კრემლი ფსონს კალაძეზე დებს? - რატომ დაიწყო რუსულ მედიაში საუბარი თბილისის მერის მოსალოდნელ პრემიერობაზე
“რუსული მედიასაშუალებები წერენ, რომ კრემლი საქართველო-რუსეთის მომავალი ურთიერთობის მხრივ ფსონს თბილისის მოქმედ მერზე კახა კალაძეზე დებს.
საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლების გათვლით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში კალაძე პრემიერ-მინისტრი გახდება და “მასთან უკვე სერიოზულად შეიძლება დალაპარაკება ურთიერთობის საბოლოო ნორმალიზებაზე”, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც. ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია აცხადებს, წინ 2024 წლის არჩევნებია და ჯერ არავინ იცის ვინ სად და როგორ იქნება, მათ შორის პრემიერის თანამდებობას ვინ დაიკავებს და დარჩება თუ არა საერთოდ ხელისუფლებაში “ოცნება”. საკითხზე, თუ რატომ კალაძე და არა, ვთქვათ, მოქმედი პრემიერი ირაკლი კობახიძე, კაკაჩიას აზრით კალაძეს “ოცნებაში” გარკვეული ავტონომიურობა და დამოუკიდებელი რეიტინგი აქვს და დიდი ალბათობით, მიზეზი ესაა. რუსული “ტელეგრამ” არხი “კრემლიოვსკი შეპტუნ” (“კრემლის მოჩურჩულე”) კრემლის ანონიმ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან ურთიერთობის მომავალს თბილისის მერ კახა კალაძეს უკავშირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კრემლი ფსონს კალაძეზე დებს? - რატომ დაიწყო რუსულ მედიაში საუბარი თბილისის მერის მოსალოდნელ პრემიერობაზე.
“უახლოეს წლებში თბილისის ამჟამინდელი მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. კრემლში მიაჩნიათ, რომ მასთან ერთად მოსკოვი შეძლებს საბოლოოდ ნორმალიზდეს ურთიერთობა საქართველოს ხელმძღვანელობასთან”, - წერს რუსული “ტელეგრამ” არხი, რომლის ცნობით, კრემლში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ხელისუფლება კალაძეს “ყველაზე ადეკვატურ, ზომიერ და პერსპექტიულ” ქართველ პოლიტიკოსად მიიჩნევს. “კალაძესთან შეიძლება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის თემაზე და სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი. ახლა ამის გაკეთება ჯერ კიდევ საკმაოდ პრობლემურია, რუსეთის ფედერაციისკენ სვლას დიდი წინააღმდეგობა აქვს. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პროუკრაინულ პოზიციას მაინც იკავებს, თუმცა ზომიერად. კალაძე კი უაღრესად ადეკვატურია ამ თემაზე. მოსკოვი მასზე ამყარებს იმედებს, უფრო მეტიც, არსებობს გარკვეული გაგება, რომ საბოლოოდ, ასე თუ ისე, ის რეალურად მოვა ხელისუფლებაში უახლოეს მომავალში”, - ხაზს უსვამენ კრემლის წყაროები რუსულ “კრემლოვსკი შეპტუნთან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ვინ როგორ იქნება - ვინ იქნება პრემიერი და საერთოდ, მომავალი წლების განმავლობაში “ქართული ოცნება” გადარჩება თუ არა როგორც პარტია, ესეც გასარკვევია. ასეთი პროგნოზიების გაკეთება ცოტა არასწორია. ზოგადად “ქართული ოცნების” ლიდერები ტრანზაქციული ხასიათის ტიპები არიან, გამომდინარე იქიდან, რომ მათ დიდად არ აღელვებთ არც ევროპული ინტეგრაცია და პოლიტიკაში ღირებულებითი მომენტი დიდად არ აქვთ და უფრო ბიზნესზე და თავიანთ პერსონალურ რაღაცეებზე არიან კონცენტრირებული. ალბათ ამიტომ ფიქრობენ კრემლში ასე. მით უმეტეს იციან, რომ “ქართული ოცნება” რუსეთთან შედარებით უფრო ლოიალურ პოლიტიკას ატარებს. თან კალაძე ახალგაზრდაა და ფიქრობენ, რომ ივანიშვილი მას გადააბარებს ძალაუფლებას და “ქართული ოცნება” მუდმივად იქნება ხელისუფლებაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია და შეკითხვაზე - “რატომ კალაძე და არა, ვთქვათ, კობახიძე?” - პასუხობს:
|შეიძლება უფრო იქიდან გამომდინარე, რომ კალაძეს "ქართულ ოცნებაში" გარკვეული ავტონომიურობა გააჩნია, თავისი ფინანსებიც მანამდე ჰქონდა, ევროპაში ნაცხოვრებია. უფრო მეტი გამოცდილება და გავლენა აქვს იგივე საზოგადოებაში, ვიდრე სხვებს, ვინაიდან ქალაქის მერია. შეიძლება ბევრ რაღაცაზე აკრიტიკო, მაგრამ თბილისში ბევრი რამ გააკეთა და მისი რეიტინგი ცოტა სხვანაირია, ვიდრე “ოცნების” სხვა ლიდერების, რომლებიც ცალკე რომ დააყენო, მაგალითად, მაჟორიტარულ ოლქებში, შეიძლება ვერც გაიმარჯვონ. კრემლი კალაძეს შედარებით რეიტინგიან პოლიტიკოსად მიიჩნევს გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის მერია. ყოველთვის ასე იყო, რომ თბილისის ყველა მერი მოიაზრებოდა შემდგომ ლიდერად, რადგან თბილისი ყველაზე დიდი ქალაქია და მოსახლეობის ნახევარი ფაქტიურად დედაქალაქში ცხოვრობს”.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი