პარტია „თავისუფალი ამომრჩევლების“ ლიდერი, ბავარიის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ჰუბერტ აივანგერი ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BILD-ი ავრცელებს.
პოლიტიკოსის გარდაცვალების ფაქტი აღნიშნულ გამოცემას ბავარიის მთავრობისა და ბერლინის პოლიციის წყაროებმა დაუდასტურეს. სიკვდილის კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
გავრცელებული ცნობებით, ოთხშაბათს ბერლინში „თავისუფალი ამომრჩევლების“ თავისი ოფისი გახსნა. როგორც გამოცემა BILD-ისთვის გახდა ცნობილი, ღონისძიებას ჰუბერტ აივანგერი არ დასწრებია, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. ის სასტუმრო Neuer Fritz-ში დარჩა, სადაც მოგვიანებით მისი ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიტიკოსის ოჯახს მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა.
ჰუბერტ აივანგერი 1971 წელს ქვემო ბავარიაში დაიბადა. მისი პოლიტიკური კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო: 2006 წლიდან ის ბავარიის „თავისუფალი ამომრჩევლების“ თავმჯდომარე იყო, ხოლო 2010 წლიდან პარტიის ფედერალურ გაერთიანებას ჩაუდგა სათავეში.
2018 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მან ბავარიის ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის, რეგიონული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის პოსტები დაიკავა. კონსერვატორი პოლიტიკოსი ევროკავშირის გადაწყვეტილებებისადმი მკვეთრი კრიტიკით გამოირჩეოდა.







