ნიკო დადიანი სასტიკი წინააღმდეგი იყო რუს ჩინოვნიკთა მცდელობისა, მეგრული ანბანი შემოეღოთ... - რას წერდა სამეგრელოს უფლისწულზე ბრიტანული პრესა?

რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ სამეგრელოს უბრწყინვალესი თავადის, ნიკო დადიანის სახელი მთელ ევროპაში გახმიანდა.
 
 
მიზეზი ის იყო, რომ რუსეთის საიმპერიო კარმა ბულგარეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტად სწორედ სამეგრელოს უგვირგვინო უფლისწული წარადგინა. უგვირგვინო იმიტომაც, რომ ნიკომ 20 წლის ასაკში საკუთარი ნებით უარი თქვა სამეგრელოს სამთავრო ტახტზე. უარის სანაცვლოდ მას რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ "უბრწყინვალესი თავადი მინგრელსკის" ტიტული უბოძა და დიდი პენსიაც დაუნიშნა.
 
 
 
ნიკო დადიანის მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე გამოჩენას დიდი ხმაური მოჰყვა. ევროპელი ჟურნალისტები მის შესახებ ნებისმიერი წვრილმანის გამოკვლევას ცდილობდნენ. დღეისთვის ეს მასალა ფასდაუდებელი წყაროა, რადგან ბევრ ისეთ დეტალს ან კულუარულ ინფორმაციას შეიცავს, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი ვიცოდით, ან ყურადღებას არ ვამახვილებდით. ამ მხრივ გამორჩეული პუბლიკაციაა 1886 წლის 23 დეკემბერს, ლონდონში, გაზეთ The Times-ში გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით "სამეგრელოს მთავარი ნიკოლოზი (ნიკო)". ეს პუბლიკაცია ჩვენ ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოვიტანეთ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტზე ("უცნობი ინგლისური მასალები საქართველოს შესახებ - ტიუდორების არქივი") მუშაობისას.
 
 
 

აღნიშნული მასალა ხელოვნების სასახლის მეცნიერ-თანამშრომელმა, პროექტის წევრმა მერი ხარაიშვილმა თარგმნა. პუბლიკაცია გამორჩეულია რამდენიმე გარემოების გამო: პირველი, ის შეიცავს სამეგრელოს სამთავრო კარსა და რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებას შორის არსებული კულუარული დაპირისპირების იმ დეტალებს, რომელთა შესახებ აქამდე ასე გახსნილად არაფერი ვიცოდით და მეორე, და უმთავრესი, პუბლიკაციაში ბრწყინვალედაა გაანალიზებული რუსეთის ის დამღუპველი იმპერიული პოლიტიკა, რომელსაც ცარისტული ხელისუფლება თავისი "მოკავშირეების" მისამართით წარმართავდა.

 


პუბლიკაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას სრულად ვაქვეყნებთ:

 



"სამეგრელოს მთავარი ნიკოლოზი (ნიკო)
(ჩვენი კორესპონდენტისგან)
კონსტანტინეპოლი, 14 დეკემბერი.

 

 

ვინაიდან რუსეთის მხრიდან ბულგარეთის სამეფო ტახტზე წარდგენილი კანდიდატის შესახებ უკვე ბევრი საუბრობს, უმჯობესი იქნება, თქვენს მკითხველს სამეგრელოს მთავრის, მისი პერსონისა და ოჯახის შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები მივაწოდოთ. თავადი ნიკოლოზ (Nicolas) დადიანი (სწორი ქართული ჟღერადობით გვარის დაბოლოება ი წარმოთქმულია, როგორც იტალიური ი (ee)) დიდი გვარის შთამომავალია და განსაკუთრებულად განვითარებული უნარ-ჩვევებით ხასიათდება. თუმცა მისი ზოგადი განათლება ისეთივეა, როგორიც პარიზში განათლებამიღებული ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცისა. ცნობილია, რომ დადიანების ოჯახი რამდენიმე წლის განმავლობაში პარიზში ცხოვრობდა; დადიანებს მიურატების ოჯახთან ნათესაური კავშირი აქვთ, რადგან თავადი ნიკოლოზის და პრინც პ. მიურატის მეუღლე გახლავთ (იგულისხმება სალომე დადიანი და მისი მეუღლე აშილ შარ ლუი ნაპოლეონ მიურატი (1847-1895). - გ. კ.).
 
 
 
ნიკო დადიანი, მისი მეუღლე მერი ადლერბერგი და მისი დედა, დგას გრიგოლ დადიანი
ფოტო: ნიკო დადიანი, მისი მეუღლე მერი ადლერბერგი და მისი დედა, დგას გრიგოლ დადიანი
 
 
 
 
ამ დრომდე, თავად ნიკოლოზ დადიანს პოლიტიკაში მყარი შეხედულებები არ გამოუმჟღავნებია, რადგანაც იგი მეფის ადიუტანტია და შესაბამისად, ვალდებულია თავი შეიკავოს ნებისმიერი პოლიტიკური მოსაზრებების საჯაროდ გამოხატვისგან. ახლო მეგობრების აზრით, თავადს გულის სიღრმეში რუსული ადმინისტრირების სისტემა არ მოსწონს. აღსანიშნავია, რომ ეს აზრი დაუჯერებლად სულაც არ ჟღერს, ვინაიდან, 1803 წელს მის მშობლიურ ქვეყანასა და რუსეთს შორის გაფორმებული "ანექსიის" სახელით ცნობილი ხელშეკრულების თანახმად, სწორედ რუსებმა აიძულეს იგი იმ ქვეყნის მემკვიდრეობით მიღებული სამთავრო უფლებები დაეთმო, რომელსაც ნიკოს მამა ალექსანდრე II-ს გამეფებამდე მართავდა. ვიცით, რომ საკუთარი თავისუფლების გარისკვის ფასად, ნიკომ სამეგრელოში რუსიფიკაციის ძალადობრივი მეთოდების წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროტესტი ფორმალურ ხასიათს ატარებდა, იმ ძალისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომლის მოწყალების იმედადაც სამეგრელოს მთავარი იყო, მის გარკვეულ მორალურ გაბედულებასა და სიმამაცეს უსვამდა ხაზს. მით უმეტეს, რომ კავკასიის რეგიონში, ანალოგიური რუსული დესპოტური ქმედებებისგან აფხაზი ხალხის უფლებების დაცვაში დადანაშაულებულ მის ნათესავს, აფხაზეთის მთავარ გიორგი შერვაშიძეს რამდენიმეწლიანი გადასახლება მიესაჯა".
 
 
 
 
(XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან რუსულ ჟურნალ-გაზეთებში გამოჩნდა სტატიები, რომლებიც მიმართული იყო ქართველი ერის დაშლა-დანაწილებისკენ. გიორგი წერეთელი (1842-1900) იმხანად პეტერბურგში მყოფ კირილე ლორთქიფანიძეს წერდა: "ნამესტნიკის ხელქვეითმა პირებმა შეადგინეს ერთი პროექტი, რომელსაც აზრში აქვს აღმოფხვრას ჩვენი სახსენებელი... ამტკიცებენ სტატიებით, რომ მეგრელები სხვა ტომისანი არიან და უნდა სხვაგვარი ანბანი შევუდგინოთო". ყველაფერი 1881 წელს გამოსული დადგენილებით დაიწყო. 1881 წლის 13 იანვარს კავკასიის მეფისნაცვალმა დაამტკიცა კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის, კირილ იანოვსკის (1878-1901) წარდგენილი პროგრამა, რომლის მიხედვითაც რუსეთის იმპერიაში სწავლა ადგილობრივ ენაზე უნდა წარმართულიყო. ამ დადგენილების შექმნის მიზეზი იმპერიის ტოლერანტობითა და ჰუმანურობით ნამდვილად არ აიხსნება. ჩაითვალა, რომ მეგრელთათვის ადგილობრივი ენა მეგრული იყო და შესაბამისად, სკოლებსა და სხვადასხვა სასწავლებელში სწავლება მეგრულად წარიმართებოდა. კირილ იანოვსკის ამ გეგმამ აღაშფოთა ქართველი მამულიშვილები. ილია ჭავჭავაძესთან, იაკობ გოგებაშვილსა და სხვა მოღვაწეებთან ერთად, ნიკო დადიანი სასტიკი წინააღმდეგი იყო რუს ჩინოვნიკთა მცდელობისა, სამეგრელოში საეკლესიო ენად მეგრული დაემკვიდრებინათ და მეგრული ანბანი შემოეღოთ. - გ.კ.).
 
 
 
 
"..1885 წლის გაზაფხულზე, მაშინ როცა რუსეთის მთავრობამ სკოლებში ქართული ენის გამოყენება აკრძალა და ქართულ დიალექტზე მოსაუბრე მეგრელები იძულებულნი გახადა, ყველა საგანმანათლებლო მიზნობრიობისათვის რუსულ ენა გამოეყენებინათ, თავადმა ნიკოლოზმა ქართულ აკადემიას (The Georgian Academy) დადიანთა ოჯახის უძვირფასესი ბიბლიოთეკა გადასცა. ბიბლიოთეკა სკრუპულოზურად იყო დალაგებული ნიკოს მამის დავით დადიანის მიერ, რომელიც ფრანგი ორიენტალისტის მარი ბროსეს ნაშრომში "ანგარიში არქეოლოგიური მოგზაურობის შესახებ" (Rapport sur un voyage Archeologique) მოხსენიებულია, როგორც უაღრესად დაფასებული მწერალი. აღსანიშნავია, რომ ასობით უნიკალურ ნაშრომთან ერთად, ბიბლიოთეკა მოიცავს X და XI საუკუნეებით დათარიღებულ მნიშვნელოვანი რაოდენობის ხელნაწერებს.
 
 
 
ნიკო დადიანის მეუღლე მერი ადლერბერგი
ფოტო: ნიკო დადიანის მეუღლე მერი ადლერბერგი
 
 
 
 
სამშობლოში მყოფი მეგობრების აზრით, თუ თავადი ნიკო ბულგარეთის სამეფო ტახტზე ავა და ბულგარელების მხრიდან იმავე მხარდაჭერას მიიღებს, რაც თავის დროზე ბულგარეთის სამთავროს პირველ მმართველს ალექსანდრ ბატენბერგს (1857-1893) ჰქონდა, უდავოა, რომ იგი ქვეყნის ლიბერალურ პოლიტიკას აირჩევს და რუსების ინსტრუმენტად ან მარიონეტად ყოფნას არაფრით დაუშვებს. ამ მოსაზრებას მნიშვნელოვნად ამყარებს პრინცის ძველი მასწავლებლისა და მეგობრის, უაღრესად პატივდებული და ღირსეული მოღვაწის - დიმიტრი ყიფიანის ფაქტორიც, რომელსაც ლიბერალური პატრიოტული მოსაზრებებით დაინტერესების გამო, რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ ავიწროებდა. გარდა ამისა, 1831-1832 წლების შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, რომელიც საქართველოს რუსეთის იმპერიის დესპოტიზმისგან გათავისუფლების იდეისკენ მიმართულ ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზებულ წინააღმდეგობრივ მოძრაობას წარმოადგენდა, დიმიტრი ყიფიანი დასავლეთ რუსეთში გადაასახლეს, სადაც მან მეცნიერებისა და ლიტერატურის შესწავლა მოახერხა. ამ დროისთვის იგი ბრწყინვალედ ფლობს რამდენიმე ევროპულ ენას, სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში გამოაქვეყნა შექსპირის პიესების უბადლო თარგმანები, ასევე სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის სტატიები სხვადასხვა ენის გრამატიკის საკითხების შესახებ.
 
 
 
 
სამშობლოში დაბრუნებულმა დიმიტრი ყიფიანმა, არჩევნებში რუსეთის მიერ ნომინირებული კანდიდატურა დაამარცხა და ტფილისის თავი გახდა, ამის შემდეგ კი იყო ქართლის (Georgian), იმერეთისა და სამეგრელოს გუბერნიების თავადაზნაურობის წინამძღოლი. გასული წლის ოქტომბერში, 76 წლის ყიფიანი, ქართველთა მოქალაქეობრივი უფლებების დაცვის შესახებ მთავრობისადმი გაგზავნილი მიმართვის გამო კიდევ ერთხელ გადაასახლეს.
 
 
 
 
თავადი ნიკოსთვის არანაკლებ ძვირფასი და მნიშვნელოვანი დამრიგებელი გახლდათ ირაკლი ლორთქიფანიძე, რომელიც 5 წლის წინ გარდაიცვალა და რომელიც თავადის დედის, დედოფალ ეკატერინესთვის სამეგრელოს რეზიდენციაში ავტონომიური პრივილეგიის შესანარჩუნებლად რჩევასა თუ გამხნევებას არ იშურებდა. ცნობილია, რომ ირაკლი ლორთქიფანიძის მიერ დედოფლისადმი მიწერილი წერილები, სადაც იგი ეკატერინეს მოუწოდებდა, არ დანებებოდა რუსთა დამპყრობლურ პოლიტიკას, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელში ჩაიგდეს და მას გადასახლებით დაემუქრნენ; თუმცა ლორთქიფანიძემ შეძლო მათთვის მტკიცედ და გაბედულად ეპასუხა, რომ როგორც ახალგაზრდა პრინცის მეურვეს, მის უპირველეს ვალდებულებას დადიანთა ოჯახის მემკვიდრეობითი უფლებების დაცვა წარმოადგენდა.
 
 
 
 
შედეგად, რუსეთის მთავრობა ქვრივ დედოფალს დაემუქრა, - იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დათმობდა საკუთარ სამთავრო უფლებებს საკუთარივე ნებით, მაშინ თავისი შვილების ბედი იმ ახალგაზრდა აფხაზი თავადების მსგავსად განვითარდებოდა, რომლებსაც საკუთრების მემკვიდრეობა უკვე ჩამორთმეული ჰქონდათ. დედოფალი ეკატერინე პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი იყო, ხოლო მისი და ნინო 1829 წელს, თეირანში მოკლული სპარსეთის ელჩის - გრიბოედოვის მეუღლე გახლდათ.
 
 
 
 
სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა (ფრანც ქსავერ ვინტერჰალტერი, დაახლოებით 1865 წ.)
ფოტო: სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა (ფრანც ქსავერ ვინტერჰალტერი, დაახლოებით 1865 წ.)
 
 
 

დაქვრივებული დედოფლის ძმა - თავადი დავითი, რომელიც რუსეთის არმიაში გენერალ-ლეიტენანად მსახურობდა, 1884 წელს გარდაიცვალა. მისი დიდძალი ქონება კი სამეფომ ერთ მილიონ რუბლად შეიძინა.

 

 

კავკასიის ამ უძველესი დინასტიის შთამომავლებს ერთი განსაკუთრებული ნიშან-თვისება აერთიანებთ, რომელსაც ისინი მუდამ ერთგულად და მტკიცედ იცავენ. ეს თვისება მათი მხრიდან, ქვეყნის მუსლიმანი მოსახლეობისადმი გამოჩენილი მეტად ტოლერანტული და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავის მხრივ მუსლიმანებიც არ იშურებენ კეთილგანწყობასა და პატივისცემას მმართველთა მიმართ. მუსლიმანთა მტრული განწყობა მხოლოდ რუს მაღალჩინოსნებზე ვრცელდება, რადგან ეს უკანასკნელნი ყოველ ჯერზე ავლენენ მუსლიმანი მოსახლეობისადმი უსამართლო და მჩაგვრელურ მოპყრობას.
 
 
 

ცალკე აღნიშვნის ღირსია რუსეთის მიერ კავკასიის ქვეყნების მიმართ შემუშავებული სამოქმედო სისტემა, რომელსაც იგი ისტორიული განვითარების გზაზე სხვადასხვა ქვეყნებთან გამუდმებით იყენებს და რომელიც დღევანდელი ბულგარეთის საკითხშიც ზუსტად ირეკლება.

 

 

თავდაპირველად რუსეთის მთავრობა იძულებით ან მზაკვრულად თითქოსდა ქრისტიანი მოსახლეობის მჩაგვრელებისგან დაცვის მიზნით იწყებს ჩარევას ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. ერთი შეხედვით, არ არსებობს დამპყრობლური ან ანექსიისკენ მიმართული ზრახვები, თუმცა ავტონომიის უფლებების დამცველისა და განმათავისუფლებლის მანტიას ამოფარებული, რუსეთი ახერხებს ადგილობრივ მმართველებთან საზეიმო რეჟიმში მოაწეროს ხელი მისთვის სასურველ ხელშეკრულებებსა თუ ქარტიებს.
 
 
 
 
როგორც წესი, ეს შეთანხმებები, დროთა განმავლობაში ან ირღვევა, ან უხეშად იგნორირდება სხვადასხვა ინტრიგისა თუ ქედმაღალი სამხედრო წარმომადგენლების მიერ. ის ადგილობრივი მთავარნი, რომლებმაც მმართველობის უფლება მემკვიდრეობით მიიღეს, სამეფო კარის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ სანქტ-პეტერბურგში იგზავნებიან, მათი ოჯახის ახალგაზრდა წევრები კი განათლებას რუსულ სკოლებში, გარკვეულწილად არაჯანსაღ გარემოსა და საეჭვო მორალის მქონე საზოგადოებაში მანამდე იღებენ, სანამ ქვეყნის დასაპყრობად საჭირო ნიადაგი სრულად არ მომზადდება და რუსული შენიღბვისა და დიპლომატიური ფარსის გამომჟღავნება უსაფრთხო არ გახდება. ამ დროს მოსკოვი მართალია უკანონოდ, თუმცა უზენაესი მმართველის აბსოლუტური გავლენით ქვეყანაში სრულად დომინირებს. სამხედრო ძალის მხრიდან რუსეთის სამეფო (Czar) უზრუნველყოფილია ძალაუფლების შენარჩუნებაში, ავტონომიური ადმინისტრაციის თავდაპირველი ნიშნების აღმოფხვრასა და უძველესი ინსტიტუტების ან ლიბერალური იდეების სასარგებლოდ გავლენის მქონე ყველანაირი საფრთხის აღმოფხვრაში".
 
 
 


გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი, პროფესორი
 
 
ჟურნალი "ისტორიანი"#100
წაკითხვა 1769 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.