April 27, 2024

რამდენიმე რჩევა წამლების ხელმისაწვდომ ფასად შეძენისთვის

თუ გადაწყვეტთ, რომ სოციალური გამოკითხვა ჩაატაროთ და მოსახლეობას სთხოვოთ, დაასახელონ ის პრობლემები, რომელთა გამოსწორებასაც ქვეყანაში ისურვებდნენ, პრობლემურ საკითხთა ჩამონათვალში აუცილებლად შეხვდებით ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მედიკამენტების ფასებია.

ამ ბლოგის მიზანია, რომ ის გზები გაგაცნოთ, რომელთა მეშვეობითაც თქვენთვის აუცილებელი წამლების შეძენას შედარებით იაფად შეძლებთ.

ჩაანაცვლეთ ორიგინალი წამლები გენერიკულით

თუ მედიკამენტების ხელმისაწვდომ ფასად შეძენა გსურთ, პირველ რიგში, გირჩევთ, არა ორიგინალი წამალი, არამედ გენერიკი შეიძინოთ. როდესაც აფთიაქში თქვენთვის სასურველი მედიკამენტი არ აქვთ, ალბათ, არაერთხელ შემოუთავაზებიათ წამლის ე.წ. შემცვლელი, რომელსაც ზუსტად იგივე შემადგენლობა აქვს, რაც თქვენთვის დანიშნულ წამალს - სწორედ ასეთ მედიკამენტებს ეწოდება გენერიკული.

როდესაც ბაზარზე ახალი მედიკამენტი გამოდის, გარკვეული ვადით მხოლოდ მის მწარმოებელ კომპანიას აქვს კომერციალიზაციის უფლება. ამ დროის ამოწურვის შემდეგ კი სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები იწყებენ იგივე შემცველობის წამლის დამზადებას, რომელსაც ორიგინალის მსგავსი სამკურნალო თვისებები, თუმცა განსხვავებული დასახელება და უფრო დაბალი ფასი აქვს, რადგან დამატებითი ხარჯების გაწევას კვლევებისთვის აღარ საჭიროებს.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც გენერიკის შესახებ უნდა იცოდეთ, ისაა, რომ ქვეყანაში უკვე რეცეპტის გაცემის ახალი სისტემა მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ თქვენს მკურნალ ექიმს კონკრეტული ბრენდის წამლის დანიშვნა შეეძლო, ახლა ვალდებულია, რომ დანიშნულებაში გენერიკული სახელწოდება მიუთითოს. იგივე წესი მოქმედებს ფარმაცევტებისთვისაც - როდესაც ექიმის მიერ დანიშნული წამლის გენერიკულ დასახელებას წარუდგენთ, ისინი ვალდებულნი არიან, სამი ხარისხიანი და შეღავათიანი ფასის მქონე გენერიკული მედიკამენტი შემოგთავაზონ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ, თუ ექიმი ორიგინალ წამალს გინიშნავთ, უფლება გაქვთ, რომ გენერიკის დანიშვნა მოითხოვოთ.

მოიძიეთ ჯანდაცვის პროგრამები

როდესაც მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ არსებობს კონკრეტული ჯანდაცვის პროგრამები, რომლებიც თქვენთვის საჭირო მედიკამენტების სრულიად უფასოდ ან თანადაფინანსებით მიღებას უზრუნველყოფს. 2013 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომლის მიზანიც მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიღების ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კონკრეტული პროგრამით სარგებლობისთვის არსებობს გზამკვლევი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ აკმაყოფილებთ თუ არა კონკრეტული პაკეტით სარგებლობს კრიტერიუმებს. გარდა ამისა, ასევე არსებობს მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვისაა შექმნილი. ამ პროგრამებით სარგებლობისათვისაც აუცილებელია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, როგორიცაა მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სოციალური სტატუსი და სხვა. პ

თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ და მუდმივად საჭიროებთ მედიკამენტების მიღებას, აუცილებლად უნდა იცოდეთ ისიც, რომ ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულია ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება.

იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი კრიტერიუმების შესაბამისი პროგრამა არ არსებობს, ძვირადღირებული მედიკამენტების შესაძენად ერთჯერადი თანადაფინანსებისთვის შეგიძლიათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტსაც მიმართოთ.

შეადარეთ ფასები სხვადასხვა აფთიაქებში

მედიკამენტების ხელმისაწვდომ ფასად შესაძენად ერთ-ერთი გზა აფთიაქებში ფასების შედარებაა. შესაძლოა, რომელიმე აფთიაქში სწორედ იმ მედიკამენტზე იყოს ფასდაკლება, რომლის შეძენაც გსურთ, ამიტომ გირჩევთ, რომ რამდენიმე წამყვანი ბრენდის აფთიაქში ყოველთვის გადაამოწმოთ თქვენთვის საჭირო წამლის ღირებულება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ წამალს ონლაინ შეიძენთ, ზოგჯერ დამატებითი ფასდაკლებები მოქმედებს, ამიტომ თვალი ადევნეთ აფთიაქების ვებგვერდებსა თუ აპლიკაციებს.

ფასდაკლების დღეები

წამლების იაფად შეძენისთვის შესანიშნავი საშუალებაა ფასდაკლების დღეებიც, რომელიც სააფთიაქო ბაზარზე წარმოდგენილ ყველა დიდ კომპანიას აქვს და მომხმარებელს მედიკამენტებზე ფასდაკლებებს სთავაზობს. ყველა აფთიაქს სხვადასხვა დღეები აქვს არჩეული, თუმცა, როგორც წესი, ფასდაკლების ყველაზე გავრცელებულ კვირის დღეების ჩამონათვალში სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ხშირად შეხვდებით.

ლოიალობის ბარათი

გარდა ფასდაკლებების დღეებისა, მედიკამენტების შეძენისას თანხას იმ შემთხვევაშიც დაზოგავთ, თუ კონკრეტული აფთიაქის ლოიალობის ბარათით ისარგებლებთ. მსგავსი ბარათი ყველა აფთიაქს აქვს და, გარდა იმისა, რომ შეძენილ პროდუქციას საფასურს აკლებს, ქულებიც გიგროვდებათ, რომელთა მეშვეობითაც შემდეგ უფასოდ შეძლებთ კონკრეტული სააფთიაქო პროდუქტის შეძენას.

შეჯამება

იმისათვის, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს და ფუფუნებად არ აღიქმებოდეს, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ამ ბლოგით შევეცადეთ, რომ თქვენთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა ის საშუალება გაგვეცნო, რომელიც საშუალებას მოგცემთ, თქვენთვის საჭირო მედიკამენტები შედარებით იაფად შეიძინოთ და თქვენი ჯანმრთელობის პრობლემები არა სამომავლოდ გადადოთ, არამედ დღის წესრიგში პირველ ადგილზე დააყენოთ.

წაკითხვა 278 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.