ამ გვერდის ამობედვა

ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტის დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ რეფერენტული ფასი გაზრდილიყო - ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტის დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ რეფერენტული ფასი გაზრდილიყო.

 

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფარმაცევტული კომპანიების მიერ მსგავსი ქმედება არის სამწუხარო ფაქტი.

 

„რეალურად, მთელი გასული კვირის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი პრეტენზია იყო როგორც ექიმების, ასევე მშობლების მხრიდან. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ საჭირო ერთადერთი მედიკამენტი იყო დეფიციტში, ვერ ნახულობდნენ ვერცერთ აფთიაქში. შესაბამისი რეაგირება მაშინვე მოვაყოლეთ. როცა ეს ნაშთები გადამოწმდა აფთიაქებსა და საწყობებში, აფთიაქებში არ იყო და საწყობებში დავინახეთ. კომპანიებს განზრახ არ ვამბობ, რადგან მოკვლევის ეტაპზეა. ათასობით კოლოფი იქნა საწყობებში ნანახი. აქ შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები, მოვითხოვეთ ამ მედიკამენტის ქსელში გაშვება. სავარაუდოდ, ეს დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ რეფერენტული ფასი, იქნებ გაზრდილიყო. ეს არის სამწუხარო ფაქტი. 7 ათასამდე მედიკამენტია ბაზარზე და ბაზაში. ჩვენ აუცილებლად ყველა ასეთ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება გვექნება. გამოვავლენთ და შესაბამისი რეაგირება იქნება სანქციების და ადმინისტრაციული კუთხით, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. კონკურენციის სააგენტო უფრო მეტ დეტალს დაადგენს, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს პრობლემა აღმოფხვრილია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფერენტული ფასი სამწუხაროდ გაიზრდებოდა, საწყობში ეს ნაშთები უწყებას რომ არ აღმოეჩინა.

 

„დღეს საწყობში საკმარისი მარაგებია, მომდევნო ერთი თვის მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა აზარაშვილმა.

წაკითხვა 253 ჯერ