ამ გვერდის ამობედვა

მთავრობა უსამძიმრებს ირანსაც და ისრაელსაც და სოლიდარობას უცხადებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს

,,ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გამოხატავს "ღრმა შეშფოთებას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო".

 მთავრობა სამძიმარს უცხადებს როგორც ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ,,მათ შორის უმაღლესი ლიდერის" დაღუპვის გამო, ისე ებრაელ ხალხსა და ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. ასევე გამოხატულია სრული სოლიდარობა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების მიმართ.

2 მარტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კონფლიქტი საფრთხეს უქმნის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.

სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.

საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს", - ნათქვამია 2 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ,,ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს".

,,საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით, ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, ამის შესახებ კობახიძემ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს კობახიძემ ,,დაუდასტურა საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან" და გამოხატა ,,გულწრფელი სოლიდარობა" და იმედი გამოთქვა, "რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება".

,,ასევე აღვნიშნე, რომ ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან”, - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში.

ირანელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თეირანი მოლაპარაკებების აბუჩად აგდებაში და საკუთარი ხალხის წამებაში დაადანაშაულა.

წაკითხვა 169 ჯერ