October 28, 2025

რა დაამარცხებს პუტინს: გაბედავს თუ არა ტრამპი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?! - "მოვიდა ომის ესკალაციის დრო!"

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „პუტინს მშვიდობა არ სურს - მოვიდა ომის ესკალაციიის დრო“ (ავტორი - კონ კოფლინი, რედაქტორის მოადგილე), რომელშიც განხილულია აშშ-ის დამოკიდებულების ცვლილება რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით: „პუტინი ცბიერია, ტრამპმა უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოს. თეთრმა სახლმა კარგი გააკეთა, რომ ბუდაპეშტის სამიტი გააუქმა. ახლა რადიკალური მოქმედების დროა, რუსეთის წინააღმდეგ“, - ასეთია მასალის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

მოსკოვი და ვაშინგტონი ერთმანეთს პოკერს ეთამაშებიან. რისკები დიდია, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, ხვდება, რომ იგი მეტოქეს აშკარად სჯაბნის.

 

მოსკოვის მცდელობა - დაემორჩილებინა უკრაინა, ჩაიშალა. თითქმის ოთხი წლის განმავლობაში უზარმაზარი რუსეთის უზარმაზარმა არმიამ მაინცდამაინც ბევრს ვერაფერს მიაღწია, ტერიტორიული მონაპოვარი იმ დიდი დანაკარგების ფონზე (ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის სახით), რასაც რუსეთის არმია განიცდის, მინიმალურია. რუსეთი კრიზისშია, თანაც - ნავთობის სფეროში, რომლითაც ყველაზე მდიდარია - ქვეყანაში ბენზინის მწვავე დეფიციტი შეინიშნება. რუსებმა საკუთარ თავს თვითონვე ავნეს: ომი დაიწყეს იმისთვის, რომ ნატოს გაფართოება არ სურდათ, მაგრამ სწორედ კრემლის მიერ დაწყებული ომის გამო გაფართოვდა ნატო - ალიანსის წევრი გახდა რუსეთის მეზობელი და მოსაზღვრე ფინეთი, პლუს -შვედეთი. რუსეთს ნატოს დასუსტება სურდა, მაგრამ ნატო უფრო გაძლიერდა.


რუსეთი, შეიძლება ითქვას, რომ სატირელ მდგომარეობაშია, მაგრამ დონალდ ტრამპი დღემდე მაინც მზად იყო მასთან მოსალაპარაკებლად იმ შემთხვევაშიც კი, როცა აშკარაა - ვლადიმერ პუტინს მშვიდობის დამყარება არ სურს. დონალდ ტრამპს შეეძლო პუტინთან კავშირები გაეწყვიტა, მაგრამ იგი მას მაინც თანასწორად ესაუბრებოდა.

 

აშშ-ის პრეზიდენტი გვიან მიხვდა, რომ ვლადიმერ პუტინს მასთან „ტკბილი და პროდუქტიული საუბრებით“ დრო გაჰყავს და ცრუ დაპირებებს იძლევა. დონალდ ტრამპს გონება გაუნათდა, რომ პუტინთან შეხვედრა ბუდაპეშტში „დროის ფუჭი ხარჯვა“ იქნებოდა.

 

საერთოდ, პირველი შემთხვევა არ არის იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის ორპირობა და ორსახოვნება დონალდ ტრამპს იმედებს უცრუებს. მსგავსი ისტორია მოხდა ალასკაზეც, აგვისტოში, როცა ამერიკელი ლიდერი რუს ლიდერს შეხვდა და დაიჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტაში მან გარღვევას მიაღწია, მაგრამ სინამდვილეში ეს არ მომხდარა.

 

ამ ბოლო წარუმატებლობის შემდეგ, როცა სერგეი ლავროვისა და მარკო რუბიოს საუბარმა დაადასტურა, რომ რუსეთი ისევ აგრესიულად მოქმედებს, კრემლს არაფრის დათმობა არ სურს და, პირიქით, უფრო მეტს ითხოვს, თეთრმა სახლმა გააცნობიერა, რომ დადგა დრო, როცა ამერიკას რუსეთის მიმართ უპირატესობა აქვს და რომ ვაშინგტონმა შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

 

კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, რომ დონალდ ტრამპს „ტომაჰავკები“ მიეწოდებინა უკრაინისათვის, რაც რუსეთისათვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნებოდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი რატომღაც კვლავ მშვიდობიანი მოლაპარაკების მომხრე იყო და იმედი ჰქონდა, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამდა.

 

ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, თუ რატომაა კრემლი ესოდენ გაღიზიანებული, არის ის, რომ უკრაინა სულ უფრო ზუსტად და მტკივნეულად ურტყამს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. სულ ახლახან უკრაინელებმა რუსეთის დენთისა და რაკეტული საწვავის ქარხნები გაანადგურეს.

 

ზარალი, რომელსაც რუსეთის ეკონომიკა მიიღებდა „ტომაჰავკებით“, ტრამპს ისინი უკრაინისათვის რომ მიეცა, კიდევ უფრო მეტი იქნებოდა და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნებოდა - ან ცეცხლის შეწყვეტა, ან გამანადგურებელი მარცხი.

წაკითხვა 98 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.