March 29, 2024

ვიზუალური ხელოვნება ბევრად მეტის გამომხატველია, მას მისტიური ძალა აქვს - თამარ-თალი თოიძე

ხელოვნება ეს ნიჭიერი ადამიანის მიერ სამყაროს შემოქმედებითი აღქმაა.  ის საყოველთაოა, არ გააჩნია დრო, საზღვრები, ენა, ეროვნება, სქესი და მხოლოდ ემოციის ჯაჭვით გადაეცემა ერთიდან მეორეს...

ხელოვნების ნიჭი ადამიანებში თანდაყოლილია, მთავარია შეძლოთ და ის თქვენში აღმოაჩინოთ. საოცარი გრძნობა, როცა სიცოცხლეს შთაბერავ შენს სამყაროს და საზოგადოებას უზიარებ. ხელოვნება დიდებული შესაძლებლობაა, რომ გახდეთ უფრო გახსნილი პიროვნება, დაინახოთ სილამაზე, იქ, სადაც აქამდე ვერ ამჩნევდით.

 

FirstNews.ge გთავაზობთ რუბრიკას - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“. ჩვენი რუბრიკის სტუმარია მოქანდაკე თამარ - თალი თოიძე, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს.

 

- გურიაში დავიბადე, სამ წლამდე იქ ვიზრდებოდი (ტყუპისცალ) დასთან და ძმასთან ერთად. შემდეგ თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, თუმცა, არდადეგების პერიოდს, ხშირად ბებია და ბაბუასთან ერთად ვატარებდით და ეს მართლაც, რომ კარგი პერიოდი იყო ჩემთვის. ქალაქში ისეთი თავისუფლება, სუფთა ჰაერი და სიმშვიდე როდი მოიპოვება, როგორიც სოფლად არის ხოლმე.

პირველი შეხება ხელოვნებასთან ძალიან ღრმა ბავშვობაში მქონდა ჩემს და - ძმასთან ერთად. დედა ხშირად სახატავი მასალებით დაგვაინტერესებდა ხოლმე,რომ, როგორმე წყნარად ერთ სივრცეში ვყოფილიყავით და ეს მართლაც ამართლებდა.  მახსოვს ქვების შეგროვება მიყვარდა და მთელ ეზოს მათ ძიებაში შემოვივლიდი ხოლმე, ჯიბეები სავსე მქონდა ქვებით. ამის გამო ბაბუაჩემმა პატარა ძალიან ლამაზი ჩანთები შეგვიკერა მე და ჩემს ტყუპისცალ დას, რომ გაგვმარტივებოდა ქვების ძიების პროცესი. ბაბუა და ბებია ძალიან კარგი თერძები - მკერავები იყვნენ. 

 

- რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია?

- სკოლის პერიოდში სამხატვრო 10 წლედში დავდიოდი და - ძმასთან ერთად. სასწავლებელში ასეთი წესი იყო, რომ 5 კლასის შემდეგ უნდა აგერჩია რაიმე განხრა, მახსოვს გრაფიკა ან ქანდაკება მინდოდა, მაგრამ გრაფიკაზე ბავშვების იმდენი რაოდენობა იყო, რომ დამატებით ბავშვებს ვეღარ ამატებდნენ, ქანდაკებაზე მოთხოვნა კი საკმაოდ ცოტა იყო და ჯგუფი არ შედგა. ფერწერა ან გობელინი უნდა ამერჩია. არჩევანი დედამ გააკეთა და მეც გობელინზე აღმოვჩნდი.

სამწუხაროდ, ჩემს საყვარელ საქმედ ვერ დავიგულე ეს პროფესია და მალევე დავანებე თავი.. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში თოიძის სასწავლებელში ექსპრონტად გადავწყვიტე დასთან ერთად სიარული, იქაც ვერ მოვხვდი სასურველ პროფესიაზე და მალევე მასაც თავი დავანებე, სკოლის შემდეგ კი ტანსაცმლის დიზაინზე დავიწყე სწავლა, მაგრამ რატომღაც გულს ვერ ვუდებდი, ვხვდებოდი ის არ იყო რაც მსურდა და სულ ძიების პროცესში ვიყავი ხოლმე.

მახსოვს სოფელში, რომ ჩავდიოდი ბაბუა და ბებია თავის გამოცდილებას მიზიარებდა, უხაროდათ, რომ მათი პროფესიით დავინტერესდი, მაგრამ ვხვდებოდი ის არ იყო რაც მართლა მსურდა... შემდეგ ჩუმად გადავწყვიტე სამხატვრო აკადემიაში საბუთების შეტანა და გამოსაცდელად მაინტერესებდა რომელ ფაკულტეტზეც მოვხვდებოდი.

ჩემდა გასაოცრად ქანდაკებაზე მოვხვდი, არ ველოდი ნამდვილად, რადგან ქანდაკებაზე, როგორც ვიცოდი საკმაოდ კარგი მხატვრები ხვდებოდნენ. ამავდროულად ქანდაკება საკმაოდ რთული, რომ იყო ვიცოდი, მაგრამ სირთულეებს მარტივად არ ვნებდები, ეს ჩემი ხასიათის პრეროგატივაა.

ისიც მინდა აღვნიშნო რომ, მამაჩემი ხეზე მკვეთავია (ხის ოსტატსაც კი ვუწოდებ მე მას) სახლში მისი რამდენიმე ხეში გამოთლილი სკულპტურა გვაქვს. სურვილი რომ მოქანდაკე გავმხდარიყავი არასდროს მქონია.

 

Square 4x4 1

 

- ეს პროფესია თქვენი ბავშვობის ოცნებაა?

- პროფესიული ოცნება არასდროს მქონია, ოცნებას უფრო ისეთ დატვირთვას ვაძლევდი ყოველთვის, რომ ასრულება შეუძლებელი და წარმოუდგენელიც კი არის ამქვეყნად, რომელიც ადამიანის შესაძლებლობებს აჭარბებს… ასე ვთქვათ მატერიალურს არასდროს განვიხილავდი ოცნების საგნად..

 

-  როგორ მიაღწიეთ წარმატებას? რა ხერხები ან რა თვისებები დაგჭირდათ ამისთვის?

 

- წარმატება და წარუმატებლობაც ვფიქრობ, ადამიანის სწორ არჩევანზეა დამოკიდებული. თუ გიყვარს არჩეული საქმე და მის განვითარებას - შრომისმოყვარეობით ცდილობ, რა თქმა უნდა, წარმატებული იქნები.

ძიების პროცესში არცერთ პროფესიას არ ვუთმობდი ამდენ დროს, ენერგიას და ფიქრებს, რამდენსაც ქანდაკებას და მხატვრობას ვუთმობ. ჩემი აზრით, სრული ჩართულობა, გულწრფელობა და სიყვარული განაპირობებს პიროვნულ და პროფესიულ წარმატებებს.

 

-  რა არის თქვენი პროფესიის მთავარი მიზანი? რას ემსახურებით?

-  სიმართლე გითხრათ მიზანი, როგორც ასეთი, ჯერ არ დამისახავს, გამოვხატავ რასაც ვფიქრობ, რომ გამოსახატია. ვქმნი იმას რასაც განვიცდი და ხშირად განტვირთვასაც კი მივმართავ ხოლმე ამ კუთხით, მაგრამ რეალუარად ვიზუალური ხელოვნება ბევრად მეტის გამომხატველი პროფესიაა, მას მისტიური ძალაც აქვს, გნუსხავს და გითრევს თავის მორევში, მეტის სურვილს აღგიძრავს და სრულად შთანგთქავს, სანამ ბოლომდე არ დაიხარჯები - მორალურად და ფიზიკურადაც.

 

- როდის მოდის მუზა და ძირითადად რა სტილის მიხედვით მუშაობთ?

- მუზა ანუ ინსპირაცია, როგორც ასეთი ნებისმიერი რამ არის ჩემთვის, ეს იქნება განცდა, მოვლენა თუ მასალისგან ნაკარნახევი რამ, არ აქვს მნიშვნელობა. მე მას ყოველთვის ყველაფერში იმაზე მეტად ვხედავ და აღვიქვამ, რომ დროის სიმწირეს უფრო განვიცდი გადმოსაცემად. ამის გამო ყოველთვის დანაკლისი მაქვს ცხოვრებაში. იმდენი რამის გაკეთება მსურს. ხშირად ოჯახის წევრები და მეგობრები ნაწყენები მრჩებიან უყურადღებობის გამო.

ხელოვნების მოყვარულთა ის ნაწილი, რომელსაც ვიზუალური ხელოვნება უყვარს ჯერჯერობით მხოლოდ სტილიზებური ქანდაკებებით მიცნობს, რადგან მხოლოდ მათ ვუწევ აფიშირებას.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მონოტორულად ერთ ფორმებზე ვარ გადართული. მინდა აღვნიშნო, რომ სულ ძიებაში ვარ და ფიგურატიულ და აბსტრაქტულ ნამუშევრებსაც ვქმნი, რომლებსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გავუწევ აფიშირებას.

 

Square 4x4333

 

- თქვენი აზრით, რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას, რომ თქვენს პროფესიას დაეუფლოს?

მოქანდაკე რომ გახდე ადვილი ნამდვილად არ არის, როგორც ყველა სხვა დარგის პროფესიას ამასაც სრული ჩართულობა სჭირდება - მორალურიც და ფიზიკურიც.

 

- რას ურჩევდით მომავალ თაობას, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ თქვენი პროფესიის არჩევა?

რჩევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ჩემი მხრივ, მაგრამ ვეტყოდი იმას, რომ, თუ გსურს და გაინტერესებს ნებისმიერი პროფესია, უნდა დააკვირდეს და გაიაზროს რა არის ის მისთვის. თუ ის პროფესია, რომელსაც აირჩევს, საკუთარი - „მე“-ს გამომხატველია, სადაც უფრო მეტის შეცნობისა და ინტერესის სურვილი უღვივდება, ვფიქრობ, სწორედ იქ იქნება მისი ადგილი.. არ აქვს მნიშვნელობა ძიების პროცესში რამდენი დრო გავა და რამდენი წლის იქნები, მთავარია გაინტერესებდეს და მოგწოდეს შენი პროფესია.

წაკითხვა 1411 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 14 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.