არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
კალაძის თქმით, თბილისის მერიის კამერებით აღრიცხვის სისტემის მონაცემებით, დედაქალაქში ერთი დღის განმავლობაში 900 ათასამდე ავტომობილი ფიქსირდება.
„მესმის თითოეული იმ ადამიანის, რომელიც ყოველდღიურად თბილისის ქუჩებში გადაადგილდება და საცობების გამო მნიშვნელოვან დროს კარგავს.
ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება, შვილს სკოლაში მიაცილებ, საღამოს კი დაღლილს სახლში დაბრუნება გინდა და საცობში გიწევს დგომა. ეს ცხადია მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა არ არის. ეს არის ადამიანების დაკარგული დრო, ნერვიულობა და ის საათები, რომლებიც მათ საკუთარ ოჯახებთან, შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან უნდა გაატარონ.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს თბილისში დაახლოებით 474 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 948 ათასს აღწევს. ცხრა წელიწადში დედაქალაქში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა გაორმაგდა. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ თბილისი მთელი ქვეყნის ეკონომიკური და საქმიანი ცენტრია. დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ყოველდღიურად ჩამოდიან ადამიანები სამუშაოდ, ბიზნესსაქმიანობისთვის, მომსახურების მისაღებად. ბევრი ავტომობილი გამოიყენება ტაქსისა და სხვა კომერციული საქმიანობისთვის. არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ევროპის არაერთმა განვითარებულმა ქალაქმა დაიწყო მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემაზე გადასვლა, მისივე თქმით, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაც, 2017 წლიდან სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნდა.
„ევროპის არაერთმა განვითარებულმა ქალაქმა, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, დაიწყო მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემაზე გადასვლა – 2017 წლიდან სწორედ ამ პრინციპზე დავაფუძნეთ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა.
ხშირად გვესმის კრიტიკა, თითქოს არსებული საცობები მხოლოდ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული სატრანსპორტო ცვლილებების შედეგია. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მართვა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მაგრამ აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვდგამთ. თბილისს აქვს თავისი გეოგრაფია, რელიეფი, ისტორიული უბნები, საცხოვრებელი სახლები, საფეხმავლო სივრცეები და მწვანე ტერიტორიები. შეუძლებელია ავტომობილების რაოდენობის მუდმივ ზრდას მხოლოდ გზების გაფართოებითა და ახალი ესტაკადების მშენებლობით ვუპასუხოთ. ათწლეულების განმავლობაში თბილისში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში, საგზაო ინფრასტრუქტურა ძირითადად კერძო ავტომობილებზე იყო მორგებული. თუმცა საერთაშორისო გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ავტომობილებისთვის მეტი სივრცის შექმნა საცობების გრძელვადიანი მოგვარების გზა ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ ევროპის არაერთმა განვითარებულმა ქალაქმა, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, დაიწყო მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემაზე გადასვლა“, – აღნიშნა კლახა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, მულტიმოდალური პრინციპი ნიშნავს, რომ ქალაქის ქუჩა უნდა ემსახურებოდეს ყველას – ფეხით მოსიარულეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრს, ავტომობილის მძღოლს, ველოსიპედისტს და გადაადგილების სხვა საშუალებებით მოსარგებლე ადამიანებს.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მიზანია, ქალაქის ქუჩები იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და ხელმისაწვდომი მოძრაობის ყველა მონაწილისთვის.
„ყველას უნდა ჰქონდეს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გადაადგილების შესაძლებლობა. გვახსოვს ალბათ, წლების წინ ტროტუარებზე ფეხით გავლა იყო შეუძლებელი. ჭავჭავაძის გამზირი იყო ამის კარგი მაგალითი. ტროტუარები გადავსებული იყო ავტომობილებით, დედა შვილს ეტლით ვერ გაასეირნებდა. 2017 წლიდან სწორედ მულტიმოდალურ პრინციპზე დავაფუძნეთ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა. უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ სატრანსპორტო გეგმა. მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება შესაბამისი კვლევებისა და სატრანსპორტო მოდელირების საფუძველზე. ამ მიდგომით განვაახლეთ ჭავჭავაძის, წერეთლის, ქეთევან დედოფლის, მელიქიშვილის გამზირები და სხვა მნიშვნელოვანი ქუჩები. ამავე პრინციპით ხორციელდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.








