სომხები ქელბაჯარს ტოვებენ: "ცხედრებსაც ვიღებთ და კუბოები სომხეთში მიგვაქვს"
ფრანგულმა რადიოსადგურმა "რადიო ფრანსე ინტერნასიონალემ" («Radio France Internacionale») გამოაქვეყნა რეპორტაჟი ქელბაჯარისრაიონიდან, რომელსაც 25 ნოემბრიდან აზერბაიჯანის არმია და ხელისუფლება გააკონტროლებს. მასალის სათაურია „სომხები ქელბაჯარს ტოვებენ: "ყველაფერი მიგვაქვს".
როგორც ცნობილი გახდა, აზერბაიჯანი დათანხმდა სომხეთის თხოვნას და სამმხრივი შეთანხმებით ადრე დადგენილი ვადა ქელბაჯარის რაიონის გაკონტროლების თაობაზე 15 ნოემბრიდან 25 ნოემბერს გადაიტანა.
გთავაზობთ რეპორტაჟის შემოკლებულ ვერსიას:
"აზერბაიჯანის ქელბაჯარის რაიონი, რომელიც მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ტერიტორიებს შორის მდებარეობს, სომხებისგან იცლება. სტეფანაკერტიდან გზა ჩრდილოეთისაკენ მიდის, შემდეგ მდინარე ტერტერის ხეობაში ეშვება. გზა გადაჭედილია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანებით - საბჭოთა "ზილ"-ებით, "კამაზ"-ებით... ყველას ყველაფერი მიაქვს, არაფერს არ ტოვებს, რისი წაღებაც შეუძლებელია, ადგილზე წვავენ, მათ შორის ცარიელ სახლებსაც... მიაქვთ შეშა, მიჰყავთ პირუტყვი... ელექტროდენი უკვე გათიშულია - მდინარის ხეობაში არსებული ტერტერჰესის დემონტაჟი ეს-ესაა დასრულდა, მოწყობილობები სომხეთში მიაქვთ.
დადივანქის ტაძართან უამრავი სომეხია შეკრებილი, ისინი ემშვიდობებიან მეცხრე-მეათე საუკუნეებში აგებულ ქრისტიანულ ძეგლს. (...)
შევდივართ ქელბაჯარში. ქალაქი პრაქტიკულად დაცარიელებულია. ადგილობრივი პოლიციის ოფისში ევაკუაცია ხორციელდება, მიმდინარეობს "ალფა-ბანკის" ფილიალის ევაკუაციაც, დოკუმენტებს წვავენ... სომეხი სამხედროები ადგილობრივი რაიონული ადმინისტრაციის ინვენტარს მანქანებზე ტვირთავენ...
"ყველაფერი მიგვაქვს, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ლევონი, - სასაფლაოზე ვანდალიზმი რომ არ მოხდეს, ჩვენი ოჯახის გარდაცვლილი წევრების ცხედრებსაც ვიღებთ და კუბოები სომხეთში მიგვაქვს. მე ჩემი შვილის ცხედარს ერევანში დავკრძალავ, აქ ვერ დავტოვებ".
ქელბაჯარის რაიონში 1980-იან წლებში 50 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, მოსახლეობის საბჭოთა აღწერების მიხედვით, მცხოვრებლების 97%-ს აზერბაიჯანელები და ქურთები შეადგენდნენ. სომხები აქ პრაქტიკულად არ ცხოვრობდნენ. ყარაბაღის პირველი ომის შედეგად რაიონის ტერიტორია სომხეთის ძალებს ჰქონდათ დაკავებული.
მოამზადა სიმონ კილაძემ
https://www.rfi.fr/ru/%D0%BA%D0%B0%D0%B2%D0%BA%D0%B0%D0%B7/
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"
- "მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც მზად არის თბილისი" - მარია ზახაროვა
- "სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული"
- "სად უნდა მივიმალო? რა სისულელეა - წულუკიანთან რომ არ მივედი, ამან რა ახალი დანაშაული შეიძლება გამოიწვიოს?"