ამ გვერდის ამობედვა

რა წნეხში მოვექცევით, თუ რუსეთი ბაქოსა და ერევანზე კონტროლს საბოლოოდ დაკარგავს

“სომხეთი და აზერბაიჯანი, თურქეთის მხარდაჭერით, სულ უფრო მეტად თამაშობენ რეგიონში დამოუკიდებელ თამაშს, რითიც რუსეთს ბერკეტები თანდათან ხელიდან ეცლება, რომ თავის გავლენის სფეროში ამყოფოს ერევანი და ბაქო. პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ფიქრობენ, რომ მოსკოვი რაც უფრო დაკარგავს კონტროლს აზერბაიჯანსა და სომხეთზე, წნეხი გაძლიერდება საქართველოზე, ჯერ ჰიბრიდული მეთოდებით მოაქცევს ქვეყანას და ხელისუფლებას მისი კონტოლის ქვეშ და მერე “შეიძლება სამხედრო ინტერვენციაზეც იფიქროს”.

სომხეთსა და აზერბაიჯანში განვითარებული ბოლო მოვლენების ფონზე, ქვეყნები სამშვიდობო შეთანხმებაზეც მუშაობენ. აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის 2-საათიანი აუდიენცია სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით არ დასრულებულა, თუმცა არც უკმაყოფილონი დარჩნენ მხარეები და დიალოგის შემდგომი გაგრძელების მზაობა გამოთქვეს. ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დელიმიტაციის პროცესში პროგრესი მიღწეულია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა წნეხში მოვექცევით, თუ რუსეთი ბაქოსა და ერევანზე კონტროლს საბოლოოდ დაკარგავს.

“ანალიტიკოსთა შეფასებით, სომხეთს, რომელიც ახლა დასავლეთთან დაახლოებას ცდილობს, ნატო და ევროკავშირი თავის ქოლგის ქვეშ ვერ დაპირდებიან რუსეთისგან თავდაცვას, და ამ შემთხვევაში, ერევანს გამოსავალი აქვს თურქეთთან დაახლოება, რაც აჩქარებს ყარაბაღის საკითხზე სამშვიდობო ხელშეკრულებას. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ რუსული გავლენები სამხრეთ კავკასიაში მცირდება, რაც თავად მოსკოვის პოლიტიკითაა გამოწვეული, ერთი მხრივ პარტნიორების უგულებელყოფით და მეორე მხრივ იმით, რომ ის მთლიანად გადართულია უკრაინაში სამხედრო კონფლიქტზე. ჯიპას პროფესორ გიორგი კობერიძის შეფასებით, რუსეთი აზერბაიჯანშიც სუსტდება და სომხეთშიც და ცდილობს ორივე ქვეყნაში სიტუაცია არიოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

„რუსული გავლენა მცირდება, ისე გაერთო ომში უკრაინასთან და იმდენად ბევრი რესურსი დახარჯა, რომ ეს არცაა გასაკვირი. მეორე მიზეზი ისაა, რომ ისეთი ძალა გახდა, რომელიც ანგარიშს არ უწევს არავის, არც ერთ მეზობელს არ ინდობს, აბსოლუტურად არასანდო ქვეყანა და პარტნიორია. აზერბაიჯანის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე არც გამოძიება ჩაატარა და არც ბოდიში მოიხადა, შემდეგ აზერბაიჯანელებს დაერივნენ და საშინლად მოექცნენ. სომხეთთან მიმართებაში რუსეთმა ძალიან ნეგატიური როლი ითამაშა ყარაბაღის ომის დროს. თურქეთის პოზიციები ძლიერდება და მე მგონი თურქეთსა და რუსეთს შორის კვლავ იზრდება გეოპილიტიკური კონკურენცია სამხრეთ კავკასიაში გავლენის გამო. ამ ახალ პროცესს სომხეთმაც ალღო აუღო. ცდილობს თურქეთთან უკეთესი ურთიერთობა განავითაროს და მისგან მიიღოს რუსეთისგან თავდაცვის გარანტიები, ამით საკუთარი ევროპული ორიენტაციის განვითარება უზრუნველჰყოს: ვერც ნატოს ქვეყნები და ვერც ევრკავშირი, რომლებიც ირიბად არიან ჩართულები კონფლიქტში, ვერ დაჰპირდებიან იმხელა რესურსის გამოყოფას სომხეთს, რომ მან რუსეთისგან თავი დაიცვას, რომლის ბაზებიც იქ არსებობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“თურქეთი თუ დაინტერესდება სომხეთის გეოპოლიტიკურ პარტნიორად გადაქცევაში და წესით უნდა იყოს, რადგან სომხეთზე გადის აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სახმელეთო კავშირი, რომელიც ყველაზე მარტივი და მოკლეა, ჩვენზე უფრო ბევრად მოკლე კავშირია სომხეთზე გამავალი. აქ უკვე სომხეთი ცდილობს გამოიყენოს რუსეთისგან თავდასაცავად თურქთთან კარგი ურთიერთობა და ამისთვის სჭირდება მოლაპარაკება აზერბაიჯანთან, სამშვიდობო შეთანხმება ამას თავისთავად ხელს უწყობს. თუ ზანგეზურის დერეფნის საკითხი გადაწყდა და სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი შეთანხმდნენ რაღაც ფორმით ამ დერეფნის საერთო გამოყენებაზე, თავისთავად თურქეთი სომხეთს მისცემს რუსეთისგან თავდაცვის გარანტიას, რასაც ირანი ვერ მისცემდა. რუსეთთან მიმართებაში ირანი თითსაც არ გაანძრევს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სომხეთის ოკუპირებას მოინდომებს. აქ ერთადერთი ძალა თურქეთია - მისი, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტანდემი მთლიანად მოიშორებს რუსეთს ძალიან მარტივად სამხრეთ კავკასიიდან, თუმცა ვრჩებით ჩვენ. თურქეთს ამ მომენტში საქართველო სჭირდება, ესაა ნავთობსადენები და ყველანაირი დერეფანი, მაგრამ თუ სომხეთთან ყველაფერი მოაგვარა, საქართველოს ისეთი აქტიური დამცველი აღარ იქნება”, - განაგრძობს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.

“სამწუხაროა, რომ ევროპა და ნატო მთავრობამ პრაქტიკულად აქედან გადენა, ჩვენ რუსეთის წინაშე საკმაოდ დაუცველები ვრჩებით. ის ჯერ ცდილობს ჰიბრიდული მეთოდებით სრული გავლენის ქვეშ მოაქციოს მთლიანად საქართველოს ხელისუფლება და აკეთებინოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც მას აწყობს და თუ ეს არ გამოვა, შეიძლება ოკუპაციაზეც იფიქროს, რაღაც სამხედრო ინტერვენციაზე, ან სხვა უფრო ბრუტალურ მეთოდებზე. გამოსავალი არის საქართველოს დაბრუნება ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ამას ძალიან სწრაფად მოვახერხებთ, რადგან საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ნატოს ქვეყნებისთვის, საქართველო მათ უკავშირდება პირდაპირ ზღვით, ამიტომ ევროპა და ამერიკა ჩვენი დაცვით უფრო მეტად იქნება დაინტერესებული და აქ რუსეთს არანაირი ომის გაჩაღების საშუალებას არ მისცემს, თუ დავუბრუნდებით ევროპულ ორბიტას”, - დაასკვნის კახა გოგოლაშვილი.

“რუსეთი აზერბაიჯანშიც სუსტდება და სომხეთშიც. რუსეთი ამის წინააღმდეგია და ყველანაირად ცდილობს ერთი მხრივ სომხეთში არიოს სიტუაცია, ხოლო მეორე მხრივ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არ დაუშვას მოლაპარაკებები. მოსკოვი არც აზერბაიჯანის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციაზე იტყვის უარს, უკვე დაიწყეს კიდეც საუბარი რუსეთში მცხოვრები აზერბაიჯანული დიასპორის გამოყენებაზე ან პირიქით, განდევნაზე. რუსეთს პირდაპირი ომის თავი ახლა ნამდვილად არ აქვს, მაგრამ სიტუაციის არევას რომ შეეცადოს, ეს გამორიცხული არ არის. ისიც სათქმელია - ვერც ვერაფერს რომ ვერ გახდეს რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანში და საჩვენებლად რომც დალაგდეს მათთან, ორივე რეჟიმი - ალიევისა და ფაშინიანის - სანდო და მისაღები აღარაა მისთვის. მაგრამ ფაქტი ერთია - ამ პროცესებით სამხრეთ კავკასიაში რუსეთი სუსტდება”, - მიიჩნევს ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე.

“რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის ეს ძალიან კარგი მოვლენაა. ბიზნესის ინვესტიაციაც უფრო რეალისტურია იქ, სადაც ხელმოწერილი მშვიდობაა. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამის შემდეგ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ერთადერთი სახელმწიფო საქართველო არ აღმოჩნდეს. ეს პოლიტიკური და ეკონომიკური დარტყმა იქნება ჩვენთვის. აზერბაიჯანისა და სომხეთის დაახლოების შემთხვევაში ახალი ეკონომიკური დერეფანი გაჩნდება, რომელიც საქართველოს ალტერნატივა გახდება. ამ ალტერნატივას ძალიან რთული რელიეფიდან გამომდინარე უახლოეს მომავალში დიდი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს, თუკი პოლიტიკურად საქართველომ თავი დააღწია რუსეთს, მაგრამ გრძელვადიანად, რუსულ ორბიტაზე დარჩენის შემთხვევაში, ევროპული, თურქული და აზერბაიჯანული პოლიტიკური ნება გადაწყვეტს ძალიან ბევრ რამეს, მიუხედავად იმისა თუ როგორია რელიეფი აღმოსავლეთ ანატოლიასა და მცირე კავკასიონზე. სხვის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებულება და რუსულ ორბიტაზე აღმოჩენა კი ძალიან მძიმე მოცემულობა იქნება”, - დასძენს კობერიძე.

წაკითხვა 393 ჯერ

სიახლეები