“ისევე როგორც მთლიანად სასამართლო სისტემა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლოც ხელისუფლების ნების პირდაპირი აღმსრულებელია. ამიტომ ამ პროცესში მთავარი და გადამწყვეტი არის ის, თუ ამ კონკრეტულ ეტაპზე “ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკურად რა იქნება უფრო ხელსაყრელი: ოპოზიციური პარტიების სრული და საბოლოო აკრძალვა, მათი ნაწილის აკრძალვა და ნაწილის დატოვება, თუ პროცესის მაქსიმალურად გაჯანჯლება ან გადადება… როგორც ჩანს, მმართველ გუნდში არ ელოდნენ, რომ ოპოზიცია ასე აქტიურად ჩაერთვებოდა ამ განხილვებში. სავარაუდოდ, ხელისუფლების ვარაუდი და გათვლა იყო, რომ ოპოზიციური პარტიები უარს იტყოდნენ პროცესში მონაწილეობაზე, ბოიკოტს გამოუცხადებდნენ მას. მაგრამ როდესაც ოპოზიცია გამოცხადდა სასამართლოში და სრული სერიოზულობით ჩაერთო პროცესში, “ოცნებას” აღარ უნდა ამ დარბაზიდან პოლიტიკური განცხადებები ისმოდეს”, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “არ მგონია “ოცნებამ” ხუთივე პარტია აკრძალოს, რადგან…”
“ისინი ცდილობენ მხოლოდ გარკვეული პროცედურული საკითხების დაშვებას, მაგრამ უმარტივესი კითხვა იბადება: როგორ შეიძლება პროცესი არ იყოს პოლიტიკური? დიახ, ის მიმდინარეობს სასამართლოს შენობაში, მაგრამ განსახილველი საქმე წმინდა პოლიტიკური ხასიათისა და შეუძლებელია პოლიტიკური შინაარსის საქმე დარჩეს პოლიტიკური შეფასებებისა და პროცესის გარეშე! წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციამ სრულიად სწორი და ტაქტიკურად მართებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ პროცესში ჩაერთო. თუ ამ საქმეს ექნება გაგრძელება – და როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, შიდაეროვნული სამართლებრივი ინსტანციების ამოწურვის შემდეგ პროცესი აუცილებლად გადაინაცვლებს ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგში), მაშინ თითოეულ დეტალს ოქროს ფასი აქვს. სტრასბურგის სასამართლოსთვის მთავარი იქნება არა ის, თუ რამდენ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს ან უარყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, არამედ ის, თუ რამდენი შუამდგომლობა ექნება ოფიციალურად, სტატისტიკურად დაყენებული ოპოზიციას, რამდენზე იტყვის უარს სასამართლო და როგორი იქნება ამ უარის სამართლებრივი (ან უსამართლო) დასაბუთება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“არავის გვაქვს ილუზია, რომ საქართველოში ობიექტური და რეალურად სამართლებრივი პროცესი ჩატარდება… ნამდვილი სამართლებრივი განხილვა დაიწყება მხოლოდ მაშინ, თუ ევროპული სასამართლო მიიღებს ამ სარჩელს და დაიწყებს მის არსებით განხილვას. აქ კი, საქართველოში, ეს არის წმინდა პოლიტიკური ბრძოლა. მოკლედ, დღეს “ოცნება” ცდილობს ოპოზიციამ ეს პლატფორმა ვერ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, ვერც შიდაპროპაგანდისტული თვალსაზრისით და ვერც საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტით. გარდა ამისა, შევხედოთ საზოგადოებრივ მხარდაჭერას: ხელისუფლების მიერ ჩატარებული და გაანგარიშებული არჩევნების მონაცემებითაც კი ამ ოპოზიციურ პარტიებს ჯამურად მილიონამდე მხარდამჭერი ჰყავდათ. ამიტომ სრულიად აბსურდულია განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ეს პარტიები “ურეიტინგონი” არიან”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“დღეს შესაძლოა საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ეს ციფრი პირდაპირ არ ჩანს, სხვათა შორის, არც “ოცნების” რეალური რეიტინგი ჩანს მკაფიოდ, მაგრამ ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს და ამომრჩეველი რეალური არჩევანის წინაშე დადგეს, ვითარება მკვეთრად შეიცვლება. სამწუხაროდ, საქართველოში ისე გვაქვს საქმე, რომ ამომრჩეველი ხმას აძლევს “საწინააღმდეგო პრინციპით” (ვიღაცის ჯიბრზე) და არა იმის მიხედვით, თუ ვინ მოსწონს. ამიტომ საარჩევნო პროცესში ოპოზიციის რეიტინგი აუცილებლად გაიზრდება. სწორედ ამის პრევენციას ცდილობს მმართველი პარტია ამ სასამართლო ფარსით… ამ ეტაპზე სიურპრიზებს არ ველი. ყველაზე დიდი ალბათობა არის ის, რომ ეს პროცესი გაჭიანურდეს. არა მგონია, დღეს პოლიტიკური ვითარება, როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ იმდენად იყოს მომწიფებული, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილება: ან პარტიების საბოლოო აკრძალვაზე ან სარჩელის უკან გაწვევაზე და პროცესის გაუქმებაზე”, – მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი.
“დღეს ხელისუფლებისთვის ყველაზე რეალისტური და ხელსაყრელია პროცესის გაწელვა ოფიციალური განცხადების გარეშე. ნახეთ, რა ტაქტიკაა: განხილვები გაგრძელდება მომავალ კვირაში, შემდეგ გამოაცხადებენ, დავისვენებთო, მერე ნოემბრიდან განაახლებენ, მერე მოვა ახალი წელი, სადღესასწაულო დღეები და ასე შემდეგ. პროცესის ამგვარ გაჭიანურებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეფექტი: ის ნელ-ნელა აცხრობს აგრესიასა და საპროტესტო მუხტს ოპოზიციურ ელექტორატში. ადამიანები ეჩვევიან მოლოდინის რეჟიმს, მუხტი ვარდება და “ოცნება” ამ ფსიქოლოგიურ ფაქტორს ოსტატურად გამოიყენებს სათავისოდ. მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ვითარებაც – მიმაჩნია, რომ 2027 წელი იქნება გადამწყვეტი წელი გლობალურ პოლიტიკაში, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის, ისე ამერიკა-ირანის ურთიერთობების მიმართულებით. საქმე ისაა, რომ 2028 წელი უკვე არის მორიგი საარჩევნო ციკლის წელი და იქ უკვე, ფაქტობრივად, ვერაფერი გადაწყდება ვერც ერთი და ვერც მეორე მიმართულებით! სწორედ ამ დიდმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა შეიძლება მოახდინოს პირდაპირი გავლენა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც”, – ამტკიცებს ვახტანგ ძაბირაძე.
“ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ `ქართულმა ოცნებამ~ ხუთივე ოპოზიციური პარტია ერთბაშად აკრძალოს. სავარაუდოდ, რომელიღაც პარტიებს დატოვებენ ასპარეზზე, ნაწილს აკრძალავენ, ან პროცესს გაწელავენ. ამით მმართველი პარტია აღწევს მთავარს: ოპოზიციური ძალები მუდმივად სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინის რეჟიმში იქნებიან და ვერ შეძლებენ არჩევნებში სრულფასოვან, ეფექტურ მონაწილეობას. უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლებს გაცხადებულიც კი აქვთ, თუ რომელიმე პარტიას არჩევნებისას რეიტინგი გაეზრდება, მას არჩევნების შემდეგ შევიყვანთ ასაკრძალ სიაშიო, და ასე განაახლებენ ამ სამარცხვინო პროცესს. ეს პირდაპირ არის გადმოღებული რუსული გამოცდილებიდან. გახსოვთ, როგორ ჩამოაცილეს არჩევნებს პარტია “იაბლოკო” რუსეთში? ზუსტად ამ სქემას ვხედავთ საქართველოშიც. “ოცნებას” რეალობა და დემოკრატიული სტანდარტები არ ადარდებს. მათ შეუძლიათ არჩევნების შედეგების მანიპულირება და გაყალბება, თუკი არ იქნება ხილული, მასშტაბური და უწყვეტი საპროტესტო ტალღა”, – განმარტავს რესპონდენტი.
“მომავალი 2027 წელი იქნება გარდამტეხი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში და ეს გარდატეხა პირდაპირ აისახება საქართველოს მიმართულებაზეც. პუტინი ცდილობს საბჭოთა იმპერიის აღდგენას ახალი ფორმით – არა პირდაპირი 15 რესპუბლიკის სახით, არამედ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მსგავსად: ნახევრად დამოუკიდებელი, სატელიტური სახელმწიფოების ქსელის შექმნით ან დსთ-ის გაცოცხლებით. ამ გეგმისთვის ხორცის შესასხმელად პუტინს დრო 2027 წლის ჩათვლით აქვს. შემდგომ წლებში მას ამისთვის რესურსი აღარ ექნება… ეს რეალობა “ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის და სწორედ ამიტომ გაააქტიურეს ეს რუსული ვექტორი. პრემიერის წარმომადგენლად მინისტრის მოადგილის რანგის პირის დანიშვნა უკვე უაღრესად სერიოზული პოლიტიკური განაცხადია. ნახეთ, რა პროცესები დაიწყო: რუსები უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ საქართველომ უნდა გააფორმოს ოფიციალური ხელშეკრულება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან “ძალის გამოუყენებლობისა და თავდაუსხმელობის შესახებ”, – დაასკვნის კონსტიტუციონალისტი.
“ეს რეალურად ნიშნავს ამ ორი ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო და დე იურე დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოს ხელისუფლების მიერ. ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ არც აფხაზეთს და არც სამხრეთ ოსეთს არ გააჩნიათ არც დემოგრაფიული, არც ეკონომიკური და არც ინსტიტუციური რესურსი, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იარსებონ. მათი “დამოუკიდებლობის აღიარება” ავტომატურად ნიშნავს ამ ტერიტორიების პირდაპირ მიერთებასა და ანექსიას რუსეთის ფედერაციის მიერ! იმავდროულად, აქტიურად განიხილება სატრანსპორტო ხაზებისა და რკინიგზის გახსნის საკითხი. თავის დროზე ეს ფორმატი კულტურული და ჰუმანიტარულ-ეკონომიკური თემებით ინიღბებოდა, ახლა კი ემატება მძიმე პოლიტიკური საკითხები. რუსეთი შეეცდება ეს პროცესი ისე ფრთხილად წარმართოს, რომ საქართველოში მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი არ გამოიწვიოს. თუმცა არ არის გამორიცხული, უკრაინის ფრონტზე კონფლიქტის გაყინვის შემდეგ რუსეთმა მთავარი პრიორიტეტი სწორედ სამხრეთ კავკასიაზე გადმოიტანოს და აქ სერიოზული არეულობის კერები შექმნას”, – დასძენს ვახტანგ ძაბირაძე







