ამ გვერდის ამობედვა

უკრაინაზე მორიგი შეტევის ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები და რკინიგზა იყო

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით და დღეს დილით რაკეტებით და დრონებით უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს. ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები და რკინიგზა იყო.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ჩერნიგოვის ოლქში ერთ-ერთ ენერგოობიექტზე დარტყმის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

 

რკინიგზის მონაკვეთი დაზიანდა სუმის ოლქში, სადაც მატარებლების ნაწილის მიმოსვლა დროებით შეჩერდა, ნაწილი კი შეფერხებით მოძრაობს.

 

ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ლოზოვის რაიონში დაზიანებულია კერძო სახლები. დაშავდა ერთი ოჯახის ოთხი წევრი.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონებით დარტყმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქის სინელნიკოვის რაიონში ხანძარი გაჩნდა 5-სართულიან სახლსა და რამდენიმე მაღაზიაში. დაზიანებულია კულტურის სახლის შენობაც. სახლები დაზიანებულია დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკშიც.

 

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 20 ოქტომბერს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 3 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“ და 60 უპილოტო საფრენი აპარატით. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მხოლოდ დრონების ნაწილის მოგერიება შეძლეს.

 

საჰაერო ძალების სარდლობა ადასტურებს 3 რაკეტით და 20 დრონით პირდაპირ დარტყმას 12 ადგილზე.

 

ამ შემოდგომაზე რუსეთის ჯარები ისევ ინტენსიურად უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს და რკინიგზას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამას უწოდებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის და გაზის გადამამუშავებელ საწარმოებსა და ნავთობტერმინალებზე დარტყმების პასუხს.

 

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთი, ომის წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც ცდილობს უკრაინელებს ზამთარში გათბობისა და ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა შეუქმნას.

წაკითხვა 107 ჯერ