არაკონსტიტუციური ხუთიანი, არის ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა , ამას ჰქვია მეხუთე კოლონა, როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს მეტყველებს თავისთავად იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი ALDE თქვენ გახსოვთ, რომ პირდაპირ პრაქტიკულად ტერორისტული აქტის მხარდამჭერად გამოვიდა ჩვენ ქვეყანაში, როდესაც არ დაგმო ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედება, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე „ალდეს“ განცხადება.
კობახიძის თქმით, ქართული საზოგადოებისთვის „ალდეს“ შეფასება რთული არ არის და მსგავსი განცხადებები პირდაპირ არის უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში.
„რაც შეეხება ზოგადად საერთაშორისო გამოხმაურებას, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ერთადერთ რამეს, რომ ნაცვლად ასეთი მშრალი პოლიტიკური განცხადებებისა, ჩახედონ სარჩელს და თუ რაიმე სამართლებრივად აქვთ სათქმელი კეთილი ინებონ და ის თქვან. ასევე შემდეგ, როცა უკვე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს ის, ჩახედონ გადაწყვეტილების ტექსტს და თუ სამართლებრივი პრეტენზიები ექნებათ, ისაუბრონ სწორედ სამართლებრივ პრეტენზიებზე და ნუ გააკეთებენ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს. ასეთი განცხადებები პირდაპირ არის უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.








