თურქეთის ქალაქ სტამბოლში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რასაც, სულ მცირე, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიამ ქალაქის რამდენიმე რაიონი დააზარალა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები და გზები.
სამაშველო სამსახურებს სტიქიის ზონებში ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაცია მთელი ღამის განმავლობაში უწევდათ.
დაღუპულთა შორის 14 წლის მოზარდია, რომელსაც ფათიჰის რაიონში პარკში წყლის გუბეში შესვლისას დენმა დაარტყა. ასევე დაიღუპა 34 წლის მამაკაცი, რომელიც სარიერის რაიონში სველ ქუჩაზე გადაადგილებისას წაიქცა და თავი დაარტყა. მესამე გარდაცვლილის ცხედარი კაგითჰანეს რაიონში, პარკის მახლობლად აღმოაჩინეს.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა დატბორილ ტერიტორიებზე ჩარჩენილი 2 700-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს.
წყალდიდობის გამო სტამბოლში სასწავლო პროცესი შეჩერდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, აუცილებლობის გარეშე გარეთ არ გავიდნენ. უსაფრთხოების მიზნით, ქალაქში მოტოციკლებითა და სხვა ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებაც შეიზღუდა.
მეტეოროლოგების პროგნოზით, სტამბოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მომდევნო დღეებშიც მოსალოდნელია ნალექი. მაშველები და მუნიციპალური სამსახურები სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობას აგრძელებენ.








