,,ვხედავთ, რომ არცერთი ქვეყანა არ ერიდება ფულის კეთებას ომის დროს. ეს მაშინ, როდესაც ზეპირად ამბობენ, თითქოს მთლიანად ჩამოშორდნენ რუსულ ბაზარს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ,,ჩვენ ამ ფარისევლობას არც თავიდან ავყოლილვართ”.
,,ვამბობდით, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებია, ჰქონდეს წვდომა მათ შორის რუსულ ბაზარზე, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის სახით. ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ბიზნესის შემოსავლები, ჩვენი ეკონომიკა იყოს მზარდი, ეს გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს წვდომა იაფ ენერგორესურსებზე, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ. ევროკავშირი ერთი მხრივ გვიმტკიცებს, თითქოს ჩამოშორდა რუსული ენერგომატარებლების წყაროებს. სინამდვილეში, 350 მილიარდი ევრო აქვს გადახდილი ევროკავშირს რუსეთისთვის ომის დროს – იმაზე მეტი, ვიდრე უკრაინას აძლევს ევროკავშირი. აღმოჩნდა, რომ ღვინო გააქვთ პირდაპირ ან ფარულად, სხვადასხვა ქვეყნის გამოყენებით. აბა რაღა უნდათ, ჩვენ რას გვესარჩლებიან ამ ყველაფრის შემდეგ?“, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.








