ამ გვერდის ამობედვა

მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან

მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკე ყოველთვის ყველაზე დაუცველების მხარეს იდგა - და ამას დიდი თავმდაბლობით აკეთებდა.

„ომისა და სისასტიკის ამ დროს ის თანაგრძნობას გამოხატავდა სხვების, ყველაზე სუსტების მიმართ“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა მთელი მსოფლიოს კათოლიკეებს და განაცხადა, რომ დიდი ტკივილი იგრძნობა როგორც საფრანგეთში, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების ამბავი დიდი მწუხარების მიზეზია, რადგან ეს დიდი ადამიანისა და დიდი მწყემსის წასვლას ნიშნავს.

„მქონდა პატივი, დამტკბარიყავი მისი მეგობრობით, მისი რჩევებითა და სწავლებებით, რომლებიც არასდროს წყდებოდა განსაცდელებისა და ტანჯვის დროსაც კი. მწუხარებით სავსე გულით ვემშვიდობებით წმინდა მამას“, - აღნიშნულია იტალიის პრემიერის განცხადებაში.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებით კათოლიკური ეკლესია და მსოფლიო კარგავს სუსტთა დამცველს, შემრიგებელ და გულთბილ ადამიანს.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, განაცხადა, რომ მსოფლიომ „დაკარგა იმედის კაშკაშა შუქურა“ და დასძინა: „რომის ეპისკოპოსად მსახურების პირველივე დღეებიდან მან ნათლად განაცხადა, რომ ღარიბებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს შეეძლოთ დარწმუნებული ყოფილიყვნენ მის განსაკუთრებულ ყურადღებაში, განსაკუთრებულ მზრუნველობასა და განსაკუთრებულ სიყვარულში“.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა კათოლიკურ ეკლესიას გაერთიანებული სამეფოს ხალხის სახელით მიუსამძიმრა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მისი დაუღალავი ძალისხმევა ყველასთვის სამართლიანი მსოფლიოს შექმნის ხელშეწყობის მიმართულებით, დაუვიწყარ მემკვიდრეობას დატოვებს. გაერთიანებული სამეფოს ხალხის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ მთელ კათოლიკურ ეკლესიას“, - დაწერა სტარმერმა სოციალურ ქსელში.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ასევე მწუხარება გამოხატა რომის პაპის გარდაცვალების გამო.

„მისი ერთგულება მშვიდობის, სოციალური სამართლიანობისა და ყველაზე დაუცველი ადამიანების მიმართ ღრმა მემკვიდრეობას ტოვებს“, - აღნიშნა სანჩესმა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, პაპი ფრანცისკე თავისი ხანგრძლივი სამწყსო მსახურების განმავლობაში თავმდაბლობითა და უბრალოებით ხელმძღვანელობდა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, რომელმაც კვირა დილით რომში ფრანცისკესთან შეხვედრა გამართა, განაცხადა, რომ მისი გული მთელ მსოფლიოში მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებსაც პაპი უყვარდათ.

„გამიხარდა გუშინ მისი ნახვა, თუმცა აშკარად ძალიან ავად იყო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

წაკითხვა 250 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 21 2025