როგორი საახალწლო ტრადიციები იყო ძველად იმერეთში

FirstNews.ge გთავაზობთ ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის დავით შავიანიძის ბლოგს:

საქართველოში გავრცელებულ დღესასწაულთა კალენდარში განსაკუთრებული ადგილი  შობა-ახალ წელს უჭირავს. ახალი წლის დღესასწაულის დრო და რიცხვი საქართველოში რამდენჯერმე შეიცვალა. 20 საუკუნის წინ, წინარექრისტიანულ ხანაში ჩვენში ახალ წელს ეგებებოდნენ აგვისტოს თვეში. ქრისტიანობის შემდეგ ახალი წლის დასაწყისად სხვადასხვა დროს მკვიდრდება, პირველი მარტი და პირველი სექტემბერი. დაახლოებით მეცხრე-მეათე საუკუნიდან, სხვა ქრისტიანული ქვეყნების მსგავსად, ახალი წლის აღნიშვნა პირველი იანვრიდან დაიწყო. დღემდე არსებული ტრადიციით, ეკლესია საახალწლო პარაკლისს იხდის პირველ /ძველი სტილით 14/  სექტემბერს. დღეს ახალი წელი 1 იანვარს აღინიშნება, მაგრამ გაორება მაინც გვაქვს /ძველი და ახალი სტილის შესაბამისად.

 

ახალი წლის შეხვედრის რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მცირედით განსხვავებულია, თუმცა დღესასწაულის შინაარსი და ხასიათი მთელ საქართველოში ერთია.

 

იმერეთში, საახალწლო გობზე დასადებ მამალს ვენახში დაკლავდა მამაკაცი, რადგან ვაზი „სამამაკაცო, ქართველი კაცის ყოფისა და კულტურის შემქმნელი და განმსაზღვრელია“. ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი მამაკაცი ოჯახის წევრებს თაფლს შეაჭმევდა დარჩენილი ცხოვრების ტკბილად გატარების რწმენით. პირველად ფულს მოჰკიდებდნენ ხელს - „ფულის ბარაქა გვექნებაო“, ახალი წლის დილას შქერის ფოთლით პირს დაიბანდნენ - „ლამაზი სახე გვექნებაო“.

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ თემში ახალი წლის დილას მამალს კოდავდნენ; ოჯახის უფროსი სახლს შემოუვლიდა „ვაზის პურით“, დოქი ღვინითა და დაკოდილი მამლით და ვენახში მიდიოდა, სადაც უხვი მოსავლის თხოვნით ლოცვას აღავლენდა. აქ, ვაზის პურს ღვინოს დააყოლებდა, ნაწილი კი მამალთან ერთად კვლავ სახლში მიჰქონდა.

 

მეკვლე

კალენდარული ახალი წელი ახალი იმედებისა და სიკეთის მომტანი სახალხო დღესასწაულია. საქართველოში ახალი წლის დღესასწაულის მთავარი რიტუალია საახალწლო საჩუქრებით დატვირთული მეკვლის მოსვლა. მეკვლე - პირი, ვინც პირველი შემოვა ოჯახში ახალი წლის დადგომის შემდეგ.

 

„ფეხბედნიერ მეკვლეს“ ოჯახში შემოაქვს სიკეთე, კარგი ბედი, ოჯახის წევრთა წარმატებები, გამრავლება, ქონების შეძენა და ა.შ. ფიქრობენ, რომ მეკვლეს თუ კარგი ფეხი აქვს, მომავალი წელი ბედნიერი იქნება, თუკი მეკვლეს ცუდი ფეხი აღმოაჩნდება, ოჯახს წელი ცუდად წაუვა. „მეკვლე“ ჩვენი აზრით უკავშირდება „კვალის“ გავლებას და მეფეხე სემანტიკურად უკავშირდება „ფეხს“. მეკვლე <- მე-კვალ-ე უფრო არქაული წარმოებისაა, ვიდრე მეფერხე. მეკვლე უკავშირდება იმ პერიოდს, როცა ახალი წელი იწყებოდა პირველ მარტს - გაზაფხულზე. ჩანს, მარტში ყანაში პირველი ხნულის/პირველი კვალის გავლებასთან იყო დაკავშირებული საახალწლო რიტუალი. ამ შემთხვევაში მეკვლის ფეხბედნიერება გულისხმობდა კარგ მოსავალს. საქართველოში მიწათმოქმედება ტრადიციული კულტურაა, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის საშემოდგომო ნობათი დიდი მნიშვნელობისა იყო ქართველისათვის. საფიქრებელია, რომ მეფერხე  (მე-ფერხ-ე<-მე-ფეხ-ე), მ-ფერხ-ავ-ი (აგრეთვე მა-კურჩხ-ულ-ი, მ-ჭიშხ-ობ...) ქართველის ცნობიერებაში წარმოიშვა ახალი წლის იანვარში გადმოტანის შემდეგ, ხოლო ხნულში კვალის გავლება - მეკვლეობა - ტრანსფორმირდა კეთილი ადამიანის მიერ ოჯახში კარგი „ფეხით“ შემოსვლად. „მეკვლე“ უპირველესი სტუმარია, რომელსაც მფარველი ანგელოზი მოჰყვება. მეკვლედ/მეფეხურად საქართველოში ირჩევდნენ დაღვინებულ, დამდგარ მამაკაცს, რომელიც სოფელში, თემში ცნობილი იყო თავისი კარგი ფეხით, გულუხვობით, ლოცვის გამჭრეობით (ანუ მისი ლოცვა „ჭრიდა“, მივიდოდა), პატიოსნებით, ბარაქიანობით, შრომისმოყვარეობით. მეფეხური უნდა ყოფილიყო სავსე, ბედნიერი ოჯახის წევრი. ტრადიციულად, მეკვლის ფეხი „უფრო ჭრიდა“, თუკი იგი უბრად, ანუ არავისთან შენახვედრი და დაულაპარაკებელი მოვიდოდა ოჯახში.

 

ჩიჩილაკი

ტრადიციულად, ძირითადად დასავლეთ საქართველოში /გურია, სამეგრელო, იმერეთი.../ ახალ წელს ოჯახი ირთვება „ჩიჩილაკით“. ჩიჩილაკს სახლში აჩერებენ ნათლისღებამდე - 19 იანვრამდე. ნათლისღების დღესასწაულზე გაიტანენ მას სახლიდან და დაამაგრებენ ვენახში ან ტალავერზე. „ჩიჩილაკის“ კულტურა დაიჩრდილა საბჭოთა პერიოდში /საქართველოშიც გაბატონდა სათამა­შოებით დახუნძლული „ნაძვის ხე“/, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ოჯახებში „ჩიჩილაკი“ იბრუნებს ტრადიციულ ადგილს.

 

ტრადიციები ერის კულტურასა და ისტორიაზე მიუთითებენ. მომხრენი ვართ განვითარების, სიახლის მიღების, ოღონდ ისინი უნდა მოვარგოთ ქართულეთნიკური მენტალობის მიერ შემუშავებულ ტრადიციების.

წაკითხვა 877 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 27 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.