ამ გვერდის ამობედვა

ევროკავშირმა მიიღო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი

ევროკავშირმა შეათანხმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა დღეს, 23 ოქტომბერს დილით გამოაცხადა, რომ სანქციების მე-19 პაკეტი მიღებულია და ის მიმართულია რუსული ბანკების, კრიპტობირჟების და სხვა სუბიექტების წინააღმდეგ ინდოეთსა და ჩინეთშიც. 

 

კალასის თანახმად, ევროკავშირი ზღუდავს რუსი დიპლომატების გადაადგილებასაც, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს დესტაბილიზაციის მცდელობებს.

 

კალასის განცხადებით, პუტინისთვის ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება.

 

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-19 პაკეტი ოფიციალურად მოგვიანებით გამოქვეყნდება. დღეს, 23 ოქტომბერს ბრიუსელი მასპინძლობს ევროპული საბჭოს სხდომას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მონაწილეობით. სხდომას დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

 

22 ოქტომბერს, დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირში მისი წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-19 პაკეტს. ამის შემდეგ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ, დანიამ გამოაცხადა, რომ დოკუმენტის მიღების პროცედურა დაწყებულია და 23 ოქტომბრის დილის რვა საათისთვის დასრულდება.

 

ახალ სანქციებს საბოლოოდ მხარი დაუჭირეს შეზღუდვების ტრადიციულმა მოწინააღმდეგეებმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა. მე-19 პაკეტის მიღებამდე შენიშვნები ჰქონდა ავსტრიასაც, თუმცა საბოლოოდ მიემხრო სანქციების გაფართოებას.

 

სანქციების მე-19 პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული წინადადებები ითვალისწინებს რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტის აკრძალვას 2027 წლის იანვრიდან, სანქციების ამოქმედებას რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 100-ზე მეტი გემის წინააღმდეგ და სხვა ზომებს. მათ შორის სანქცირებას მესამე ქვეყნების იმ კომპანიების, რომლებიც რუსეთს მოქმედი სანქციებისთვის გვერდის ავლით ეხმარებიან ენერგორესურსებით ვაჭრობაში.

 

22 ოქტომბერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ბოლო დრომდე თავს იკავებდა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებისგან იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუშლიდა უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ სამშვიდობო პროცესს, სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“ და მათ შვილობილ კომპანიებს.

წაკითხვა 100 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 23 2025

სიახლეები