დონალდ ტრამპის "გარიგების ხელოვნება" - როგორ უნდა დამყარდეს უკრაინაში მშვიდობა?
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპის „გარიგების ხელოვნება“ - როგორ უნდა დამყარდეს უკრაინაში მშვიდობა“ (ავტორი - ჯო ბარნსი). თუ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი 5 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, იგი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის საკითხში ისე იმოქმედებს, როგორც თავისი საქმიანი მოლაპარაკების დროს იქცევა ხოლმე“, - ასეთია მასალის დედააზრი.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ თუ მას კვლავ პრეზიდენტად აირჩევენ, რუსეთ-უკრაინის ომს რამდენიმე კვირაში შეწყვეტს. მისი თქმით, მშვიდობის დამყარება მას ინაუგურაციამდეც კი შეუძლია. უფრო ადრე ექსპრეზიდენტი ხაზს უსვამდა, რომ საბრძოლო მოქმედებებს 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ 24 საათში დაასრულებდა, როგორიც არ უნდა იყოს ომის შეწყვეტის ვადის დროებითი ჩარჩოები. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, პრაქტიკულად, არანაირ მინიშნებას არ აკეთებს იმაზე, თუ რა გზებით და მეთოდებით შეუწყობს ხელს მეომარ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებას, რომელიც ვერც ერთმა დასავლელმა ხელმძღვანელმა ვერ მოახერხა.
თუმცა 1987 წელს დაბეჭდილი დონალდ ტრამპის წიგნი-ბესტსელერი სახელწოდებით: „გარიგების დადების ხელოვნება“, გვაძლევს ზოგიერთ წარმოადგენას იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიო სასურველ გარიგებას. ეს წიგნი, ასევე, გვიჩვენებს იმასაც, რომ დონალდ ტრამპს აქვს უნარი, შეარჩიოს ისეთი კომპრომისი, რომელსაც შეიძლება, თავდაპირველად ნაკლები მომხრე ჰყავდეს, მაგრამ შემდეგ - ბევრი მოიწონებს.
„ნუ დადებთ გარიგებას ზეწოლის ბერკეტების გარეშე“
ზეწოლის ბერკეტები, ზოგადად, საერთაშორისო დიპლომატიის საკვანძო შემადგენელს წარმოადგენს. დონალდ ტრამპი მას თავის წიგნში შემდეგნაირად ახასიათებს: „ეს ის მომენტია, როცა შენ გაქვს ის, რაც სხვას უნდა, ან უფრო უკეთესად რომ ვთქვათ - რაც მას ძალიან სჭირდება“. ამგვარი ზემოქმედების ბერკეტები კი მას უხვად აქვს - როგორც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში.
პირველ რიგში, ის, რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ხელში იქნება უკრაინის ნატოში გაწევრების გასაღები: კრემლის უკრაინაზე თავდასხმის ერთ-ერთ მიზეზს ხომ სწორედ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების ხელის შეშლა და უკრაინის ალიანსში მიღების დაუშვებლობა წარმოადგენდა (თუმცა ეს უფრო ცალმხრივ კომპრომისს ჰგავს, რაზედაც ვოლოდიმირ ზელენსკი საეჭვოა, დათანხმდეს).
თავის „გამარჯვების გეგმაში“ ვოლოდიმირ ზელენსკი წერს უსაფრთხოების გარანტიებზე - ანალოგიურად იმისა, რაც აღნიშნულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 პუნქტში, ნატოს წევრი ქვეყნების კოლექტიური თავდაცვის შესახებ. დონალდ ტრამპს ამის ნაცვლად შეუძლია, უკრაინას მისცეს თანხმობა, რომ თუ რუსეთი უკრაინას კიდევ თავს დაესხმება (ან დააპირებს), მაშინ აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინის ტერიტორიაზე თავიანთ ჯარებს შეიყვანენ. თუ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს, ეს ნაბიჯი საკმარისი იქნება, რომ იგი ამგვარი მათრახით აიძულონ, უკან დაიხიოს.
„თუ სრული წარმატების მიღწევა გსურს, ბევრი უნდა იბრძოლო“
ვოლოდიმირ ზელენსკიც და ვლადიმერ პუტინიც ომის დაწყების მომენტიდანვე მაქსიმალისტური სამხედრო მიზნების ერთგულნი არიან.
უკრაინა აცხადებს, რომ ყველა რუსი ჯარისკაცი უნდა გავიდეს უკრაინის მიწა-წყლიდან, მისი სუვერენული ტერიტორიიდან, მათ შორის - დონბასიდან და ყირიმიდან.
რუსეთი დღეს არ ამბობს, რომ მის მიზანს კიევის აღება და უკრაინის მთავრობის დამხობა წარმოადგენს, თუმცა დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, კრემლი ამ მიზნის მიღწევაზე უარს არ აცხადებს.
ნიშნავს თუ არა დონალდ ტრამპის გაფრთხილება ომის გაჭიანურების დაუშვებლობის თაობაზე იმას, რომ იგი შეეცდება, ორივე ქვეყნის ლიდერებისაგან კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიოს? ანუ დონალდ ტრამპი ორივეს ეტყვის - „დაკმაყოფილდით დაბალ ტოტზე ნაყოფის მოკრეფვით და ნუ შეეცდებით ხეზე ასვლას, კალათის გავსების მიზნით“.
„აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ არ შეიძლება ზედმეტი სიხარბის გამოჩენა“, - წერს დონალდ ტრამპი თავის წიგნში.
აშშ-ის ექსპრეზიდენტი უფრო ადრე იმასაც ამბობდა, რომ „უკრაინამ ცოტა გვერდზე უნდა გაიწიოს“ ანუ ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მან კიევს შესთავაზოს ტერიტორიის ნაწილის დათმობა, მშვიდობის სანაცვლოდ. პასუხის გარეშე რჩება კითხვა, თუ რა დათმობას მოსთხოვს დონალდ ტრამპი პუტინს, რომ გარიგება უკრაინელებისათვის მისაღები გახდეს.
„ნუ იქნებით ზედმეტად დამოკიდებული ერთ გარიგებაზე ან ერთ მიდგომაზე“
დონალდ ტრამპის ეს გამოთქმა ორნაირად შეიძლება გავიგოთ. შესაძლოა, ამით აიხსნება გადათქმა თავისი ადრინდელი განცხადებისა - სამშვიდობო გარიგებას 24 საათში მივაღწევო - და ამიტომ უფრო ხანგრძლივი ვადები დაადგინა.
ალბათ, ისიც შესაძლებელია, რომ ექსპრეზიდენტის კოზირი (რომელიც ნებისმიერი მოლაპარაკების დროს არის საჭირო) მის არაპროგნოზირებადობაში გამოიხატება.
როცა გასულ კვირას, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი „დეილი ტელეგრაფს“ ინტერვიუს აძლევდა, მან თქვა, რომ დონალდ ტრამპის ერთი შეხედვით „გიჟურ ქცევაში“ საკმაოდ დიდი ეფექტი იმალება: „ტრამპის ერთ-ერთი ღირსება ის არის, რომ იგი სრულიად არაპროგნოზირებადი ადამიანია... თუ იგი 5 ნოემბერს გაიმარჯვებს, მისი ასეთი განსაკუთრებული ქცევა კრემლს იძულებულს გახდის, უარი თქვას სამხედრო ოპერაციაზე“.
„ნებისყოფის დიდი დაძაბვით ნებისმიერ მიზანს მიაღწევ“
ეს მანტრა წლების განმავლობაში დონალდ ტრამპისათვის სერიოზულ ღირსებად და, იმავდროულად, ნაკლოვანებადაც გადაიქცა. მაგრამ მის მიზანმიმართულობას თავისი შედეგები მოაქვს და აჩვენებს, რომ გარიგებების დადების მისეული უნარი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.
არც ერთ დასავლელ ლიდერს არ აქვს ვლადიმერ პუტინთან ისეთი ურთიერთობა, როგორიც დონალდ ტრამპს. მათი კავშირები ჩამოყალიბდა იმით, რომ დონალდ ტრამპს არ სურს, სტერეოტიპების ტყვეობაში იყოს და მზად არის, თავისი კოლეგები - მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები გაანაწყენოს, თუნდაც - გართობის მიზნით.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი არ იქნება წინააღმდეგი იმისა, რომ კიევს დასავლური დახმარება შეუწყდეს, თუ ასეთი ნაბიჯი მას ისეთი ადამიანის სტატუსს შესძენს, რომელიც ისტორიაში რუსეთ-უკრაინის ომის დამსრულებლის სახელით შევა. გარიგების სწრაფად დასადებად მას, როგორც ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი დასავლელი მომხრეების მიმართ ზეწოლის განხორციელება მოუწევს, რომ ისინი აიძულოს, კომპრომისზე წამოვიდნენ.
საბოლოო ჯამში, უეჭველია, იგი თავის მიღწევას „ყველაზე საუკეთესო გარიგებად“ შერაცხავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დოკუმენტი ყველასათვის მოსაწონი არ იქნება.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი