,,ზოგიერთი ელჩი პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს “- ლევან მახაშვილი

ზოგიერთი ელჩი რაღაც პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს და მათ შორის, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ელჩმაც გადაწყვიტა, ამ მოდას აჰყვეს – ბევრი გვინახავს, რომ თავიდან ძმობას ეფიცება ხოლმე საქართველოს მოსახლეობას და ასრულებენ ისე, როგორც ასრულებენ, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საგარეო უწყებაში დაბარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ელჩმა უნდა დაიცვას, პატივი სცეს ადგილსამყოფელ ქვეყანას და გააკეთოს ის, რაც შეეფერება და რაც დაშვებულია ელჩისთვის”.

„მოვერიდები ამ თემასთან დაკავშირებით წიაღსვლებს, სიტუაცია ძალიან მარტივია. ის არის ელჩი და აქვს ვალდებულებები, რომ პატივი სცეს ადგილსამყოფელ ქვეყანას, გაითვალისწინოს მთელი კონტექსტი და ნეიტრალური პოზიცია დაიჭიროს. ამის ნაცვლად დღენიადაგ ჩვენ ხან წინასაარჩევნოდ, ხან არჩევნების შემდგომ, ვხედავთ ასეთ გამონათებებს. ზოგიერთი ელჩი რაღაც პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს და მათ შორის, სამწუხაროდ, როგორც ჩანს ევროკავშირის ელჩმაც გადაწყვიტა ამ მოდას აჰყვეს.

ბევრი გვინახავს, რომ თავიდან ძმობას ეფიცება ხოლმე საქართველოს მოსახლეობას და ასრულებენ ისე, როგორც ასრულებენ, ამ ტიპის – უცნაური, მუქარანარევი განცხადებებით, უბრალოდ წარმოუდგენელია. საქართველოს არცერთი ელჩი არ იკადრებს, რომ რომელიმე ქვეყნის ბნელ წარსულზე მითითებები გააკეთოს, მით უმეტეს მუქარებით ელაპარაკოს მოსახლეობას, ძალიან მარტივი მიზეზის გამო – ეს არ არის ელჩის მოვალეობა. ელჩმა უნდა დაიცვას, პატივი სცეს ადგილსამყოფელ ქვეყანას და გააკეთოს ის, რაც შეეფერება და რაც დაშვებულია ელჩისთვის.

ამიტომ ყველა ასეთმა ადამიანმა თავი უნდა დაანებოს რაღაც პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, პოლიტიკურ ეკლექტურობას და გააკეთოს ის, რაც არის მათი ვალდებულება, თავის დროზე რა პირობაც დადეს მაშინ, როდესაც მათ გადასცეს აგრემანები, გადასცეს თანხმობა, როდესაც ამ ქვეყანაში ინიშნებოდნენ, რომ ისინი პატივს სცემდნენ საქართველოს, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებს და იქნებოდნენ ნეიტრალური პიროვნებები და არა პოლიტიკური პროცესის პირდაპირ აქტიური მონაწილეები”, – განაცხადა მახაშვილმა.

ამასთან კითხვაზე, რომელიც მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის საელჩოს განცხადებას შეეხებოდა, მახაშვილმა უპასუხა, რომ მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს და გაითვალისწინონ მთელი პოლიტიკური კონტექსტი, ნეიტრალური თვალსაზრისით.

„ღობეზე საუბარი მათი ძლიერი მხარე არ არის. მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს და გაითვალისწინონ მთელი პოლიტიკური კონტექსტი, ნეიტრალური თვალსაზრისით. იქ მარტივი მიზეზით იყო მისული ეს ადამიანი, რომ ახსნა-განმარტება გადაეცა, თუ რა განცხადება გააკეთა და რატომ გააკეთა ეს განცხადება. ყველაფერი დანარჩენი უკვე კარგად დავიწყებული ძველი ამბებია.

ერთი და იგივე განცხადება და იგივე ბრალდებები მილიონჯერ რომ გაიმეორონ, ტელეფონი ვერ გახდება მანქანა. ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. აქ მთავარი კითხვა, ძალიან მარტივი იყო ხომ? ახსნა-განმარტება იმისა, თუ რა განცხადება გააკეთა. ამიტომ იქიდან რაღაც დამატებითი ბრალდებების სროლა ჩვენთვის არ არის საინტერესო.

მოსახლეობას აუხსნას თავად რა საჭიროება მოიტანა იმ რაღაც მუქარანარევმა განცხადებებმა რაც გააკეთა. ოღონდ მე არ მინდა იმ რაღაც პოლიტიკურ ცირკში შესვლა. მას ერთადერთი მარტივი რაღაც მოეთხოვება, როგორც დიპლომატმა პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და არ იყოს პოლიტიკური პროცესის აქტიური მონაწილე. მეტი არანაირი ვალდებულება მისგან აქ არ არის მოთხოვნილი მის მიმართ”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კითხვაზე, რამის შეცვლას აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“, მახაშვილმა აღნიშნა, რომ თუკი ვინმემ რამე უნდა შეცვალოს ამ ურთიერთობებში, ეს არის თავად ბრიუსელის მხარე.

„საზოგადოება ხედავს, თუნდაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობთ დიალოგის, თანამშრომლობის საჭიროებაზე და ამის სანაცვლოდ ჩვენ ვიღებთ მუქარანარევ განცხადებებს. საზოგადოებამ ნახოს რეალურად ვის რა ინტერესი აქვს, ვის აქვს დიალოგის ინტერესი და ვის აქვს ბნელ წარსულში დაბრუნების ინტერესი”, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრა 27 აპრილს გაიმართა.

პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე დაბარება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

წაკითხვა 8 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.