February 1, 2025

ტრამპის ახალი სკანდალი: "დიდმა დონალდმა" ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფაში დემოკრატები დაადანაშაულა - Financial Times

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ ტაიმსი“ (Financial Times) ეხმაურება ვაშინგტონში 30 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას და აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დონალდ ტრამპი ავიაკატასტროფაში, რომელმაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვია, დემოკრატებს ადანაშაულებს“ (ავტორები - სტეფ ჩავესი და ფელიცია შვარცი), რომელშიც გადმოცემულია როგორც აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია მომხდარი ტრაგიკული ფაქტის მიმართ, აგრეთვე, განხილულია კატასტროფასთან დაკავშირებული რიგი გარემოებები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


დონალდ ტრამპმა ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო რეაქტიული თვითმფრინავისა და სამხედრო ვერტმფრენის შეჯახებაში, რომლის შედეგად 67 ადამიანი დაიღუპა (ბორტებზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრები), დემოკრატიული პარტია და მის მიერ გატარებული მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზივობის (Diversity, equity, and inclusion - DEI) პოლიტიკა დაადანაშაულა.აშშ-ის პრეზიდენტმა ისე, რომ რაიმე მტკიცებულებები არ დაუსახელებია, განაცხადა, რომ მისი აზრით, 30 იანვრის გვიან საღამოს მომხდარი ავიაკატასტროფა გამოწვეულია უსაფრთხოების სუსტი სტანდარტებით, რომელიც წინა ხელისუფლების - დემოკრატების მიერ ხორციელდებოდა, DEI-ის ჩარჩოებში.


ამასთან, როგორც ავიაკატასტროფის მიზეზების გამომკვლევმა ფედერალურმა გამომძიებლებმა განაცხადეს, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა იმ მიზეზების დასახელება, რომლებმაც ორი საფრენი აპარატის ერთმანეთთან შეჯახება გამოიწვია.


„არც ერთი ადამიანი არ გადარჩენილა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, როცა იგი, მეორე ვადით პრეზიდენტობის დროს, პირველად ავიდა თეთრი სახლის ბრიფინგების დარბაზში არსებულ ტრიბუნაზე.


ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 კანზასის შტატის ქალაქ უიჩიტოდან ვაშინგტონში რეგიონულ რეისს ასრულებდა და რონალდ რეიგანის სახელობის ეროვნულ აეროპორტში ეშვებოდა, როცა ის სამხედრო ვერტმფრენს - Sikorsky H-60 Black Hawk-ს შეეჯახა, აფეთქდა და ნამსხვრევები მდინარე პოტომაკში ჩაცვივდა.


მაშველებმა პოტომაკის ფსკერზე, ყინულებიან წყალში, თვითმფრინავის ფიუზელაჟის სამი ნაწილი აღმოაჩინეს. იქვე იყო ვერტმფრენის დამსხვრეული კორპუსიც. Bombardier CRJ700-ის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, ხოლო Black Hawk-ის ბორტზე - სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.


აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ავიაკატასტროფის წინასწარი ანგარიში 30 დღის განმავლობაში მომზადდება.
ხუთშაბათს, გვიან ღამით, ცნობილი გახდა, რომ სამაშველო სამსახურმა თვითმფრინავის ბორტზე არსებული „შავი ყუთები“ იპოვა და წყლიდან ამოიღო.
როცა სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, ჯენიფერ ხმენდის ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს დონალდ ტრამპის ეჭვების თაობაზე, მან ასე განაცხადა: „ჩვენ ჯერ არ ვფლობთ საკმარისი რაოდენობის ფაქტებს, რომ მტკიცედ ვთქვათ, რა არის კატასტროფის გამომწვვი მიზეზი - ადამიანის ფაქტორი თუ საფრენი აპარატების ტექნიკური მდგომარეობა“.


დონალდ ტრამპმა, რომელსაც გვერდით ედგნენ ვიცეპრეზიდენტი და ახლახან თანამდებობებზე დანიშნული თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრები (იმის მიხედვით, რომ სამგზავრო თვითმფრინავი სამოქალაქო ტრანსპორტს მიეკუთვნება, ხოლო ვერტმფრენი - სამხედროს ანუ პენტაგონს), ბრიფინგი იმით დაიწყო, რომ ამერიკელებს მოუწოდა საერთო უბედურების გაზიარებისაკენ, დაღუპული ადამიანების მიმართ: „ჩვენთვის ყოველი ამერიკელის სიცოცხლე ძვირფასია, ისინი ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავდებიან“.


შემდეგ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სწრაფად გადავიდა პოლიტიკურ შეტევაზე დემოკრატების წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა, რომ მისი წინამორბედი დემოკრატი პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა პროფესიული მოთხოვნები შეუმცირეს იმ ადამიანებს, რომლებიც ავიადისპეტჩერების თანამდებობებზე ინიშნებოდნენ.„ჩემთვის ადამიანთა უსაფრთხოება პირველ ადგილზეა, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი კი პრიორიტეტს პოლიტიკას ანიჭებდნენ... პოლიტიკას, რომელსაც ისინი ძალიან ცუდად და უარესად ახორციელებდნენ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.„ავიადისპეტჩერების თანამდებობებზე ჩვენ გვჭირდება ყველაზე მოხერხებული, მცოდნე, გონიერი და რთულ სიტუაციებში სწრაფად მოქმედი სპეციალისტები. ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც ფსიქოლოგიური უპირატესობით გამოირჩევიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა: „არ ვფიქრობ, რომ სერიოზული დარღვევების მქონე ადამიანები ავიადისპეტჩერები უნდა იყვნენ“.


მას შემდეგ, როცა დონალდ ტრამპმა ავარიაში ავიადისპეტჩერები დაადანაშაულა, იგი სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟზე გადაერთო: „მათ პრობლემები ჰქონდათ ვერტმფრენის პილოტირებასთან დაკავშირებით, რაც ვიზუალურადაც ჩანდა. აბა, წარმოიდგინეთ: უღრუბლო ცა, American Airlines-ის თვითმფრინავს საბორტო განათება ჰქონდა ჩართული, [სამხედროები კი ისე მიფრინავენ, თითქოს ვერაფერს ხედავენ]. ვერტმფრენებით ვსარგებლობ და ვიცი, რომ მათი გაჩერება ძალიან სწრაფად შეიძლება. სამხედრო ვერტმფრენს შეეძლო, უცებ ან უფრო მაღლა აფრენილიყო, ან უფრო დაბლა დაშვებულიყო, შეეძლო, სწრაფად გადაეხვია კურსიდან... მაგრამ ის მოქმედება, რაც მათ ჩაიდინეს, არასწორი იყო“.


თავის მხრივ, როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, სამხედრო ვერტმფრენს გამოცდილი ეკიპაჟი მართავდა, ფრენა ჩვეულებრივი რეჟიმით, გეგმიური სწავლების ჩარჩოებში მიმდინარეობდა.


დონალდ ტრამპის თქმით, ამჟამად გამომძიებლები ცდილობენ იმის გარკვევას, იყენებდნენ თუ არა სამხედრო მფრინავები ღამის ხედვის ხელსაწყოებს, რომლებსაც პილოტების კაბინიდან გარე სივრცის აღქმის შეცვლა შეუძლიათ. პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამხედრო-საჰაერო ძალებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ იმის ზუსტი თქმა, ეკეთა თუ არა Black Hawk-ის ეკიპაჟს ღამის ხედვის „სათვალეები“.


თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ვერტმფრენის ბორტზე მყოფი სამი სამხედრო მოსამსახურე ჩვეულებრივ ტრენინგს გადიოდა, ღამის ფრენის რეჟიმის მიხედვით და სტანდარტული მარშრუტით, რომელიც სამთავრობო მისიების დროს სრულდება [რ.რეიგანის სახელობის აეროპორტი თეთრ სახლთან შედარებით ახლოს მდებარეობს]. ეკიპაჟის წევრები იყვნენ ახალგაზრდა პილოტი - უფროსი სერჟანტი და ორი ოფიცერი.


„სამწუხაროდ, ღამით ფრენისას ეკიპაჟმა შეცდომა დაუშვა... როგორც ჩანს, მათ რაღაც პრობლემა გაუჩნდათ... ჩვენ ამ საქმის გამოძიება დაუყონებლივ დავიწყეთ, თავდაცვის სამინისტროსა და არმიის დონეზე“, - აღნიშნა მინისტრმა და ხაზი გაუსვა: "მომხდარი ტრაგიკული ფაქტი ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია“.


აშშ-ის არმიის ავიაციის ექსპერტის - ჯონ კოზიოლის თქმით, სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟის გამოცდილების გათვალისწინებით, მათთვის რთული არ უნდა ყოფილიყო იმის გაცნობიერება, თუ საით და როგორი მარშრუტით მიფრინავდნენ. „ეს საჰაერო დერეფანი ჩვეულებრივ, სტანდარტულ მიმართულებას წარმოადგენს, ამ მარშრუტით თითქმის ყოველდღიურად დაფრინავენ როგორც სამხედრო ვერტმფრენები, ასევე - სამთავრობო თვითმფრინავები“.


დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ Bombardier CRJ700-ის მგზავრებს შორის, ამერიკელებთან ერთად იყვნენ რუსეთის მოქალაქეებიც (ფიგურულად მოციგურავეები, რომლებიც უიჩიტოში გამართულ აშშ-ის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ), რომელთა ცხედრების რეპატრიაციას აშშ-ის მთავრობა ხელს შეუწყობს. როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების გამო აშშ-მა რუსეთთან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა აკრძალა.


აშშ-ში სერიოზული საავიაციო ინციდენტები შედარებით იშვიათად ხდება ხოლმე. ამერიკული კომერციული სამგზავრო თვითმფრინავის უკანასკნელი მსხვილი ავიაკატასტროფა, დაახლოებით, 15 წლის წინ, 2009 წელს მოხდა, როცა ავიაკომპანია Colgan Air-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების დროს (ბუფალოსთან ახლოს) 49 მგზავრი დაიღუპა.


ბრიფინგის დასასრულს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ თვითმფრინავებით მგზავრობა გააგრძელონ.


წყარო

 

წაკითხვა 105 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.