სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. მისი განცხადებით, არჩევნებში “სტუდენტურმა სიამ” გაიმარჯვა.
“შერჩევითი მონაცემების საფუძველზე ნათელია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ. სტუდენტურმა სიამ გაიმარჯვა – მათ 135-დან 140-მდე მანდატი ექნებათ, ჩვენ კი –დაახლოებით 105.” – თქვა ვუჩიჩმა.
მისივე შეფასებით, მისმა საარჩევნო სიამ დაახლოებით 1.72 მილიონი ხმა მიიღო, “სტუდენტურმა სიამ” კი – დაახლოებით 2.2 მილიონი.
ვუჩიჩის მიერ დასახელებული მაჩვენებლები წინასწარია. ამ გათვლით, სტუდენტური მოძრაობის მიერ მხარდაჭერილი სია 250-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.
ცნობისთვის, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომამდე ვუჩიჩის მიერ დანიშნულ ვადამდელ არჩევნებს თითქმის ორწლიანი სტუდენტური საპროტესტო ტალღა უძღოდა წინ.
გამოსვლები 2024 წელს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ დაიწყო. ტრაგედიას მაშინ 16 ადამიანი ემსხვერპლა. მომიტინგეები მომხდარს კორუფციასა და დაუდევრობას უკავშირებდნენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვდნენ.







