ამ გვერდის ამობედვა

,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, - ევროპულთან შედარებით, - განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები. იგი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, შეისწავლონ ეს საკითხი და ითხოვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასაც.

„მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ასევე, ვთხოვ პარლამენტს, საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია“, - განაცხადა კობახიძემ დღეს დილას, 24 დეკემბერს, წინასაახალწლოდ, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

  • ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ პროდუქტების ფასების, - და, ზოგადად, სამომხმარებლო ფასების, - ზრდის მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.
  • ამჟამად საქართველოში ინფლაცია 4.8%-ია.
  • 2023 წლის თებერვალში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მოემზადებინა კანონპროექტი, რომელიც ბაზარზე ფასებს დაარეგულირებდა.
  • „იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები. ეს არის გამოსავალი, რაც ამ მოკლე ორ კვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა“, - განაცხადა მან.
  • საკითხს პარლამენტში მსვლელობა არ მისცემია.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საზოგადოება ხშირად გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება.

მისი თქმით, მთავრობამ შეარჩია რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შეადარა საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ამ პროდუქტების ფასები და გააანალიზა ფასნამატის სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა.

„ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია“, - აცხადებს ის.

„საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის“ პროდუქტების ფასები განსხვავებულია. კერძოდ:

  • მზესუმზირას ზეთი - 34%-ით მეტი ღირს საქართველოში,
  • მაკარონი - 97%-ით,
  • ბრინჯი - 180%-ით,
  • კარაქი - 30%-ით,
  • ყველი - 42%-ით,
  • ხოლო შოკოლადი - 47%-ით ძვირია.

„ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმითვე, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14% პროცენტიც კი არის, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა „საშუალოდ 2%-ია“.

კობახიძემ განაცხადა ისიც, რომ „პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ“.

„ამიტომ არის, რომ ხშირად ქართულ მარკეტებში მრავლად ნახავთ ისეთ უცხოურ პროდუქტს, რომელიც ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ გააქვთ. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სახელმწიფოს ინტერესი, პირიქით, ქართული წარმოების წახალისება და იმპორტის მაქსიმალურად შემცირებაა“, - აცხადებს იგი.

ირაკლი კობახიძე ასევე აცხადებს, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რათა „ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ“.

„საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“, - ამბობს ის.

„მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“, - ამბობს მიმართვაში ირაკლი კობახიძე.

„ასევე, მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს“, - აცხადებს იგი.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ასევე აცხადებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ქსელური მარკეტების რაოდენობა „ორჯერ გაიზარდა“.

„შედეგად, დღეს საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია“, - აცხადებს ის.

„ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება“, - ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს:

  • ე.წ. ქსელის „ქეშბექი“;
  • მაღაზიაში „შესვლისთვის“ დაწესებული საფასური;
  • დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება;
  • მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში.

„რაც მთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

წაკითხვა 124 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 24 2025

სიახლეები