შსს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს.
შსს-ს თანახმად, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა – სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
შსს-ს თანახმად, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში, დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები. შსს აღნიშნავს, რომ ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის ფეისბუქ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა.
საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ აღნიშნული ნომერი შეიძინა „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი გურამ დადიანიძის “ფეისბუქ” პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა.
„გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს განთავსებული პოსტის წარმომავლობის დადგენის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში განახორციელეს არაერთი შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა – სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში, დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები. ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის ფეისბუქ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა.
აღნიშნული ნომერი შეიძინა „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა.
ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია (WhatsApp; Viber).
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის “ფეისუქის” გვერდზე სიტყვები – Арцыд растаг – 18 აგვისტოს დაიპოსტა.







