როგორ აღნიშნავენ გურულები კალანდობას

ახალ წელს საქართველოს ყველა კუთხეში ზეიმობენ, თუმცა გურიაში ეს დღესასწაული განსაკუთრებულია. აქ მას თავისი სახელიც აქვს - კალანდობა. ეს გურულების ტრადიცია და საზეიმო რიტუალია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.

როგორც ცნობილია, კალანდობა ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს, თუმცა გურულებისთვის ის 14 იანვარს დგება.

 

ღვეზელით, გოზინაყით, საკალანდოდ დაკლული ღორით, მარანში შავი ღვინით და კრიმანჭულით - ასე ეგებებიან ახალ წელს გურულები. განსაკუთრებული ტრადიციების შესახებ ჩვენი რესპონდენტები მოგიყვებიან.

 

FirstNews.ge-ს ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ეკა დარჩია ესაუბრა:

 

მინდა გურულ ახალ წელზე მოგიყვეთ. სწორედ იმაზე, გურიაში კალანდას, რომ ვუწოდებთ. ჩვენთან ნაძვის ხის მაგივრად, ჩიჩილაკი იციან.

 

გურიაში კალანდობას (ძველით ახალ წელს) ეპატიჟებიან მეკვლეს და თვითონაც მიდიან მეკვლედ. მეკვლე არის ადამიანი, რომელმაც ოჯახს სიკეთე და ბედნიერება უნდა მოუტანოს. ტრადიციის მიხედვით, ქართველების მეკვლედ წმინდა ბასილი ითვლებოდა. კალანდობა სწორედ მისი ხსენების დღეს, 14 იანვარს ემთხვევა. წმინდა ბასილის პატივსაცემად, კალანდობას ჩიჩილაკს რთავენ. ჩიჩილაკი თეთრი ფერისაა და ხალხი მას წმინდა ბასილის თეთრ წვერს ამსგავსებს

 

კალანდის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, საახალწლო კვერს, საახალწლო სანოვაგით დატვირთულ გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს აიღებდნენ და მარნისკენ გაეშურებოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით.

 

კალანდის წინა დღეს ცხემლისჭრა ეწოდებოდა. ამ დღეს ოჯახის წევრი მამაკაცი ტყეში მოჭრიდა ცხემლის ხეს და დაამზადებდა შეშას, შეიტანდა სახლში და დააწყობდა ცეცხლთან ახლოს, გასაშრობად. ცხემლისჭრის დღისთვის ვახშმად ამზადებდნენ ინდაურის ხორცისგან საცივს, ხარშავდნენ კარგად გასუქებული ღორის თავს. საგანგებოდ აცხობდნენ გურულ ღვეზელს და ტკბილ ნაზუქებს.ბებიები და დედები ამ დღისათვის სპეციალურად მომზადებულ ჩურჩხელებსა და ტკბილ კვერებს ურიგებდნენ ბავშვებს. საღამოს ანთებდნენ თაფლის სანთლებს და შეუდგებოდნენ ვახშამს. ღვინის სმის დროს ამბობდნენ: "მრავალ ცხემლისჭრა დღეს დაგვასწროს ღმერთმაო". ცხემლისჭრა დღეს უნდა მოემზადებინათ ჩიჩილაკიც. ამ დღეს ტყეში მოძებნიდნენ თხილის სწორ ხეს, ამოარჩევდნენ მისგან საჩიჩილაკე ღეროს და ცოტა ხნით ცეცხლზე გააჩერებდნენ, როცა ხის კანი ტკაცუნს დაიწყებდა, გამოიღებდნენ, შემოაცლიდნენ დამწვარ კანს და იწყებდნენ ჩიჩილაკის დამზადებას. გამზადებულ ჩიჩილაკს სუროს ფოთლებით, ჩურჩხელებითა და სხვადასხვა ტკბილეულით რთავდნენ. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ, შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ.

 

138222364 317838732877256 2140218356495733278 n

 

კალანდობის ღამით დაწყებულ დროსტარებას მეორე დღესაც აგრძელებდნენ. კალანდობის დადგომას დღესაც მხიარულად და სიმღერით ხვდებიან და მთელი ორი დღე ზეიმობენ. კალანდობის მეორე დღეს, 15 იანვარს, გურიაში და სამეგრელოში "კუჩხას" ეძახიან. ამ დღეს ოჯახში მოდის მეკვლე, საჩუქრად მოაქვს ტკბილეული და ანთებს ბუხარს. ტრადიციის მიხედვით, მეკვლის მოსვლა გურულ ოჯახს ბედნიერებას მოუტანს. მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: "კარი გამიღე!" სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: "რა მოგაქვს?". მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: "მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული..." შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.

ახლა:

ყველა ოჯახში აღინიშნება კალანდობა ახლაც,მაგრამ შიძლება ღორის თავი ყველგან არ დაგხვდებათ, თუმცა, ჩიჩილკი ყველა ოჯახს აქვს კუნელითა და ტკბილეულით გაპრანჭული.

მეკვლე ანუ ფეხადი ოჯახს 12 საათის მერე სტუმრობს. მეკვლე წინასწარ ჰყავთ შეგულებული, წინასწარ სთხოვენ წელს შენ ჩვენი ფეხადი ხარო. არის ისეთი ფეხადებიც შემთხვევით, რომ აღმოჩნდება ოჯახის ფეხადადფეხადს მოაქვს ტკბილეული და ხაპი ლანგარზე დალაგებული.

რაც შეეხება მოლოდინებს, იმ ღამის განწყობის შესაბამისად სჭვრეტენ როგორი იქნება მომავალი წელი.

 

ნუგზარ ასათიანი - ჟურნალისტი

ფოტოები, შარშან ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში კალანდის დღესასწაულზეა გადაღებული...ისე ტრადიციული ოჯახები კალანდის წინა დღეს ბუხარში ცხემლის შეშას ააგიზგიზებენ და საკალანდო სამზადის იწყებდნენ. იკვლებოდა ღორი, „ძაროდან“(სპეციალური წნული, სადაც ქათმები ჰყავდათ დამწყვდეული „მოსასუქებლად“. გურული საცივისთვის ინდაურს ამჯობინებდნენ. დილით ოჯახში გამოცხადდებოდა მეკვლე „ფეხადი“(ასე ხდებოდა ჩემთან), რომლელიც გარკვეულ რიტუალს ასრულებდა. მოიტანდა ტკბილეულს და სავსე სუფრაზე ოჯახს დალოცავდა. მეკვლე („ფეხადი“) ოჯახს შერჩეული ჰყავდა და იგი ამ ფუნქციას წლების განმავლობაში ასრულებდა. „ფეხადი“მეორე დღეს, ბედობასაც მოდიოდა.

 

რა თქმა უნდა, დღეს ბევრი ვეღარ კლავს საკალანდო ღორს. ინდაურის თემაც მოიკოჭლებს და „საცივი“ ხშირად ქათმისგან მზადდება. სხვა, აუცილებელია გოზინაყი, ტკბილეული, ხაჭაპურები (როცა ხაჭაპურში ყველი უხვადაა, გურულები „აბდალა“ ქალის გამომცხვარ ხაჭაპურს უწოდებენ (ვერ მიხვდა, „აბდალია“ და ბევრი ყველი ჩადო შიგ). ბებია-ბაბუას მონათხრობით საუკუნის წინ კალანდის ღამით ოჯახის უფროსი ხის გობით, რომელზეც იდო ღორის თავი, დედალი, „ჯანჯუხები, სხვა ტკბილეული და ვერცხლი (სიუხვისათვის) ოჯახს მოადგებოდა და დაიძახებდა: კარი გამიღე.. რა მოგაქვს? ჰკითხავდა ცოლი. სიუხვე, სიყვარული, ოქრო, ვერცხლი. ეს მეორდებოდა სამჯერ. შემდეგ სახლში შევიდოდა და ოჯახს დალოცავდა. მეორე დღეს მარანში „აგუნა, აგუნა გადმოიარეო“  აგუგუნებდნენ. თუ ადრე ფილთა თოფს ისროდნენ, ახლა მაშხალებზე გადავიდნენ.

 

138549016 3323816557723323 668210005257544694 n

 

წაკითხვა 604 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 12 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.