მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე ბინაში, 53 წლის ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ დაკავშირებია, რის გამოც მისმა დამ ინერვიულა და დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.
მაშველებმა ბინის კარი გააღეს და აივანზე პარკებში მოთავსებული ქალის ცხედრის ნაწილები აღმოაჩინეს. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა მკვლელობის გარემოებების დადგენა და შესაძლო დამნაშავის ძებნა დაიწყეს.
ელენა წერეთელი რესტორატორ და ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე გახლდათ. მათ საერთო ქალიშვილი, 19 წლის დარია ჰყავდათ. რუსული მედიის ინფორმაციით, ყოფილი მეუღლეები რამდენიმე ბიზნესპროექტშიც ერთად მონაწილეობდნენ და ხშირად მოგზაურობდნენ საზღვარგარეთ.
გამოძიება ელენას პარტნიორ მამაკაცზე გავიდა, ის 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილია. რუსული მედიის ცნობით, ის ქართველი ბიზნესმენია და რუსეთში ბინადრობის უფლება აქვს. მას წარსულში ნასამართლობა არ ჰქონია და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში არ მიუციათ.
გამოძიების კვალმა საბოლოოდ ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხამდე მიიყვანა, რომელსაც გოგიაშვილი იყენებდა. სწორედ იქ აღმოაჩინეს ელენას 19 წლის ქალიშვილის, დარიას, ცხედარი.
ავტოფარეხის დათვალიერებისას სამართალდამცველებმა იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავიც იპოვეს. ახლა გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, რა ვითარებაში აღმოჩნდა 19 წლის გოგონა ავტოფარეხში, როდის დაიღუპა და ვინ შეიძლება იყოს მისი სიკვდილის მონაწილე.
გოგიაშვილი ვორონეჟის ოლქში დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მისი გადაადგილების მარშრუტები ვიდეოკამერების ჩანაწერების საფუძველზე მაქსიმალური დეტალიზაციით აღადგინეს.
„საგამოძიებო მოქმედებების დროს აღმოჩენილია ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე დაზარალებულის თანაცხოვრები მამაკაცის მიერ გამოყენებული ავტოფარეხი. მისი დათვალიერებისას ნაპოვნია ქალიშვილის ცხედარი და იარაღის სამალავი. შემთხვევის მეორე ადგილის დათვალიერება გრძელდება. მამაკაცის გადაადგილების მარშრუტები ვიდეოთვალთვალის მონაცემების საფუძველზე მაქსიმალური დეტალიზაციით აღადგინეს. ის ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს“, – ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
გოგიაშვილთან ერთად სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებული 40 წლის ქალიც დააკავეს. ამჟამად გამომძიებლები ამოწმებენ, ჰქონდა თუ არა მას დანაშაულთან რაიმე კავშირი.
ამ დროისთვის ოფიციალურად უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი და რა ვითარებაში დაიღუპნენ ელენა და მისი 19 წლის ქალიშვილი. ორივე მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
გოგიაშვილთან ერთად სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებული 40 წლის ქალიც დააკავეს. მისი შესაძლო მონაწილეობა მკვლელობაში ამჟამად მოწმდება. უახლოეს პერიოდში ეჭვმიტანილის დაკითხვა იგეგმება, რის შემდეგაც გამომძიებლებმა დანაშაულის გარემოებები და შესაძლო მოტივი უნდა დაადგინონ.
მამუკა წერეთელი სარესტორნო ბიზნესში 2000-იანი წლების ბოლოდან მუშაობს. მისი კომპანია მოსკოვში Subway-ის ქსელის განვითარებით იყო დაკავებული, ხოლო 2010 წლისთვის ბიზნესმენი ფრენჩაიზის შვიდ ობიექტს მართავდა.
მოგვიანებით მან საკუთარი გასტრონომიული პროექტები განავითარა. 2020-2021 წლებში წერეთელი Beer Pairing-ის მფლობელი და იდეის ავტორი იყო. პროექტი ლუდის გასტრონომიის მიმართულებას წარმოადგენდა. რუსულ მედიაში მის სხვა პროექტებს შორის ფო-ბოს, ქართული სამზარეულოსა და სწრაფი კვების ობიექტებიც სახელდება.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ელენა და მისი 19 წლის ქალიშვილის მკვლელობის მიზეზი. გამოძიება ასევე ადგენს, რა როლი ჰქონდა მომხდარში დაკავებულ 40 წლის ქალს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.







