“ოპოზიციის ნაწილისთვის საპროტესტო აქციებზე კვლავ პრობლემად რჩება მიხეილ სააკაშვილის ბანერების გამოჩენა – “ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებს აქციებიდან გაძევებით ემუქრება და აცხადებს, რომ მომდევნო შეკრებებზე მათ წინააღმდეგ უფრო ორგანიზებულ მოქმედებებს მიმართავს. ამასთან, 28 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ჩერგოლეიშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში პროტესტის მთავარ მიღწევად თანმიმდევრულობასა და ბრძოლის გაგრძელების ნებისყოფას ასახელებს. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერებს შორის დაპირისპირება ერთიანი საპროტესტო ფრონტის შენარჩუნებას საფრთხეს უქმნის. მათი შეფასებით, მაშინ, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ცდილობს, პიროვნული და პარტიული უთანხმოებები საერთო მიზანს აზიანებს. ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი კი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებას მისი პოლიტიკური სისუსტისა და არაეფექტიანობის გამოვლინებად აფასებს. მათი თქმით, ერთმანეთთან კინკლაობისა და ურთიერთბრალდებების ნაცვლად, ოპოზიციურმა ძალებმა საზოგადოებას კონკრეტული პოლიტიკური ალტერნატივა უნდა შესთავაზონ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დაპირისპირებული ოპოზიციის დაყოფილი პროტესტი – რა ბედი ელის ერთიანობას.
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ოპოზიციაში სააკაშვილის ბანერების გამო დაწყებული დაპირისპირება სერიოზულ პრობლემას ქმნის, რადგან ამ დროს ოპოზიციას საპროტესტო მოძრაობის გააქტიურება და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის წარმოება სჭირდება. მისი აზრით, ჩერგოლეიშვილმა და სხვა ოპოზიციონერებმა პირადი უთანხმოებები გვერდზე უნდა გადადონ, რადგან სააკაშვილის მხარდამჭერებსაც აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება აჩვენებს, რომ მათ უჭირთ ერთიანი პოლიტიკური ბრძოლის წარმოება და ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის პოლიტიკური არგუმენტების შეთავაზების ნაცვლად, ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებული. მისი აზრით, ეს ოპოზიციის სისუსტესა და საარჩევნო პერსპექტივის არქონას წარმოაჩენს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ეს დიდი პრობლემაა – სააკაშვილი პოლიტპატიმარია და ვინც სააკაშვილის მომხრეა, იმ ადამიანების უფლებაა პროტესტის გამოხატვა. თუ ამ შემთხვევაში დაპირისპირება იქნება, ეს ძალიან დიდ პრობლემას შექმნის. მით უმეტეს საპროტესტო მოძრაობა ახლა უნდა გააქტიურებულიყო… პირველ რიგში სააკაშვილის მომხრეების და “ფედერალისტების” ბრძოლა საერთოა “ოცნების” წინააღმდეგ და რაღაც პიროვნული პრობლემები გვერდზე უნდა გადაიწიოს… არანაირად არაა რელევანტური არც ჩერგოლეიშვილის და არც სხვების რეპლიკები. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რაც მიტინგებზე ამ კუთხით ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. ადამიანებს უფლება აქვთ, რომ სააკაშვილის ბანერები წარმოადგინონ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვისას იკვეთება, რომ მესამე პრეზიდენტს ძალიან ბევრი რამ გამოუგონეს… ბევრი ამბობს – არც “ნაცები” და არც “ქოცები”, ვინც ამას აკეთებს ვფიქრობ, ქოცების სამსახურში დგას, ასევე, ვინც ამბობს აქციაზე თუ გადაცემებში “ნაცები” არა, ისინი “ოცნების” წისქვილზე ასხამენ წყალს”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“რაც უფრო მეტ ასეთ იაფასიან შოუს მოაწყობენ მცირერიცხოვან აქციებზე, მით უკეთესია პოლიტიკის გაჯანსაღებისთვის, რამეთუ თავად რადიკალური ოპოზიციის მომხრეებმაც უნდა დაინახონ, თუ ვისთან აქვთ საქმე. ერთმანეთს დაწყევლიან, შეაგინებენ, ფიზიკურ ქმედებებში გადავლენ, ეს სხვა თემაა, მაგრამ, ფაქტია, რომ პირობითად, კასრში მყოფი ვირთაგვების შერკინებაა, რომლებსაც არანაირი პერსპექტივა არა აქვთ საარჩევნოდ, თან ძალიან ახლოსაა ის პროცესი, როცა სამართლებრივადაც უნდა აიკრძალოს ცალკეული ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობა. ძალიან არასერიოზულ სიბრტყეში არიან უკვე გადასულები, სასოწარკვეთილები, უსაშველოები, უპერსპექტივოები და ისღა დარჩენიათ ერთმანეთს ეკინკლაონ და რამეში კი არ დაარწმუნონ საკუთარი ელექტორატი, არამედ უფრო გაახალისონ ფართო საზოგადოება”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“ჯერჯერობით ეს დარჩათ, შემდგომი ნაბიჯი რა იქნება არაპროგნოზირებადია, იქდან გამომდინარე, რომ საკუთარ თვითდაცემაში დიდოსტატები არიან და შეიძლება ისეთი რამ მოიმოქმედონ, რაც არაერთს გააოცებს. 2027-28 წლებში მთავარი ისაა, რომ ოპოზიციურ ველზე სააგრძნობლად მოძლიერდნენ ის პოლიტიკური აქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ მწვავე დისკუსიაში შესვლა და ამის ჩანასახოვანი, მაგრამ კარგი მაგალითები ახლახანს გამოჩნდა. თუნდაც ტელეკომპანია “იმედის” გაფართოებულ განსხვავებულ ფორმატში. დროა დისკუსიები გაიმართოს უმწვავეს პრობლემებზე, რომლებიც სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც არის და სამწუხაროდ რადიკალები არ აქცევენ ყურადღებას ამას, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს ხელისუფლებასთან კონკურენციაში ყოფნისას. აი ეს არის დემოკრატიის პრინციპი, გააკრიტიკე იქ, სადაც საჭიროა და შეეშვი ამ დესტრუქციულ ქმედებებს და განცხადებებს”,- ამტკიცებს აბაშიძე.
“ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერებს აქციებიდან გაძევებით ემუქრება. “ყველა აქციაზე დაპირისპირებას შევუქმნი და ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს. ეს ასე იქნება, რამდენიც არ უნდა იჭინთოთ. უფრო მეტი, შემდეგ აქციაზე კიდევ უფრო ორგანიზებულად დაგხვდებით და უფრო ორგანიზებულად გავწმენდთ თქვენგან აქციის პერიმეტრს რომ გზავნილი ვერ დაამახინჯოთ და გააყალბოთ”, – წერს ჩერგოლეიშვილი. ის 28 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით თვლის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ოპოზიციისა და პროტესტის მონაწილეთა მთავარი მიღწევა თანმიმდევრულობა და ბრძოლის გაგრძელების ნებისყოფაა. მისი შეფასებით, სწორედ ამან განაპირობა ბიძინა ივანიშვილის შიში, დასავლეთის სანქციები და “ოცნების” გავლენიანი წარმომადგენლების ციხეში ყოფნა – ”გაუმარჯოს ყველას, ვინც თანმიმდევრულად არ ნებდება! ამ ნებისყოფის დამსახურებაა ბიძინას პარანოია, დასავლური სანქციები და ციხეებში ჩაყრილი ბობოლა ქოცები”, – დასძენს გამოცემა.







