,,2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან თითქმის 700 დღე გავიდა. ეს 100 კვირაა.
არჩევნები, რომლებიც ოპოზიციის ნაწილმა რეფერენდუმად გამოაცხადა, მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდა”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, შედეგის არცნობას ქუჩის მორიგი პოლიტიკური პროცესი მოჰყვა, რომელსაც მოგვიანებით მარკეტინგულად „უწყვეტი პროტესტი“ უწოდეს.
“ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა. ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, რომ საფუძვლიანად აღვწეროთ, თუ როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად და როგორ მივიღეთ თითქოს ტრადიციული კამპანიიდან საკუთარი რიტუალების, სიმბოლოების, კალენდრისა და შიდა მორალური წესრიგის მქონე აგრესიული თემი – ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტა.
ხანგრძლივი პროტესტი თავისთავად სექტანტურობას არ ნიშნავს. გარდატეხა მაშინ იწყება, როდესაც მოძრაობა შეცდომის აღიარებაზე უარს ამბობს, განსხვავებულ აზრს ღალატად აცხადებს და წარუმატებლობას უპირობო ერთგულების მოთხოვნით პასუხობს.
როდესაც პოლიტიკური მოძრაობა საკუთარ არსებობას კონკრეტული შედეგით ვეღარ ამართლებს, მის წინაშე არჩევანი დგება: შეაფასოს განვლილი გზა, შეცვალოს ტაქტიკა, გადაახალისოს მიზნები ან დაასრულოს კამპანია. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გზა – გაგრძელება თავად გამოაცხადოს წარმატებად. ამ დროს შეკრება, მარში და სიმბოლური მოქმედება თანდათან თვითმიზნად იქცევა, პრინციპით: „ვაგრძელებთ, მაშასადამე ვარსებობთ“.
სწორედ აქ ჩნდება ის პრობლემა, რომელიც რუსთაველის პროტესტშიც გამოიკვეთა: ფორმა თანდათან იცლება თავდაპირველი შინაარსისგან და თავად ხდება შინაარსი. რიტუალის შესრულება კი მონაწილეობის მთავარ იდეად იქცევა.
სწორედ აქ იკვეთება ფსევდორელიგიური გარდაქმნის ნიშნები:
1. წმინდა სივრცე
რელიგიურ თემს აქვს ადგილი, სადაც ჩვეულებრივი სივრცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. „უწყვეტ პროტესტში“ მსგავს ფუნქციას რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ასრულებს.
შეკრების რიტუალური განმეორება ამ ადგილს ჯგუფური იდენტობის სიმბოლოდ აქცევს. რუსთაველზე მისვლა უკვე მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნის გამოხატვა აღარ არის, ის კუთვნილებასაც ადასტურებს: „აქ ვარ, მაშასადამე თქვენიანი ვარ“.
მრევლი ტაძარში იკრიბება, პროტესტის მონაწილეები – პარლამენტის თაღებთან.
2. პოლიტიკური ლიტურგია
რიტუალს განმეორებადობა სჭირდება.
ერთი და იგივე საათი, მარშრუტი, მსვლელობა, სკანდირება, დროშები, მუსიკა, პარლამენტთან მისვლა და დაშლა ქმნის თითქმის ლიტურგიულ ციკლს.
რიტუალის რეალური პროდუქტი ყოველთვის ხელისუფლების გადაწყვეტილების შეცვლა არ არის. მისი პროდუქტი შეიძლება იყოს თვითონ ჯგუფის ხელახლა შექმნა, განმტკიცება, არსებობის დადასტურება. აქვე გამოიყენება ქენჯნის მექანიზმიც – რიტუალიდან ამოვარდნა უკვე ერთგვარი ღალატია, ცოდვა, რომელიც კისერზე გაწვება და სინანულისა და დაბრუნებისკენ გიხმობს.
3. საკუთარი კალენდარი
ჩამოყალიბებულ თემებს აქვთ თარიღები, რომლებიც ჯგუფის მეხსიერებას პერიოდულად ააქტიურებს. თბილისის პროტესტშიც პოლიტიკური კალენდარი განსაკუთრებული დღეებით შეივსო: პროტესტის დაწყების თარიღი, დაკავებების დღეები, წლისთავები და სხვა მრგვალი რიცხვები.
ასეთი კალენდარი მოძრაობას საშუალებას აძლევს საკუთარი ისტორიული დრო შექმნას. პოლიტიკური მოვლენები იცვლება, მაგრამ რიტუალი დროის თვლას აგრძელებს.
პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც შეკრების აუცილებლობას თავად თარიღი ასაბუთებს და აღარ ისმის კითხვა, რა უნდა შეცვალოს ამ შეკრებამ. იქმნება ჩაკეტილი წრე: ახალი თარიღი, ახალი მოლოდინი, და შემდეგ მომდევნო თარიღისთვის მზადება.
4. მოწამეები
რიტუალიზებულ მოძრაობას სჭირდება მოწამეები. ამიტომ, დაპატიმრებული, დაშავებული, სამსახურიდან წამოსული ან სხვა პირადი ფასის გადამხდელი ადამიანი ბუნებრივად ხდება მოძრაობის მეხსიერების მნიშვნელოვანი ნაწილი.
პოლიტიკური პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც განცდილი დანაკარგი მოძრაობის უტყუარობის მტკიცებულებად ცხადდება. თავდაპირველად ლოგიკა ასეთია: „ვიბრძვით და ამიტომ გვყავს დაზარალებულები“. შემდეგ ხდება ჩანაცვლება: „რადგან გვყავს დაზარალებულები, ესე იგი ჩვენი ბრძოლა მართალია“.
სწორედ ამ ჩანაცვლებიდან იწყება გმირების საკრალიზაცია. იკითხება პატიმრების წერილები, წარმოითქმის მათი სახელები, იხატება პორტრეტები. ამ სიმბოლურ სამყაროშიც ყალიბდება იერარქია: ვიღაც რიგითი გმირია, ვიღაც – სექტის მთავარი მოწამე.
დიდი ხანია, დაიკარგა ის შინაარსი, რის გამოც ეს ადამიანები პატიმრობაში მოხვდნენ, ახლა საკუთრივ მათი პატიმრობა იქცა შინაარსად. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად სწორედ სექტას ჭირდება პატიმრები, რათა საფუძველი შეუნარჩუნოს თავის არსებობას.
5. სიმბოლოები
დროშა, სიმღერა, ფოტო, სლოგანი ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკაციის ელემენტებია. მაგრამ განმეორებითი რიტუალის პირობებში ისინი სხვა ფუნქციას იძენენ.
იქმნება სპეციალური იკონოგრაფია – ვიზუალური და ხმოვანი ნიშნები, რომელთა გამოყენებას უკვე მხოლოდ საინფორმაციო დატვირთვა აღარ აქვს. ისინი ჯგუფური კუთვნილების ნიშნებია.
დროშის ფრიალი ან სკანდირება აღარ ამბობს მხოლოდ რას მოითხოვს ადამიანი. ის ამბობს, ვის ეკუთვნის ადამიანი.
6. წინასწარმეტყველება
ხანგრძლივ მობილიზაციას მომავლის დაპირება სჭირდება: „გამარჯვება ახლოსაა“, „ცოტაც“, „კიდევ ერთი დიდი შეკრება“, „გამოვა, მაგრამ უშენოდ არ გამოვა“, „ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ“, „ბოლომდე“.
გადის დრო და დაპირებული გარდატეხა არ დგება. მოდის ახალი თარიღი, შემდეგ კიდევ ახალი. ამ დროს ჯგუფს შეუძლია საკუთარ ვარაუდებს გადახედოს, მაგრამ მას ასევე შეუძლია გამარჯვება კიდევ ერთხელ გადადოს. მეორე შემთხვევაში პროგნოზი თანდათან ცრუ წინასწარმეტყველებას ემსგავსება: გაურბის შემოწმებას, მისი არგამართლება კი რწმენის ახალ გამოცდად ცხადდება.
7. დოგმა
პოლიტიკური პოზიცია განსჯას ექვემდებარება: იცვლება ტაქტიკა, ზუსტდება მოთხოვნა, ხდება კომპრომისი. პოლიტიკაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
დოგმატურ სისტემაში კი მოქმედებს საპირისპირო პრინციპი. დოგმის მთავარი თვისება ის არის, რომ ფაქტი მას პირდაპირ ვერ აუქმებს. ამიტომ ქრება ყველა კითხვა შინაარსზე. ნებისმიერი პოლიტიკური კამათი კი მორალურ კატეგორიებში გადადის და რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: „რომელ მხარეს დგახარ?“
სწორედ ამიტომ არის, რომ ამ ფსევდორელიგიური სექტის დოგმატიკაში ევროკავშირი „აღთქმული მიწაა“, 78-ე მუხლი – მრწამსი, რეზოლუციები – მცნებები, უცხოელი პოლიტიკოსი კი უმაღლესი ქურუმი, რომელსაც უცდომელობის თვისება გააჩნია.
ამ გზით, სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საკითხები რწმენის სიმბოლოებად გარდაიქმნება. მათ შესახებ მსჯელობას კი მორჩილების მოთხოვნა ანაცვლებს.
8. საბოლოო ტრანსფორმაცია
ყველა დოქტრინას, რელიგია იქნება თუ ფსევდორელიგია, სჭირდება ტერიტორია, სასიცოცხლო სივრცე, მასშტაბი. საქართველოს შემთხვევაში ცარიელი ნიშა არ არსებობს – გვაქვს სახელმწიფო, საზოგადოება, ეკლესია, მორალი, იდენტობა, წესი და კულტურა.
ყოვლისმომცველობაზე პრეტენზიის მქონე სექტამ, სასიცოცხლო სივრცის მოსაპოვებლად, ყველა ჩამოთვლილ სვეტს შეუტია, პარალელური სახელმწიფო და ცრუ-პრეზიდენტი შექმნა, საზოგადოებას ახალი მორალი უქადაგა, სარწმუნოება გამოგონილი იდეოლოგიით ჩაანაცვლა და გარეთ მოცლილი პოლიტიკოსები აქაურ ქურუმებად აკურთხა. თუმცა, მიუხედავად ყველა მცდელობისა ის რეალურ თუ ვირტუალურ რუსთაველს ვერ გასცდა.
პოლიტიკური მოძრაობა არსებობს იმიტომ, რომ რაღაც უნდა შეცვალოს. თუმცა, რიტუალიზაციის შემდეგ პროცესი იცვლება. თუ მანამდე ჯგუფი არსებობს მიზნისთვის, შემდეგ მიზანი იწყებს ჯგუფის არსებობის გამართლებას.
ამ ეტაპზე რიტუალიზაციამ ადმიანების ამ ჯგუფს უკვე მისცა სოციალური გარემო, კოლექტიური იდენტობა, ყოველდღიური რიტუალი, მორალური მნიშვნელობის განცდა, მსხვერპლები, სიმბოლოები, განსაკუთრებული თარიღები და მოუნიშნა მტრები.
სწორედ ამიტომ, პოლიტიკური მიზნის მიუღწევლობა ამგვარი ჯგუფის დაშლას ავტომატურად არ იწვევს. პროცესის შეწყვეტა მონაწილისთვის შეიძლება ნიშნავდეს არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური კამპანიის დასრულებას, არამედ იმ სოციალური გარემოს, იდენტობის, ყოველდღიური რიტუალისა და მორალური მნიშვნელობის დაკარგვას, რომელიც პროცესმა მის ცხოვრებაში შესძინა.
სწორედ აქ არის ყველაზე ზუსტი პარალელი ფსევდორელიგიურ თემთან: მოძრაობა აღარ არის მხოლოდ საშუალება გარე სამყაროს შესაცვლელად. ის ხდება დამოუკიდებელი სოციალური სამყარო, რომელიც წევრისთვის თავად ქმნის მნიშვნელობას.
როდესაც შედეგი ვეღარ ამართლებს პროცესს, პროცესმა თავად უნდა დაიწყოს საკუთარი თავის გამართლება. რიტუალი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ეს ხდება, ხოლო როდესაც რიტუალის გაგრძელება თავად ხდება მიზანი, პოლიტიკური მოძრაობა თანდათან გარდაიქმნება დახურულ ფსევდორელიგიურ სექტად.
დღეს რუსთაველზე, დღეთაღრიცხვის 666-ე დღეს, სწორედ ამ ნიშნების ერთობლიობას ვხედავთ.
2028 წლის 28 ოქტომბრამდე ჯერ კიდევ ასეულობით დღეა დარჩენილი. დღევანდელი პატიმრების უმრავლესობა უბრალოდ მისჯილ ვადას მოიხდის და გარეთ გამოვა, სადაც მათ მათივე სახელობის სექტა დახვდება და საკუთარ თავს ხატებზე აღმოაჩენენ.
ამ ადამიანებისთვის მაშინაც დარჩება პირადი არჩევანი – განაგრძონ ცხოვრება ნორმალური საზოგადოების წევრად, სადაც განსხვავებული აზრი და შეხედულება ნორმაა, თუ საკუთარი იდენტობა კვლავ იმავე მოძრაობასა და მის რიტუალებს დაუკავშირონ, რომელმაც ციხეში მარტვილობისთვის გაიმეტა.
თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ ამ ადამიანებს არ ეხებათ.
პროცესი, რომელიც ადამიანების ამ ჯგუფმა დაიწყო, აღწერილი ტრანსფორმაციის გამო თავად იქცა არა მარტო ბრძოლის, არამედ იდეის გაკოტრებად.
ამიტომ, „უწყვეტობა“ დროის აღმნიშვნელი სიტყვა აღარ არის. ის უკვე დოქტრინაა. ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტის დოქტრინა”, – წერს პაპუაშვილი.








