October 28, 2025

სტრატეგიის ნაკლებობა თუ ლიდერების დეფიციტი - რატომ ვერ გადაიქცა რუსთაველის აქციები მთელი ქვეყნის პროტესტად

“რუსთაველზე უწყვეტი პროტესტის პარალელურად, დროდადრო ხალხმრავალი აქციებიც იმართება, თუმცა ორგანიზატორები ვერ ახერხებენ პროცესის პოლიტიკურ შედეგებში გადათარგმნას, რაც, ანალიტიკოსთა აზრით, ნიშნავს იმას, რომ აქციის ორგანიზატორებს შედეგზე ორიენტირებული სტრატეგია არ აქვთ.

“ბოლომდე გამარჯვებამდე” - ამ ლოზუნგით 26 ოქტომბრს, საპარლამენტო არჩევნების წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობა დაანონსდა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე. პროტესტის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” პოლიტიკას, ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციების ფარგლებში დაკავებულთა გათავისუფლებას. საწლისთავო აქცია ასევე მოსალოდნელია პრემიერ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების დაკავშირებითაც. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ არ ჩანს სტრატეგია, რაც ერთწლიან პროტესტს რეალურ შედეგებამდე მიიყვანს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ უწყვეტმა პროტესტმა დიდი შედეგი მოიტანა, “ოცნებას” ლეგიტიმაციის პრობლემა სერიოზული აქვს, თუმცა ბევრია კიდევ გასაკეთებელია, რათა პროცესი კონკრეტულ შედეგამდე მივიდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სტრატეგიის ნაკლებობა თუ ლიდერების დეფიციტი / რატომ ვერ გადაიქცა რუსთაველის აქციები მთელი ქვეყნის პროტესტად.

“სტრატეგია არ ჩანს, რომელმაც ფართო საზოგადოებას უნდა უთხრას, თუ რა შეიცვლება მას შემდეგ, რაც ისინი დეკლარირებულ მიზანს მიაღწევენ, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებას ჩამოაშორონ. ყოველდღიური მიტინგის მონაწილეებისგან რაიმე ღირებული ალტერნატივა ჯერჯერობით არ გამიგია. ახალ არჩევნებს ითხოვენ და პრეტენზია აქვთ, რომ ძველი ლიდერები ჩაანაცვლონ და თავად მოვიდნენ პოლიტიკაში, და შეიძლება 330 დღის განმავლობაში საზოგადოებას ჩამოყალიბებული სახით ალტერნატივა ვერ შესთავაზონ “ოცნების” მიერ შეთავაზებული პროგრამის საპირწონედ? მას შემდეგ, რაც ქუჩის გადაკეტვებთან დაკავშირებით შემზღუდველი კანონები შემოვიდა, აქციის მონაწილეებისთვის ეს მაინც უნდა გამხდარიყო რაღაც სტიმული. არაა საჭირო აუცილებლად რუსთაველი გადაკეტო რამდენიმე წუთით, ან საათით, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციო, არამედ ტროტუარზე ცივილიზებულად დადექი და საზოგადოებას მოახსენე თუ რისთვის იბრძვი. მარტო იმის დეკლარირება, რომ, აი, ჩვენ ევროპაში გვინდა და ხელისუფლება ევროპულ გზას გვიკეტავს, საზოგადოებისთვის საკმარისი არაა. ქართული საზოგადოების მენტალიტეტს და მის მოთხოვნებს ძალიან ცუდად უნდა იცნობდე, რომ თვლიდე, ისინი ასეთი ემოციური მყვირალა ლოზუნგებით დაკმაყოფილდებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“მეორე, ესაა პიროვნული ფაქტორი. ყველა კვლევა, რაც კი ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებულა, აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მაინც პოლიტიკის პერსონალიებზეა ორიენტირებული, ანუ პიროვნულ ფაქტორს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე პროგრამებს და დოქტრინებს. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც მეინსტრიმულ ოპოზიციას და ქუჩის პროტესტის ნიადაგზე დაბადებულ ახალ მოძრაობებს აქვთ, ლიდერების პრობლემაა. არ უნდათ, რომ წინა პლანზე დისკრედიტებული პოლიტიკოსები წამოსწიონ... ჩვენ სუფთა ბიოგრაფიის მქონე ხალხი ვართ, არავითარი კავშირი არ გაქვს იმ წარსულთან და საქართველოს ნათელი ევროპული მომავლისთვის ვიბრძვითო. ამის ისე არტიკულირებას ვერ ახერხებენ, რომ ხალხმა დაიჯეროს და პროცესების თანამონაწილე გახდეს. შევხედოთ პროტესტის ფონზე წარმოიშობილ იგივე “თავისუფლების მოედანს” და სხვებს, რას ლაპარაკობენ მათი ლიდერები, საზოგადოებას რას და როგორი ფორმით აწვდიან. რასაც ვუყრებთ, ესაა რადიკალიზმით გაჟღენთილი ლოზუნგები, ძალიან მცირე კონკრეტიკა იმისა, თუ რას გააუმჯობესებენ, რას შეცვლიან და ესეც იწვევს იმას, რომ ხალხი მათ დაძახილზე აღარ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან აფილირებული იმ წარსულთან, რაც ენმ-ს უკავშირდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მესამე ფაქტორი, ესაა გარე ფაქტორი - ამ ყველაფერში დასავლეთის როლი, თვალნათლივ ჩანს, რომ ეს პროცესები შეიძლება ბოლომდე არა, მაგრამ გარკვეულწილად გარედან იმართება. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა და დემონსტრაციული გამოჩენა, ღია მხარდაჭერა და ა.შ. ამის ერთ-ერთი ინდიკატორი იყო, სხვა ინდიკატორებთან ერთად. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა აღქმა. ამ აღქმის გამყარებას “ოცნების” საინფორმაციო პროპაგანდისტულმა კამპანიამაც ხელი შეუწყო და სხვათა შორის არცთუ წარუმატებლად, რომ ეს ყველაფერი გარედანაა მართული, რაც ამ პროტესტის მიმართ ნდობას ამცირებს. ესაა არასრული ჩამონათვალი იმისა, თუ რატომაა ქუჩის პროტესტი გაყინული იმ ადგილას, სადაც არის და ვერ ახერხებს ამ პროცესის კონვერტირებას კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგებში”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.

“ნებისმიერ აქციას თავისი ამოცანა და რესურსი აქვს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მუშაობს დადებითად ან უარყოფითად. რუსთაველის უწყვეტმა პროტესტმა ძალიან დიდი შედეგი მოიტანა, მისი დამსახურებაა, რომ “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაციის საკითხი სერიოზულად უდგას და მას ფაქტობრივად არავინ არ აღიარებს. ჯერჯერობით არც მკვეთრი განცხადებებია, მაგრამ ფაქტობრივად არ აღიარებენ არც ჩვენი მოკავშირეები, არც დემოკრატიული სამყარო. ეს სწორედ იმ უწყვეტი აქციების შედეგია, რაც რუსთაველზე მიმდინარეობს. თუ ადრე, როდესაც ასეთი ხალხმრავალი პროტესტი იყო, მის უკან ლამის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იდგა, დღეს ეს საპროტესტო ელექტორატს ვერ აერთიანებს - ოპოზიციას ეს სერიოზული პრობლემა უდგას. ოპოზიციამ ერთიანი გუნდის შეკვრა რომც მოახერხოს, ის ოპოზიციური ამომრჩევლის გაერთიანებას ვერ ახერხებს. ეს პრობლემა კი მხოლოდ რუსთაველზე დგომით და იქ მუდმივი საპროტესტო აქციებით ვერ გადაიჭრება”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

„როდესაც ქუჩა იკეტება, მაშინ ეს დემონსტრაციულად უნდა მოხდეს, მაგრამ ამას ძალიან დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება, დღეს ოპოზიციას და რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს ასეთი რესურსი თუ არ აქვს, მაშინ ამ დემონსტრაციულ გადაკეტვებისგან თავი უნდა შეიკაონ, რადგან ეს გადაკეტვები შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს, თუ მის მართვას ხელისუფლება ამ ხალხის იზოლირებას მართლაც ვეღარ შეძლებს. ამის რესურსი აქვთ თუ არა, ამის თქმა დღეს გამიჭირდება. მიუხედავად ყველაფრისა, თუ რუსთაველზე აქცია როგორ გაგრძელდება, ოპიზიცია უნდა გავიდეს რუსთაველიდანაც და თბილისიდანაც, არ ვგულისხმობ, რომ ეს აქციები უნდა შეწყდეს, მაგრამ მხოლოდ რუსთაველის პროტესტი ქვეყნის პროტესტად ვერ გადაიქცევა, არაა ახლა ის სიტუაცია, რომ რუსთაველის პროტესტი ქვეყნის პროტესტი იყოს, ამიტომ საჭიროა საპროტესტო მოძრაობები და კერები სხვა დიდ ქალაქებშიც და რეგიონებშიც გაჩნდეს. თუ ჩვენ გვინდა, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი რაღაცნაირად თანაფარდი გავხადოთ, ესაა გასაკეთებელი. თუ ოპოზოცია ამას შეძლებს, მაშინ რაღაც შედეგამდე აუცილებლად მივალთ”, - დასძენს ძაბირაძე.

წაკითხვა 138 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.