"ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან გამყიდველები, სამშობლო თუ არ გიყვარს, როგორ შეიძლება, პატივს სცემდე სხვა ქვეყანას?" - კახა კალაძე
ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან გამყიდველები, სამშობლო თუ არ გიყვარს, როგორ შეიძლება, პატივს სცემდე სხვა ქვეყანას? ჩვენ ვერ დავუთმობთ სამშობლოს საჯიჯგნად უსამშობლოებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უსამშობლო ადამიანი მტერზე უფრო საშიშია, რადგან ყველანაირ სიბინძურეს აწერს ხელს.
„მინდა, გავიხსენო, 2012 წელს რა გადამწყვეტი როლი იქონია თბილისმა ქვეყნის ცხოვრებაში. ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, სიცრუეს და სიყალბეს, რომელსაც ე.წ. საქართველოს მეგობრები „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ და დღესაც, სამწუხაროდ, ასე ზეწოლით, შანტაჟით ცდილობენ, ისინი დააბრუნონ ხელისუფლებაში. პირდაპირ ერევიან არჩევნებში, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გარე ძალები ვერ ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა, არ შეუერთდა სანქციებს. გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია, რომ გამჭვირვალობა ანტიდემოკრატიულია, ხოლო ლგბტპ პროპაგანდა – ჰუმანიზმის და ლიბერალიზმის გამოვლინება. გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებულ რადიკალებს უფლება აქვთ, მიიღონ თანხები, ეს ყველაფერი გამოიყენონ ხალხის დაპირისპირებაში, რევოლუციების მოწყობაში, ექსტრემიზმის დაფინანსებაში და თურმე ქართველმა ხალხმა ამის შესახებ არაფერი არ უნდა ვიცოდეთ. მინდა, მივმართო აქაურ წვრილფეხა რადიკალებს და მათ გარეთ წამქეზებლებს, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ეს არ და ვერ მოხდება. უსამშობლო, გამყიდველი ადამიანები ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, საქართველო არ დაბრუნდება წარსულში. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ გამარჯვებით წინ, ევროპისკენ! მათმა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა, რასაც არ დაივიწყებს ქართველი ხალხი და არ დაუშვებს, ისევ გახვიონ ქვეყანა ომის ქარცეცხლში გარე ძალების ინტერესების გამო. სამშობლო თუ არ გიყვარს, როგორ შეიძლება გიყვარდეს და პატივს სცემდე სხვა ქვეყანას? უსამშობლო ადამიანი მტერზე უფრო საშიშია, რადგან ყველანაირ სიბინძურეს აწერს ხელს. ჩვენ ვერ დავუთმობთ სამშობლოს უსამშობლო ადამიანებს საჯიჯგნად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- "რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო