ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-11 სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული 16 საკითხი დაამტკიცა.
სხდომას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარეხი ნიჟარაძე უძღვებოდა.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 10 213 500 ლარით გაიზარდა, შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილება დღეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის N283 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით დამატებით 10 000 000 ლარი გამოეყო.
აღნიშნული თანხით განახლდება მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი. მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქალაქი ეტაპობრივად შეიძენს 14 მიკროავტობუსსა და 34 ავტობუსს.
მიღებული გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 დეკემბრის № 350 განკარგულებაში, რის შედეგადაც განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2024–2027 წლებში დასაფინანსებელი პროექტები.
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განისაზღვრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემა.
საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქუთაისში სახელი შეეცვალა მამია ორახელაშვილის ქუჩას და მას საქართველოს გმირის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის, ავთანდილ დეკანოიძის სახელი მიენიჭა.









