"დიდი მწერალი, უპირველეს ყოვლისა, ფრაზით იცნობა"- დღეს ჯემალ ქარჩხაძის დაბადების დღეა

დღეს, ჯემალ ქარჩხაძის დაბადების დღეა:

"დიდი მწერალი, უპირველეს ყოვლისა, ფრაზით იცნობა, ანუ აზრის, სათქმელის ფორმულირების ხელოვნებით. ჯემალ ქარჩხაძის ფრაზა შთამბეჭდავია. იგი პარადოქსული ფრაზის დიდოსტატია. პარადოქსი უმეტესად ურთიერთგამომრიცხავი ცნებებით აიგება,რომლებიც კი არ აბათილებენ ერთმანეთს, აძლიერებენ.ამას ემყარება პარადოქსული ფრაზის ფეთქებადი ბუნება. პარადოქსულ ფრაზაში ძალიან მცირე ტერიტორიაზე ძალიან დიდი ინფორმაციაა კონცენტრირებული. არაჩვეულებრივია ჯემალ ქარჩხაძის იუმორი. მწერალი სიტუაციური კომიზმის ოსტატია, დახვეწილი, ხშირად შეფარული იუმორითაა გამსჭვალული საერთოდ მისი თხრობის მანერა... მაგალითად, მწერალი ერთგან წერს: "როცა კაცის არსებაში სახელი და დიდება შემოდის,იქიდან რამე უნდა განიდევნოს, რომ ადგილი იპოვოს. პირველ რიგში, იუმორის გრძნობა იდევნება." -  ლევან ბრეგაძე - "ჯემალ ქარჩხაძის ფრაზა"

 

* * *

"ყველა მწერალს თავისი განსაკუთრებული, სხვებისგან გამორჩეული წერის მანერა და სტილი აქვს. ჯემალ ქარჩხაძე ის მწერალია,რომელსაც განსაკუთრებული და გამორჩეული გემოვნების, ღრმა ინტელექტის მკითხველი სჭირდება. მისი ნაწარმოებები იკითხება ძალიან დიდი ინტერესით და არ შეიძლება პატარა მოთხრობის წაკითხვის მერეც კი რაღაც დიდი აღმოჩენის პატრონი არ გახდე, ადამიანური ჭეშმარიტების შემცნობი. მისთვის მწერლობა არის იარაღი, რომლითაც შეიძლება ადამიანი დაიცვა და, როგორც თვითონ ამბობს, სამშვიდობოს გაიყვანო. მწერლობა ხელოვნების დარგია და ,,ხელოვნება რელიგია-ფილოსოფიის ფესვზეა აღმოცენებული, და მეორე მხრივ - ხელოვნება თვითონაა ფესვი, რომელიც ერთ მხარეს რელიგიაში გადადის და მეორე მხარეს ფილოსოფიაში"(ჯ.ქ). რელიგია, ფილოსოფია და ხელოვნება, მწერლის თქმით, სამი ზღაპრული რაშია, რომლებიც ადამიანს ეხმარება, სამშვიდობოს გავიდეს.

 


სიტყვის ხელოვნება კი, ვფიქრობ, ყველაზე მეტყველი და შესაცნობი ხელოვნებაა. ამიტომ, ალბათ, ყველაზე მეტად ეკისრება ადამიანთა გადარჩენის მისია. სიტყვის პრეროგატივა უნდა იყოს, კაცობრიობა იხსნას სულიერი დეგრადირებისაგან. ხელოვნება და სიტყვა ილიამ და მისმა თაობამ ჩააყენა ხალხის სამსახურში, დიდი მისიაც დააკისრა და ამან თავის დროზე მართლაც უდიდესი სამსახური გაუწია ერს. ვფიქრობ, ჯემალ ქარჩხაძე უკვე მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ძალუმად ცდილობს იმავეს.

 


ქართველ კაცს სიტყვის ხატოვანი თქმა არ უჭირს, მით უფრო, რომ იგი საუკეთესო საშუალებაა ადამიანთა სულიერი მდგომარეობისა და ერთმანეთთან დამოკიდებულებების გამჟღავნებისა. მწერალი ამას ასე გამოხატავს: ,,ჩვენში ყოველი კაცი სიტყვის შემოქმედია. ჩვენში სიტყვა იმდენად კომუნიკაციის საშუალება არ არის, რამდენადაც სულის გმჟღავნებისა. სიტყვა ჩვენთვის ის ღმერთია, თან მოწიწებით შევციცინებთ და თან შინაურულად ბეჭებზე ხელს ვუტყაპუნებთ".

 


სიტყვაზე ასე შეთამამებულებშიც კი უცნაურად საცნაურია ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ მის წაკითხვას ფილოსოფიური სიღრმე და ინტელექტის გარკვეული დონე სჭირდება, საოცარი ინტერესით შეხვდა მას მოზარდი მკითხველი. მოთხრობები ,,იგი" და ,,რაჰათ-ლუხუმი" სასწავლო პროგრამში ჩაშვების შჱმდეგ მოსწავლეთა საყვარელ, გამორჩეულ ნაწარმოებებად იქცა. ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბავშვებმა გაიგეს, რომ ჯემალ ქარჩხაძე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია. ამან გარკვეული სიამაყეც გამოიწვია. ამიტომაც აუცილებლად ჩავთვალეთ, ჩვენს შკოლაში ყოფილიყო ოთახი, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის სახელს ატარებდა. ჩანაფიქრი რეალობად იქცა. 8 აპრილს ქალბატონი ნანი ჟრჟოლიანის ძალისხმევითა და ქალბატონი მედეა ჩოგოვაძის მონდომებით მეორე საჯარო სკოლაში გაიხსნა მწერლის სახელობის კლას-კაბინეტი. მწერლის გამონათქვამებით დაამშვენეს ბავშვებმა კედლები. შევქმენით კედლის გაზეთი, რომლითაც პირველი გაცნობა შედგა.

 


ვფიქრობ, ეს მხოლოდ საფუძვლის ჩაყრაა. ვიმედოვნებ, რომ ინტერესი უკვე აღძრულია და ჯემალ ქარჩხაძის კლას-კაბინეტის გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია იქითკენ, რომ აღვზარდოთ წიგნიერი ახალგაზრდობა, რაც ასე დეფიციტია დღეს, და ჩამოვაყალიბოთ გემოვნებიანი მკითხველი."


მაია კოპალიანი

წაკითხვა 69 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 13 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.