას ჰქონდეს, დღეს კი ინტერნეტზე ხელი საქართველოს მოსახლეობის 60%-ს მიუწვდება. ეს ცოტა რთულია, თორემ რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნებოდა, ჯერჯერობით ეს ტექნიკურად უზრუნველყოფილი არაა, რომ მაგალითად ინტერნეტთან 90%-იანი ხელმისაწვდომობა იყოს”, - მიიჩნევს ჩიტაძე.

 

“პარტიებს საარჩევნო კოდექსში შესატან უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ რომ საარჩევნო უბნებთან რიგების თავიდან ასაცილებლად, თითო უბანზე 800 ამომრჩეველზე მეტი არ უნდა იყოს. მათივე განცხადებით, საჭიროა აგიტატორების გაფრთხილება, რომ უბნებთან დისტანცია დაიცვან. საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ მთავრობა ვალდებულია, რომ არჩევნები და პანდემია - ახალ გამოწვევას გაუმკლავდეს, რაც მისივე აზრით, ასევე ახალი გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას იძლევა. “არჩევნები და პანდემია კიდევ ცალკე თემაა, რომელიც ჩვენ ასევე მოგვცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას. არჩევნები პანდემიის პირობებში არის ასევე გლობალური გამოწვევა, ესეც რაღაც ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და აქაც ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ისეთი, რასაც დავაგროვებთ, ცოდნის სისტემატიზაციასაც მოვახდენთ და შემდეგ უკვე დავტოვებთ იმისთვის, რომ ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ ჩვენს ქვეყანაში” - განაცხადა გახარიამ. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში კონსულტაციები და შეხვედრები უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კიდევ იგეგმება”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 425 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2020

სიახლეები