May 15, 2024

“აგენტების კანონის” საკომიტეტო განხილვიდან ანრი ოხანაშვილმა 7 დეპუტატი გააძევა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან 7 დეპუტატი გააძევა, რამდენიმეს კი სიტყვის დამთავრების საშუალება არ მისცა და გამოსვლა შეაწყვეტინა სხდომის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილება სადავო “აგენტების კანონი”.

სხდომიდან გაძევებული დეპუტატები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია, "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი, პარტია "მოქალაქეების" წევრი ქეთევან თურაზაშვილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ანა წითლიძე.

 

სალომე სამადაშვილმა დარბაზის იძულებით დატოვების შემდეგ თქვა, რომ აპირებს სარჩელი შეიტანოს მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო - ყოველ ჯერზე, როცა დეპუტატს დარბაზიდან აძევებენ, საკომიტეტო მოსმენის სხდომის პირდაპირი ეთერის ტრანსლაციისას კადრი ითიშება და საზოგადოება ვერ იგებს, რა ფორმით ტოვებენ დეპუტატები სხდომათა დარბაზს.

 

„ფიზიკური ძალადობაზე ვაპირებ სარჩელი შევიტანო როგორც პაპუაშვილის, კომიტეტის თავმჯდომარის და, სამწუხაროდ, იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომელიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება არ აქვთ მანდატურებს“, - ამბობს სამადაშვილი. მას კომიტეტის სხდომა იმ დროს დაატოვებინეს, როცა კითხვას სვამდა "აგენტების კანონის" მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხეზე.

 

„რა ამბავში ხართ? ანრი, გეშინია?! ეს არ გინდა, რომ ხალხმა გაიგოს?! გაგვიუქმებენ უვიზო მიმოსვლას!“- ეს იყო კითხვა, რომლის შემდეგაც დაატოვებინეს სალომე სამადაშვილს დარბაზი.

 

კოლეგების დარბაზიდან გაძევების მიზეზად ანრი ოხანაშვილმა თითქმის ყველა შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. კერძოდ, ოხანაშვილი მიუთითებს, რომ დეპუტატები „არ სვამდნენ კითხვებს II მოსმენის პრინციპებით და სვამდნენ I მოსმენის პრინციპის შესაბამისად”, ასევე მიკროფონის ჩართვის გარეშე სვამენ კითხვებს და ხელს უშლიან განხილვის პროცესს.

 

ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ აძლევდნენ და არ აცდიდნენ მათ არგუმენტების თქმის საშუალებას კანონის რუსულობასთან დაკავშირებით.

 

„ეს არის სირცხვილი, როდესაც ამბობ, არგუმენტები ვერ მოვისმინეო, მამუკა. არგუმენტებს ვერ მოისმენ, თუ ყველა გაყარე აქედან. უთხარი, რომ მომცენ კითხვის დასმის შესაძლებლობა. კითხვის დასმას ვაპირებ ჩვეულებრივად. თქვენ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი, მამუკა და ამიტომ გინდათ, ყველა გაყაროთ, ეს არის მიზანი. მაშინ აღიარეთ, რომ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი და ამიტომ გინდათ ყველა გაყაროთ“, - ეს სიტყვები გახდა ანი წითლის დარბაზიდან გაძევების მიზეზი.

 

გარდა დარბაზიდან გაძევებისა და სიტყვის თქმის უფლების შეზღუდვისა, ანრი ოხანაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არ მისცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ან მოსაზრების გამოთქმის საშუალება - ოხანაშვილის განმარტებით, ამ სხდომაზე რეგლამენტი მხოლოდ კითხვის დასმას ითვალისწინებს.

 

საკომიტეტო მოსმენაზე შეზღუდულია მედიის დასწრებაც - "აგენტების კანონის" განხილვა პარლამენტში ონლაინმედიის დაშვების გარეშე მიმდინარეობს. 29 აპრილს შეიზღუდა ტელემედიის ჯგუფების დაშვებული რაოდენობაც.

წაკითხვა 90 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 29 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.