ამ გვერდის ამობედვა

,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ. გილოცავთ ხარებას,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული არის გზა სულის გადარჩენისა.

 

„როგორ არის ნათქვამი ამ დღესასწაულის ტროპარში: „დღეს ცხორებისა ჩვენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, ძე ღვთისა ძედ ქალწულის იწოდების“.

 

ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, ესმით ეს ადამიანებს თუ არ ესმით, საბოლოო მიზნად აქვს, საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება. ეს არის ადამიანის ცხოვრების აზრი, ამ ღვთის სიყვარულის ძალით მადლმოსილება. შეგახსენებთ, წმინდა მამები ერთხმად ამბობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი არის სულიწმინდის მოხვეჭა, ამის შედეგად ადამიანი მადლით ხდება ღმერთი და აღწევს განღმრთობას. სწორედ ამისთვის მოხდა ძე ღმერთის განკაცება, ეს იყო მისი მიზანი.

 

მაგრამ ისმის კითხვა: იმჟამად, იმ საუკუნეებში ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი მადლმოსილება, სრული მადლმოსილება ადამიანისა?

 

ათასობით წლის განმავლობაში კაცობრიობა ცხოვრობდა ცოდვებში, უწმინდურობაში, წარმართობაში. მართალია, იყვნენ გამორჩეული ადამიანები, მათ შორის, წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლის შესახებ, ელოდნენ იმ დედაკაცის გამოჩენას, როგორც ნათქვამია ბიბლიაში, რომლის თესლიც დათრგუნავდა გველის თავს, ე. ი. ეშმაკს (დაბ. 3, 15), მაგრამ, ის არ ჩანდა და კაცობრიობა განაგრძობდა ცხოვრებას ბოროტების და ცოდვის ტყვეობაში.

 

და აი, დადგა დრო, როდესაც ღმერთმა ზეციდან მოავლინა ანგელოზი, რომელმაც აუწყა კაცობრიობას ძე ღმერთის დედამიწაზე მოვლინების და ქალწულისგან შობის შესახებ. იმ ქალწულისგან, რომელმაც თვით ღმერთს უნდა მისცეს ადამიანის სხეული. ე. ი. ამიერიდან შესაძლებელი გახდა ეს სრული მადლმოსილება, რაც პირველად განხორციელდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნებაში სწორედ ხარების დროს.

 

წაკითხვა 67 ჯერ