ამ გვერდის ამობედვა

როგორ შეცვალა მსოფლიო უკრაინაში რუსეთის შეჭრამ- The Washngton Post

ამერიკულ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washngton Post) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „როგორ შეცვალა მსოფლიო უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, 2022 წელს“ (ავტორი - ჯორჯ უილი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დიდი დრო არ იყოს გასული - იმ ომისა, რომლის დროსაც გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, დიდმა ბრიტანეთმა კი, ხელშეკრულების პირობის თანახმად, დახმარების ხელი გაუწოდა პოლონელებს - ჰენრი ჩენონი, ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატორი წევრი, იმდროინდელი ე.წ. „მაღალი საზოგადოების“ ქალბატონთან, ლედი მოდი კუნარდთან ლონდონში გამართულ ერთ ელიტურ, მდიდრულ ღონისძიებას დაესწრო. იგი გაოცებული დარჩა იმით, თუ როგორ სწრაფად აღდგა ნორმალური, მხიარული განწყობა ომისდროინდელთან შედარებით მათთვის, ვისთვისაც ეს ნორმალური არ უნდა ყოფილიყო და თავისთვის იკითხა: „განა ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით?“, რაზედაც ლედი კუნარდმა კითხვითვე უპასუხა: „საინტერესოა, რატომაა აქ თითქმის ყველა პოლონელი?“ (1945 წელს, ლონდონში არსებული პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის უფლებამოსილების გაუქმება ბრიტანელი პოლონელებისათვის ძალიან არასასიამოვნო ფაქტი უნდა ყოფილიყო, ისინი კი მხიარულობდნენ).

 

ომებში ხშირად ისეთი მოულოდნელი მოვლენები ხდება ხოლმე, რომლებიც თავისი მნიშვნელობით ერთობლიობაში ომის გამომწვევ მიზეზებსაც კი ჩრდილავენ. ეს ეხება რუსეთსა და უკრაინას შორის 10 თვის წინ დაწყებულ ომსაც. 2022 წლის ბოლოსათვის მსოფლიო ისეთი აღარ არის, როგორიც 2002 წლის თებერვლამდე იყო. ვლადიმერ პუტინი 24 თებერვალს, როცა უკრაინაში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა, ვერც კი წარმოიდგენდა იმას, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და რუსეთის საზღვარი იმაზე უფრო დიდ მანძილზე გაფართოვდებოდა, ვიდრე ეს ომამდე იყო.

 

სამი ყველაზე შთამბეჭდავი გეოსტრატეგიული შეცდომა, რომელიც ბოლო 250 წლის განმავლობაში იქნა დაშვებული, ყველა რუსეთს ეხება: ნაპოლეონის შეჭრა 210 წლის წინათ, 1812 წელს; ჰიტლერის შეჭრა 1941 წელს და რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ვლადიმერ პუტინი ისწრაფოდა, რომ მსოფლიოსათვის რუსეთის ძალა ეჩვენებინა, რომ რუსეთი ძლიერია და უკრაინა - მხოლოდ გეოგრაფიული ტოპონიმი და არა სახელმწიფო. ამის ნაცვლად პრეზიდენტმა თავისი მოქმედებით ყველა დაარწმუნა, რომ ტერიტორიით უზარმაზარი რუსეთი, რომლის ეკონომიკა მოცულობა პატარა იტალიაზე ბევრად მცირეა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი აშშ-ის ტეხასის შტატზე ცოტა აქვს, პოლიტიკურად კიდევ უფრო მეტად დაჩაჩანაკდა. ყველამ დაინახა, რომ რუსეთი სინამდვილეში ის არ არის, როგორის წარმოდგენასაც პრეზიდენტი ცდილობდა. რუსეთი ავტორიტარული ქვეყანაა, რაც განაპირობებს კორუფციას, მოდუნებას და მლიქვნელობის აყვავებას.

 

და ბოლოს, როგორც ამას წინათ დაწერა ჰენრი კისინჯერმა ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“, „რუსეთის შეჭრით უკრაინა პირველად გახდა თავის თანამედროვე ისტორიაში ცენტრალური ევროპის მსხვილი სახელმწიფო“. ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი საფუძველი შემატა უკრაინის სურვილს ნატოში გაწევრიანებისათვის. გარდა ამისა, უკრაინას ამჟამად ჰყავს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახმელეთო არმია, რომელიც დასავლელი მოკავშირეების მიერ არის გაწვრთნილ-აღჭურვილი. მას შემდეგ, რაც ნატოში შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდნენ, უკრაინისათვის ნეიტრალურ სტატუსს უკვე აზრი აღარ აქვს“.

 

ვლადიმერ პუტინის „სპეცოპერაციის“ შედეგია კიდევ ერთი პარადოქსული მოვლენა: გერმანია, რომელიც წინა ორი მსოფლიო ომის „მთავარი გმირი“ იყო და რომელიც არმიის გაძლიერებას ყოველთვის უფრთხოდა, მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო ხარჯების მკვეთრი გადიდების შესახებ, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო 2022 წლის 24 თებერვლამდე.

 

დეკემბერში იაპონიამ, რომლის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი კუნძულ ტაივანთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს - უფრო ახლოს, ვიდრე კონტინენტურ ჩინეთთან, თავისი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ახალი კონცეფცია გამოაცხადა - არმიის ძლიერების გაზრდის მიზნით, რითაც უარყო ტრადიციული კონსტიტუციური პაციფიზმი. თუ ტოკიო ნატოს სტანდარტის შესაბამისად იმოქმედებს და მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს სამხედრო ხარჯებს დაუთმობს, მას მსოფლიოში სიდიდით მესამე სამხედრო ბიუჯეტი ექნება. აქედან დასკვნა: ჩინეთი იგრძნობს, რომ ის სულ უფრო მოწყვლადი ხდება, რაც პეკინს მილიტარიზაციის გააქტიურებისაკენ უბიძგებს.

 

რუსეთი ამჟამად ბევრად უფრო ნაკლებ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ეს 1981 წლის 30 მარტს იყო (სსრკ-ის არსებობის დროს), როცა ერთ-ერთმა ფსიქოლოგიურად დაავადებულმა ადამიანმა აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანს ესროლა. იმ დღეს საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავები, რომლებიც აშშ-ის ატლანტიკურ სანაპიროსთან ახლოს მორიგეობდნენ, ნაპირთან კიდევ უფრო ახლოს მიცურდნენ. მათ მიერ გაშვებულ რაკეტებს ვაშინგტონამდე მიღწევა 10 წუთში შეეძლოთ. ამერიკელი მაღალჩინოსნები თვლიდნენ, რომ პრეზიდენტზე თავდასხმას შეიძლებოდა საბჭოთა თავდასხმაც მოჰყოლოდა და ამიტომ საპასუხო დარტყმისათვის B-52 ბომბდამშენები მოამზადეს.

 

ამ ამბიდან 41 წლის შემდეგ მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრი სახიფათო რეგიონი რჩება, მაგრამ აშკარაა, რომ 2022 წელს ის, რასაც საბჭოელი კომუნისტები „მსოფლიო ძალთა თანაფარდობას“ უწოდებდნენ, მნიშვნელოვნად შეიცვალა რუსეთისა და ჩინეთის საზიანოდ, რომელიც 10 თვის წინ აცხადებდა - ჩვენი თანამშრომლობა რუსეთთან უსაზღვრო არისო.

 

წყარო

წაკითხვა 326 ჯერ