რატომ ხდება ოთხშაბათიდან აუცრელთა ტესტირება ფასიანი

“იმ მოქალაქეებისათვის, ვისაც აცრა გაკეთებული არ აქვთ, 15 სექტემბრიდან კორონავირუსზე ტესტირება ფასიანი ხდება.

სპეციალისტთა ნაწილი შიშობს, რომ ამას ერთის მხრივ ვაქცინაციის ტემპის გაზრდასთან ერთად უარყოფითი ეფექტიც ექნება - აუცრელი მოქალაქეები საეჭვო სიმპტომების შემთხვევაშიც არ გაიკეთებენ ტესტს, რაც სტატისტიკას დაამახინჯებს და ეპიდსიტუაციაზე არასწორ წარმოდგენას შეგვიქმნის. ამასთან, სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვისაც აცრის გაკეთება არ სურს, ის სერიოზულ პრობლემებს უქმნის გარშემო მყოფებსაც და ამავე დროს სახელმწიფოსაც, რადგანაც მისი ტესტირება ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ სახელმწიფომ მოიხსნას ეს ვალდებულება იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც მის რეკომენდაციებს არ იზიარებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით „ვინც სახელმწიფოს პატივს არ სცემს, თვითონ გადაიხადოს...“ - ოთხშაბათიდან აუცრელთა ტესტირება ფასიანი ხდება.

 

“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლადო კახაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება წამახალისებელ ლატარიასთან ერთად ვაქცინაციის სტიმულირებისთვის მიიღო. “ეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაა. რამდენადაც მე ვიცი, ეს ასე იმიტომ გადაწყდა, რომ აცრების სტიმულირება ორმხრივად მოხდეს - ერთი ლატარიით და მეორე ამ საკითხით, რომელსაც მეც ვიზიარებ. მთავრობა ძალას ვერ დაატანს, აცრები საყოველთაოა, მაგრამ ნებაყოფლობითი. მაგალითად, ამერიკამ აცრები სავალდებულოდ გადააქცია - ბაიდენმა თქვა, რომ არც ერთ სამსახურში აუცრელი კაციშვილი არ იქნება დასაქმებულიო; პირბადის გარეშე ყოფნისთვის ჯარიმა ხუთასი დოლარი დაუწესეს, განმეორებისას - სამი ათასი. ამერიკამ უმკაცრესი ზომები მიიღო. აცრა სარგებელია. ჩვენს შემთხვევაში ვერ გეტყვით ეს გადაწყვეტილება გაზრდის თუ არა ვაქცინაციის ტემპს, რადგან თუ ადამიანი გაჯიუტდა და სიკვდილი ურჩევნია, კი, ბატონო, ეს მისი არჩევანია. მაგალითი მაქვს, რომ ჩემი მეგობრის ოჯახის წევრმა სიმპტომები დამალა, ბებია-ბაბუასთან მივიდა და ბებია გარდაიცვალა, ოჯახის ყველა წევრი კი დაავადდა”, - ამბობს კახაძე, რომლის თქმით, “მისი გადასაწყვეტია დააავადოს თუ არა თავისი ოჯახი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“როცა ადამიანი სხვაზე ფიქრობს, სახელმწიფოსკენ ნაბიჯს გადადგამს და აიცრება, ნებისმიერ მომსახურებას სახელმწიფო უფასოდ გაუკეთებს. ვინც სახელმწიფოს არაფრად არ აგდებს, არც მის რეკომენდაციას და არც აზრს არ იზიარებს და თავისი აზრით მოქმედებს, მაშინ თავისი თავიც თვითონ დაიცვას. სახელმწიფოს ხომ პატივს არ სცემს და მის აზრს ხომ, არ ითვალისწინებს, მაშინ თვითონ გადაიხადოს... ვაქცინა თუ არ გაუკეთებია მასწავლებელს და ბავშვებთან არ შევუშვებთ, მასწავლებლის უფლება ირღვევა? ამ შემთხვევაში ბავშვების უფლებები არ დაირღვევა, დაავადებული რომ შევიდეს? ვაქცინებს მიაქვს ქვეყანა და ხალხი რატომ არ იცრება? პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე, ყველა მეცნიერი, ჯანმო პირველი დღიდანვე იძახდნენ, რომ ჩვენი გადარჩენა საყოველთაო ვაქცინაციაა. თუ ამის მოწინააღმეგე ხარ, ვეღარ გავიგე სახელმწიფოს რაღაცას ავალდებულებ? ადამიანი აცრას რომ გაიკეთებს, ამის შემდეგ ყველაფერი სახელმწიფოს ვალდებულებებია. რადგან ის სახელმწიფოსთან თანამშრომლობს, ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, მომავალზე ფიქრობს, ასეთ ადამიანს სახელმწიფო გვერდით ყოველთვის დაუდგება; ხოლო სახელმწიფოსთან ჭიდილში ვინცაა და იძახის - „არაო", ძალიან დიდი ბოდიში თითოეულ ადამიანთან, მაგრამ თავის თავს თვითონ უნდა მიხედოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

 

“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე კი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, როცა ადამიანს სიმპტომები აქვს და ავადობის დადგენა-არდადგენაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში ტესტირება, სავარაუდოდ, უფასო დარჩება. დანარჩენი კატეგორიებისთვის კი აღნიშნული რეგულაცია ლოგიკურია. ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას კი ამ გადაწყვეტილების ეფექტიანობის შეფასება უჭირს, რადგან თუ ტესტირება ფასიანი გახდა, შესაძლოა ყოველდღიური ტესტების რაოდენობაც შემცირდეს, რაც სტატისტიკას დაამახინჯებს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ბევრმა ქვეყანამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ადამიანები ან უნდა იაცრან, ან ყოველკვირეულად ტესტის პასუხები უნდა წარმოადგინონ. ჩვენთანაც გარკკვეული დამსაქმებლებიც იგივეს ითხოვენ - როგორც კერძო, ისე სახელმწიფო. ამ სიტუაციაში, როცა არჩევანს აკეთებ, რომ კვირაში ერთხელ ტესტი ჩაიტარო, ლოგიკურია მოითხოვო, რომ ეს იყოს ფასიანი, რადგან გადასახადის გადამხდელთა ფული ამას ნამდვილად არ ეყოფა. თუ ადამიანი არჩევნას შეგნებულად აკეთებს, რომ არ აიცრას, როცა უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინების არჩევანია, მის გარშემო ყველას პრობლემებს უქმნის იმით, რომ შესაძლოა ის ვირუსის მატარებელი და გადამდები იყოს, ვიდრე აცრილი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ესაა ლოგიკური”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

 

“დეტალები არ ვიცი, თუმცა წესით ასე უნდა იყოს, რომ ავადობაზე და სიმპტომებზე თუა საუბარი, ოჯახის ექიმი როცა გამოგიწერს და დაგინიშნავს, საავადმყოფოში, როგორც მე ვიცი, უფასო რჩება. მაგრამ ისე, რუტინული ტესტირებისთვის ისედაც უმეტესობა თანხას იხდიდა, ოღონდ ოჯახის ექიმის დანიშნულებით არ იხდიდნენ და ახლა ოჯახის ექიმიც არ დაუნიშნავს იმ შემთხევაში, თუ ისეთ პრინციპზე გადავა, რომ აცრის ნაცვლად ყოველკვირეულ მოთხოვნად ტესტირებაზე იქნება საუბარი; ანუ როცა ადამიანი თვითონ აირჩევს, რომ ნაცვლად იმისა, რომ აიცრას ყოველ კვირა ტესტი გაიკეთოს. ეს მისი არჩევანია, შესაბამისად, ფინანსური პასუხისმგებლობაც მისია. ასევე გამონაკლისი უნდა იყოს მათთვისაც, ვისაც აცრასთან მიმართებაში აბსოლუტური უკუჩვენება აქვს”, - დაასკვნის ზოიძე.

 

“ძალიან რთული საკითხია და არ ვიცი ამას კარგი ეფექტი ექნება თუ ცუდი. შესაძლოა გარკვეულ პოპულაციაში ასე იყოს, რომ თუ უფასო ტესტი არ იქნება, მაშინ მოტივაცია მიეცეს, რომ ვაქცინაცია ჩაიტაროს. თუმცა ვიღაცეები პირიქით, ხელს ჩაიქნევენ და არც ვაქცინაციას ჩაიტარებენ, არც ტესტირებას და ამან შესაძლოა უფრო ცუდი შედეგი მოგვცეს, რადგან ადამიანს შეილება დაავადება ჰქონდეს და ვერ გაიგოს, ეს კი სხვა ადამიანებს და მოსახლეობას პრობლემას შეუქმნის. ამიტომ ამ გადაწყვეტილების ეფექტიანობის შესაფება გამიჭირდება. თუ იქნება მოსახლეობაში ეს განწყობა, რომ თუ ტესტი უფასო არ იქნება, მაშინ საერთოდ არ გავიკეთებო, რა თქმა უნდა ეს სტატისტიკას დაამახინჯებს”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

 

“არის კატეგორიები - მედპერსონალი, სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანები და სხვა, ვისაც, ჩემი აზრით, ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ და მათთან მსგავსი მანდატორული მოთხოვნის უფლება გამართლებულია, რადგან პანდემიაა და შესაძლებელია, რომ იმ ადამიანებს, ვინც მაღალი რისკის მატარებელია, მოვთხოვოთ ვაქცინაცია ჩაიტაროს. ამიტომ გარკვეული კატეგორიებისთვის ასეთი მიდგომა მისაღებია. თუმცა განზოგადებულად მოსახლეობაზე ეს, ჩემი აზრით, სწორი არაა, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ვაქცინაცია იცავს. ამით უფრო მეტი ადამიანი ჩაიტარებს, ვიდრე დააძალო და გააკეთებინო ის, რასაც ის შინაგანად არ ეთანხმება. ამიტომ ჩვენი მიზანი ადამიანის შეგნების და პასუხისმგებლობის ამაღლებაა და არა ძალით რაღაცის გაკეთება, რაც მერე შესაძლოა რაღაცეებზე ცუდად აისახოს”, - განმარტავს გოგინავა.

წაკითხვა 107 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.