ამ გვერდის ამობედვა

„დედიკოებო შეგიძლიათ ყოველი დღე საოცრებად აქციოთ, რადგან შესაძლებლობები თქვენს ხელშია“ - ბარბარე ნიშნიანიძე

„დედებო ოჯახური მდგომარეობა არ გაძლევთ უფლებას თქვათ: დავიღალეო, მთავარია მონდომება და შინაგანი სამყაროს მრავალფეროვნება, შეუპოვარი ხასიათი და ყველაფერი გამოგივათ,“- ამის შესახებ FirstNews.ge-თან საუბარში ინტეგრირების სპეციალისტი  კომპანია ,,Konzept-e“-ში ბარბარე ნიშნიანიძე აცხადებს.

ის უკვე მე-5 წელია გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ცხოვრობს. ამ წლების განმავლობაში  3 კომპანიასთან თანამშრომლობდა და ახლა მესამე კომპანიასთან ასრულებს შრომით ხელშეკრულებას. სექტემბრიდან კი უკვე ახალ გამოწვევებს ელოდება.  

 

2c2b2577 4a8e 4388 8d07 ce0687a32b78

უფრო ვრცლად კი, თუ როგორ მიაღწია ამ წარმატებას ბარბარე ნიშნიანიძემ და როგორ გაუმკლავდა ცხოვრებისეულ სირთულეებს, ჩვენს ინტერვიუში წაიკითხავთ.

 

- 2021 წლიდან ჩემი ცხოვრება გერმანულ რიტმს შეეჩვია და დღემდე საკმაოდ წარმატებულად მიჰყვება იმავე რიტმს, იმავე სიჩქარით. მოხალისეობრივი საქმიანობა სასწავლო ვიზიტად, თანდათან კი წინამდებარე ოფიციალურ სამუშაო გარემოდ შეიცვალა. განვლილი გზა ნამდვილად არ იყო მარტივი, მოგეხსენებათ უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება არც ისე მარტივია, უფრო სწორედ წარმოუდგენელიც კი, თან ისეთ ბიუროკრატიულ ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა. ადგილი, სადაც გიწევს ბრძოლა სამუშაო უფლებისთვის, ბინადრობის უფლებისთვის, სადაც ყოველი დღე საბუთების დასტასთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, ამ ბრძოლაში ყოველ დღე ვიმარჯვებ, აწ უკვე ჩემს პატარა ოჯახთან ერთად. 2024 წლის 17 ივლისს მე და ჩემმა მეუღლემ ქ. შტუტგარტში, საქართველოს საკონსულოში გავაფორმეთ ჩვენი ქორწინება. საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან, ჩვენი ოჯახის წევრებისგან შორს, უცხო მიწაზე ასეთი მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა, თუმცა გამოგვივიდა. 

 

842f0f41 16fd 4be6 bb92 24595eab2858

 

- როგორია იცხოვრო უცხო ქვეყანაში და თან წარმატებას მიაღწიო?

 

-  ჩემი დევიზია : ,,დაიჭირე წამი”! მიყვარს მრავალფეროვნება, მუდმივი სვლა განვითარებისკენ და საკუთარი მაქსიმუმის დადება.

დღემდე საკმაოდ რთულია იცხოვრო, იმუშაო, ისწავლო, ასწავლო და გამონახო დრო პერსონალური ურთიერთობებისთვის. თუმცა ჩემი პიროვნება არ მაძლევს დანებებისა და მოდუნების საშუალებას, პროგრესის ჟინი და საკუთარი ტემპერამენტი მაძლევს ძალას განვავითარო საკუთარი თავი, არ დავნებდე და მივიწევ ნელნელა მიზნისკენ.

 

ამ დროის განმავლობაში, ჩემს ცხოვრებაში საოცარი დრო დადგა, ,,დრო დედობისა” - ასე ვიტყოდი. მე და ჩემს მეუღლეს 13 წლის სიყვარულის თავზე ბიჭუნა შეგვეძინა, სახელად ადრიანე, რომელმაც ჩვენი განვლილი ურთიერთობის წლები სრულიად სხვაგვარად დაგვანახა, თითქოს ახალი ერა დაიწყო ჩვენში. ორსულობის ბოლო თვეებშიც კი მეხმარებოდა ჯერ არდაბადებული ბიჭუნა გამოცდების ჩაბარებაში მამიკოსთან ერთად. მოგეხსენებათ  გერმანული ენა რაც უფრო მაღალ დონეზე იცი, მით უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებ როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე აკადემიურ გარემოში, ამიტომაც ორსულობის ბოლო სამი თვე მაქსიმალურად გამოვიყენე და კიდევ ერთი გამოცდა ჩავაბარებინე საკუთარ თავს: გერმანული ენის C1 გამოცდა.

 

აქვე აღვნიშნავ იმას, რომ ჩემი მეორადი პროფესია 17 წლიდან კერძო რეპეტიტორობაა. ბავშვებს უკვე მე-11 წელია ინგლისურ ენის გაუმჯობესებაში ვეხმარები, რასაც მთელი ემოციით, პასუხისმგებლობით და სიყვარულით ვაკეთებ. იმ დროიდან, როცა გერმანულ ენას სათანადო დონეზე დავეუფლე, გადავწყვიტე ამ ენაშიც დავხმარებოდი შტუტგარტში მცხოვრებ ქართველ თუ უცხოელ ბავშვებს ენის გრამატიკულად სწორად შესწავლაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემმა ერთ-ერთმა მოსწავლემ გიმნაზიის საგზურიც კი დაიმსახურა სულ მცირე დროის შრომის შედეგად.

 

ეს საქმიანობა არც ორსულობის პერიოდში არ შემიწყვეტია, ბოლო თვემდე ჩემს გონიერ გოგო-ბიჭებს ინტენსიურად ვამეცადინებდი, როგორც ონლაინ, ისევე ადგილზე. არც ახლა ვაპირებ დაპაუზებას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე თითქმის ერთი თვეა დედა გავხდი, მალევე ვაპირებ ბავშვებთან სწავლების გაგრძელებასა და სამუშაო პროცესში ჩაბმას, ამისთვის კი ამ ქვეყანაში გვაქვს შესაძლებლობა ვიყოთ პროდუქტიულები, საქმიანები როგორ პირად ცხოვრებაში ასევე, პროფესიულ საქმიანობაში.

 

0e4961dd 8bc8 4575 8ed1 0413c756d74b

 

-  რას ურჩევდით დედებს?

 

- მიუხედავად პატარ- პატარა დაბრკოლებებისა, სირთულეებისა და ,,ქრონიკული სტრესისა” ქალები და ამავდროულად დედები, ვართ გაუტეხელნი, ბრძოლისუნარიანნი, შეუპოვარი არსებები, რომლებიც მუდმივად მიილტვიან განვითარებისკენ.

დედიკოებო, ლამაზნო, მშვენიერნო, შეუპოვარნო, ზოგჯერ დაღლილნო, ზოგჯერ მოქნილნო იყავით ისეთნი, როგორებიც გინდათ რომ იყოთ, ყოველი დღე საოცრებად შეგიძლიათ აქციოთ, რადგან შესაძლებლობები თქვენს ხელშია.

ცხოვრება სარბენ ბილიკს ჰგავს, არ უნდა გაჩერდე, თორემ წაიქცევი. მოდი, არ მივცეთ ჩვენს მეორე მე- ს გაჩერების უფლება, გავაგრძელოთ გზა განვითარებისკენ!

წაკითხვა 182 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 03 2026